ეროვნული ნაკრების ისტორია: აზერბაიჯანი 0:0 საქართველო
ამ ბილეთის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სეზონის გახსნის მატჩს 2000 წელს!
გულშემატკივრებს, რომლებიც თბილისის იბერიასა და ფოთის კოლხეთი 1913-ს შორის გამართული შეხვედრის სანახავად 1990 წლის 30 მარტს ეროვნულ სტადიონს ესტუმრნენ, ემახსოვრებათ რომ სწორედ ასეთი წარწერა ჰქონდა პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი თამაშის ბილეთს.
მომდევნო ათ წელიწადში საქართველოს ძალიან ბევრი რამ გადახდა, თუმცა არცთუ სასიამოვნო ამბებს აღარ შეგახსენებთ და მხოლოდ ფეხბურთზე დავწერ. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ის, რომ შეიცვალა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი – სეზონი შემოდგომა-გაზაფხულზე გადავიდა. შესაბამისად, 2000 წლის დასაწყისში მორიგი პირველობა კი არა, XI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაიყო.
იბერია-კოლხეთი 1913-ის ის ბილეთი ათი წლის თავზე, ალბათ, არავის გახსენებია. 1990 წლიდან დაწყებული ჩვენ ჩემპიონატს თუ რამ დააკლდა, პირველ რიგში სავსე ტრიბუნები, გულშემატკივრები სანახევროდაც არ ავსებდნენ ეროვნულ სარბიელს. რეგიონებში, ქომაგთა დასწრების მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა დიდად იქაც არ ულხინდათ.
საქართველოს უცვლელმა ჩემპიონმა 2000 წელი მძიმედ დაიწყო. წამყვან მოთამაშეებს გაქცევაზე ეჭირათ თვალი, ხელმძღვანელობა ვალების გასტუმრებას ვერ აუდიოდა, ცალკე მრეტების საჩივარი და სასამართლო პროცესი იყო მისახედი – გიორგი ქინქლაძის ტრანსფერთან დაკავშირებული გაუგებრობა არა და არ დასრულდა…
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გაზაფხულზე დინამოს ყოფილმა პრეზიდენტმა, იმჟამად ფეხბურთის ფედერაციის მეთაურმა მერაბ ჟორდანიამ თქვა, თბილისის დინამო რამდენიმე წლის მანძილზე უკანონოდ არსებობს და გუნდის გამართული ფუნქციონირებისთვის ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელიაო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, A ზონის, ანუ ჩემპიონობისთვის და მედლებისