ეროვნული ნაკრების ისტორია: სომხეთი 0:0 საქართველო
„გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროპა, მხარს უჭერს მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში. ამ საქმეში წარმატების გარანტია საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გონივრული პოლიტიკა“ – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი.
ეს სიტყვები 2000 წლის 6 აპრილს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული ვეტერანთა მატჩისთვის დაბეჭდილ პროგრამაში წერია. ფეხბურთის ვარსკვლავები პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდასაჭერად – ასეთი იყო იმ თამაშის დევიზი და ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე გაიმართა.
ქართველი და გერმანელი ვეტერანების ამხანაგური შეხვედრის გამართვა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ითავა. და უნდა ითქვას, რომ ჩანაფიქრი შესანიშნავად განახორციელა, ყოველ შემთხვევაში, სტუმართა შემადგენლობა ჩინებული იყო, თამაშიც კარგად ჩატარდა და ტრიბუნებზეც მოულოდნელად ბევრი, ოცდაათ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა. ამდენი მაყურებელი იმ დროს ეროვნული პირველობის მატჩებზე ნამდვილად არ დადიოდა.
გერმანელებმა, რომელთა გუნდისთავი 70-80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მანფრედ კალცი გახლდათ, ხოლო ლიდერი ბერნდ შუსტერი, ეროვნული ნაკრების მწვანე ფორმით ითამაშეს, მასპინძლებმა კი ნაკრების ეკიპირების ნაცვლად დინამოს მუქი ლურჯი მაისურები და შორტები მოირგეს.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა, მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ელოშვილის გადაწყვეტილებით, ასეთი იყო: დავით გოგია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, ზაურ სვანაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპიტანი), თენგიზ სულაქველიძე, გრიგოლ ცაავა, რამაზ შენგელია, ლევან ნოდია. სხვადასხვა დროს შეცვლაზე შევიდნენ ოთარ გაბელია, გია ფირცხალავა, გელა ინალიშვილი, მალხაზ არზიანი, გია ჯიშკარიანი, გია ჯოხაძე, ბესო მჭედლიშვილი, ოთარ კორღალიძე და გოჩა ჩიქოვანი.
რაც შეეხებათ გერმანელებს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პროგრამაში ოცდახუთი ფეხბურთელი იყო ჩამოთვლილი, ისინი თოთხმეტი მოთამაშით გვესტუმრნენ. სტუმართა კარს მხოლოდ დიტერ ბურდენსკი იცავდა, წინ კი, კალცის და შუსტერის გარდა, ბერნდ ფიორსტერმა, მათიას ჰერგეტმა, მიხაელ შულცმა, ბერნდ ჰოლცენბაინმა, მირკო ვოტავამ, გიუნტერ ჰერმანმა, კლაუს ფიშერმა და სხვებმა ითამაშეს. მათი მწვრთნელი იორგ ბერგერი გახლდათ.
გულშემატკივრებმა ერთადერთი გოლი იხილეს, კლაუს ფიშერმა გაახარა თანაგუნდელები. ანატოლი მილჩენკოს საფინალო სასტვენის შემდეგ მეტოქეები მინდვრის კიდესთან შეგროვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, შემდეგ კი პატარა გულშემატკივრები ავტოგრაფებით გაახარეს. „მესამე ტაიმს“ რესტორანმა არაგვმა უმასპინძლა.
„ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე ამას ვიტყვი – საქართველოში 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თუნდაც ამ თამაშად ღირდა“ – დაწერა სარბიელში კონსტანტინე გოგიშვილმა.
სამი დღის შემდეგ, 2000 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ედუარდ შევარდნაძემ ამომრჩეველთა ხმების 79.04% მიიღო, მის მთავარ კონკურენტს, ჯუმბერ პატიაშვილს კი 16.66% ერგო. მთავარი კონკურენტი იმიტომ დავწერე, რომ მათ გარდა პრეზიდენტის პოსტისთვის ქართლოს ღარიბაშვილი, ავთანდილ ჯოგლიძე, თენგიზ ასანიძე, ვაჟა ჟღენტი და როინ ლიპარტელიანიც იბრძოდნენ.
ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველო პრეზიდენტს ირჩევდა, გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ფოლკერ ფინკეს გაწვრთნილი ფრაიბურგი დუისბურგს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შავ-წითლები ალექსანდრე იაშვილმა დააწინაურა 49-ე წუთზე.
სამ დღეში ფრაიბურგმა გერმანული ფეხბურთის გიგანტს, მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა. ამ მატჩშიც ქართველმა გახსნა ანგარიში: ოლივერ კანმა მე-11 წუთზე ვერაფერი მოუხერხა ლევან კობიაშვილის დარტყმულ ბურთს. მიუხედავად ამისა, გამარჯვება და სამი ქულა მაინც ბავარიელებს დარჩათ (2:1). ეს შეხვედრა კიდევ ერთი ამბით ემახსოვრებათ ქართველ ქომაგებს: მატჩის მიწურულს ოლივერ კანს ფრაიბურგის ქომაგის ნასროლი ბოთლი მოხვდა თავში, წარბი გაუსკდა. თამაში დროებით შეწყდა, შტეფან ეფენბერგმა მეკარის ფორმა გადაიცვა და კარში ჩაგდომას აპირებდა, თუმცა ნერვებმოშლილი და სისხლით სახემოთხვრილი კანი მინდვრიდან არ გავიდა, თავშეხვეულმა დაასრულა მატჩი…
„ძირითად ბირთვზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ამ ტურნირზე საუკეთესო შემადგენლობით არ გვითამაშია. ეგ კი არა, თითქმის არ წაგვიყვანია ლეგიონერები, მეტიც, რეგლამენტის გამო 1979 წელს დაბადებულები საერთოდ ვერ გამოვიყენე, მხოლოდ 1980 და შემდგომ წლებში დაბადებულებს ვუხმე. ასე რომ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. თუმცა, ეს შეჯიბრება ძალიან წაგვადგა და მიხარია, რომ ბიჭებმა თავი არ შეირცხვინეს“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ ხურცილავამ საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ.
აპრილის დასაწყისში საფრანგეთმა, უფრო კონკრეტულად კი დაბა სენ ჟან დე ლუზმა საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, სადაც ქართველების და მასპინძლების გარდა ალჟირის, დანიის, ბრაზილიის, ხორვატიის, ბოლივიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ასაკობრივმა ნაკრებმა იასპარეზა. უცნაური ის იყო, რომ გუნდები 30-წუთიან ტაიმებს თამაშობდნენ.
ხურცილავას გუნდმა ჯგუფი გოლის გაუშვებლად მოიგო: ალჟირს 3:0 (ვალერი გაგუა 2, გია იმედაძე) სძლია, დანიას და ბრაზილიას კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0, შესაბამისად ცეზარ ხუროძის და დავით დიღმელაშვილის ზუსტი დარტყმებით.
ნახევარფინალში ქართველები ხორვატებთან დამარცხდნენ, თუმცა მხოლოდ პენალტების სერიაში – 1:3 ძირითად დროში 1:1-ის (ვალერი აბრამიძე) შემდეგ. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის შეხვედრას, ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ალჟირს და ამჯერად მხოლოდ თერთმეტმეტრიანებში გატეხეს მეტოქე – 2:1. როგორც მაშინ ითქვა, ძირითადმა მეკარემ ზურაბ ბათიაშვილმა სასწაული მოახდინა, 4 დარტყმა მოიგერია!
22 აპრილს, გერმანიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ფრაიბურგმა გელზენკირხენის შალკე 04-ს 2:1 სძლია. ლევან კობიაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა, მეორე დღეს კი კლუბის ხელმძღვანელობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა და ბიჭების სანაკრებო შეკრებიდან გათავისუფლება სთხოვა. დავით ყიფიანს და რევაზ ძოძუაშვილს ბევრი არ უფიქრიათ, კობიაშვილს და იაშვილს გერმანიაში დარჩენის უფლება მისცეს.
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას და გენერალური მდივნის ვალერი ჩოლარიას თანხლებით ერევნისკენ თამაშამდე ერთი დღით ადრე, 25 აპრილს გაემგზავრნენ.
თითქმის ექვსსათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი დელეგაცია სასტუმრო ანის მიადგა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართველებს ერევანში შეეგება, მიხეილ ყაველაშვილი იყო. შვეიცარიის ციურიხში მოთამაშე თავდამსხმელი სომხეთის დედაქალაქში 24 აპრილს, საღამოს ჩავიდა.
„თბილისში წაგებული 0:7 სომხური ფეხბურთის ისტორიის შავი ფურცელია. მაშინ სირცხვილნაჭამი დავრჩით და ახლა ვეცდებით საქართველოს ნაკრებისთვის სამაგიეროს გადახდას. არ ვამბობ, რომ შვიდბურთიანი სხვაობით მოგიგებთ, მაგრამ ღირსეული რევანშის იმედი კი მაქვს. თან, მეტოქე უძლიერესი შემადგენლობით არ იქნება, ასე რომ“… – სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარუჟან სუკიასიანი იმედიანად იყო.
ყიფიანი და ძოძუაშვილი კი სომეხ ჟურნალისტებს ჰრაზდანზე, ვარჯიშის დასრულების შემდეგ გაესაუბრნენ:
„ერევანში თამაში გაცილებით მძიმეა, ვიდრე, ვთქვათ, რუმინეთში ან იტალიაში. კარგად მახსოვს თბილისის დინამოს სტუმრობის დროს ერევანში რა ხდებოდა. დარწმუნებულნი ვართ, სომეხი გულშემატკივრების თვალწინ თავს არ შევირცხვენთ…
საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათ დიდი ფსიქოლოგიური გამოცდა ელით. ხვალ და ზეგ სწორედ ეს ბიჭები უნდა მოვიდნენ ეროვნულ გუნდში, ასე რომ, დროა შესარჩევი მატჩებისთვის აქედანვე მოემზადონ…
სომეხ ჟურნალისტებთან ერთადერთი თხოვნა მექნება. დაწერეთ, მთავრობას ხმა მიაწვდინეთ, სთხოვეთ, რომ გაუფრთხილდნენ ამ ჩინებულ სტადიონს. უპატრონეთ, სულ ნუ წაახდენთ, აქ დიდებული მატჩები გამართულა“, – ამ სიტყვებით დასრულდა ქართველი მწვრთნელების პრესკონფერენცია.
26 აპრილს, სომხეთის დროით 13 საათზე, ერევნიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარე ქალაქ არტაშატში ახალგაზრდული გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ოთარ ხიზანეიშვილიც, რომელსაც მურთაზ ხურცილავა აღარ ელოდა, თუმცა ფეხბურთელი შუაღამით, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეუერთდა გუნდს. ხიზანეიშვილმა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ლიბეროს პოზიციაზე გაამწესა, დიდებულად ითამაშა, მატჩი კი ქართველებმა კლიმენტი წიტაიშვილის ერთადერთი გოლით მოიგეს:
30-ე წუთზე ედიკ საჯაიამ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში. ლაშა ჯაკობიას თავით თამაში შეეძლო, თუმცა მან ბურთი გაატარა და დაბნეულ მცველებს წიტაიშვილმა შანსი არ დაუტოვა – 1:0.
ხურცილავას ბიჭებმა ერევანში დაბრუნებაც მოასწრეს და 18 საათზე ჰრაზდანზე დაწყებულ მატჩსაც დაესწრნენ. თუმცა იქ სანახავი ბევრი არაფერი იყო: მასპინძლებმა სუსტად ითამაშეს, გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა კი რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. საბოლოოდ ფრე, 0:0.
ჩვენმა გუნდმა ლოტოს ფორმით ითამაშა, შავ-თეთრ ზოლიანი წითელი მაისურებით, შავი შორტებით და შავი გეტრებით, მასპინძლებმა კი, რომელთათვისაც ეს ორმოცდამეათე საერთაშორისო შეხვედრა იყო, თეთრი ფორმით.
ყიფიანი-ძოძუაშვილის წყვილმა კარის დაცვა სოსო გრიშიკაშვილს ანდო, ლიბეროს პოზიციაზე გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე გაამწესა, მის წინ კი ლევან სილაგაძის, ლევან მიქაძის და სევასტი თოდუას სამეული. ამ უკანასკნელებმა, მიქაძემ და თოდუამ იმ დღეს პირველად მოირგეს ნაკრების მაისური. ნახევარდაცვის ცენტრში ზურაბ ხიზანიშვილმა და თენგიზ სიჭინავამ ითამაშეს, მარჯვენა ფლანგი მიხეილ ყაველაშვილს ჩააბარეს, მოპირდაპირე – რატი ალექსიძეს, თავდასხმაში კი დავით ჩალაძის და გიორგი დემეტრაძის წყვილი გაამწესეს.
პირველი ტაიმის 34-ე წუთზე, გაუთავებელი უხეშობის შემდეგ, მიქაძემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მწვრთნელებმა ალექსანდრე რეხვიაშვილით შეცვალეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, ტორპედოელი ზურაბ იონანიძეც გამოჩნდა, ჩალაძის ნაცვლად.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰრაზდანის დიქტორმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გამოაცხადა. მასპინძელთაგან სიმბოლური პრიზი მეკარე არუთუნ აბრაჰამიანს ერგო, ქართველებიდან კი მიხეილ ყაველაშვილს.
„დღეს გუნდმა მხოლოდ იმის მეოთხედი აჩვენა, რასაც ჩვენ, მწვრთნელები ვითხოვთ. ბიჭებს აშკარად მეტი შეუძლიათ. მეორე მხრივ, დავინახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს საიმედო რეზერვი ჰყავს და მოახლოებულ შესარჩევ მატჩებში მათ აუცილებლად გამოვიყენებთ…
ბირთვი ჩამოყალიბებულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძირითადი შემადგენლობის კარი დახურულია. ვინც იშრომებს და დაიმსახურებს, მინდორზეც ის გავა“ – განაცხადა დავით ყიფიანმა, რევაზ ძოძუაშვილმა კი დასძინა:
„მოგება შეგვეძლო და ვალდებულნიც ვიყავით, თუმცა მასპინძელთა მეკარის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მან გოლის გატანის შანსი არ დაგვიტოვა“.
ერევანში გამართული ამხანაგური შეხვედრის ფოტორეპორტაჟი მოგვიანებით ჟურნალ სარბიელში გამოქვეყნდა. ბადრი კეთილაძემ მშვენიერ ფოტოებს არანაკლებ საინტერესო ჩანახატიც დაურთო:
„ის, რაც ჰრაზდანზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის დროს შევნიშნე, ალბათ იმ უპირატესობის შედეგია, მოედნის კიდესთან დგომა რომ იძლევა. კერძოდ, პირველი და უმთავრესი, რაც თვალში მეცა, ჩვენი ფეხბურთელების დისციპლინირებულობა გახლდათ. აი რას ვგულისხმობ: როგორც კი მატჩის დირიჟორი რევაზ ძოძუაშვილი მოთამაშეებს რამეს მიუთითებდა (ჩვენი გუნდის მეორე მწვრთნელი დავით ყიფიანი ტრიბუნაზე იჯდა) ისინი დაუყოვნებლივ, ვიმეორებ, დაუყოვნებლივ ასრულებდნენ…
კიდევ, ერთხელაც არ მომისმენია ადრე მრავალჯერ ყურმოკრული: „ეს ვინ ყოფილა“… „ამას პასი არ სცოდნია“… და ასე შემდეგ. ფეხბურთელები ერთსულოვანნი და ერთმანეთის მხარში ამომდგარნი ჩანდნენ…
რაკიღა დადებითით დავიწყე, ერთსაც ვიტყვი: ჩემი აზრით, დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა საქართველოს ნაკრებს უწინდელთან შედარებით, გაცილებით გააზრებული ჰქონდა. იგრძნობოდა, რომ ბიჭებს ეს ესწავლათ…
სხვა მხრივ კი თავი საქართველოს ჩემპიონატის რომელიღაც, მორიგ თამაშზე მეგონა. დაძაბულობა, ტემპი, დინამიკა მისგან არაფრით გამოირჩეოდა. აქა-იქ მომენტებიც იყო – ჩვენგან ზურაბ იონანიძეს და მიხეილ ყაველაშვილს შეეძლოთ გოლის შეგდება, მაგრამ საბოლოოდ, მატჩის სტენოგრამა რომ შემედგინა, ალბათ, ჟურნალის გვერდს მაინცდამაინც არც დაეტყობოდა…
ჰრაზდანზე ჩვენს ეროვნულთან შედარებით წესრიგია. ჟურნალისტმა თავის შესასვლელი იცის, პოლიციელმა თავისი, გულშემატკივარმა თავისი. თბილისურ კოშმარს იქ ვერ ნახავთ, სტადიონზე მოხვედრა პრობლემა არაა და არც ბაზრობითაა ქვეყნის მთავარი სარბიელი შევიწროებული. ის სტადიონია და არა სავაჭრო ცენტრი. ტრიბუნებზე კი სკამები ჩვენებურადაა აყრილი და მინდორიც თბილისისას ჰგავს…
სხვა რა გითხრათ? საქართველოს ნაკრები სომხეთს ჩავიდა და მოძრაობდა ავტობუსით, რომელსაც… ქუთაისის ტორპედო ეწერა. როგორც ქუთაისელს, მესიამოვნა, მაგრამ როგორც ქართველს, გამიკვირდა. გაუკვირდათ ერევნელ ქომაგებსაც, ჩვენების ავტოგრაფების შესაგროვებლად რომ მოსულიყვნენ“.
* * *
26 აპრილი, 2000. ამხანაგური. სომხეთი, ერევანი, ჰრაზდანი. 22 000
სომხეთი 0:0 საქართველო
სომხეთი: არუთუნ აბრაჰამიანი, სარქის ოვსეპიანი, არუთუნ ვარდანიანი, ერვანდ სუკიასიანი, ფელიქს ხოჯოიანი, რომიკ ხაჩატრიანი, არტურ პეტროსიანი (კარენ ასატრიანი 79), არტურ ვოსკანიანი, ტიგრან პეტროსიანი (ართავაზ კარამიანი 56), არმენ შახგელდიანი, არა აკოფიანი (არმან კარამიანი 67)
მწვრთნელი: ვარუჟან სუკიასიანი
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი, ლევან სილაგაძე, თენგიზ სიჭინავა, ზურაბ ხიზანიშვილი (გივი დიდავა 72), სევასტი თოდუა, ლევან მიქაძე (ალექსანდრე რეხვიაშვილი 34), გიორგი ნემსაძე (კაპ), რატი ალექსიძე (ზურაბ მენთეშაშვილი 56), დავით ჩალაძე (ზურაბ იონანიძე 46), გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ყაველაშვილი
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: მიხეილ ყაველაშვილი
მსაჯები: გენადი იაკუბოვსკი (ბელარუსი); კარენ ნალბანდიანი, გევორქ ოჰანესიანი (ორივე სომხეთი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 29 ოქტომბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 29 ოქტომბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
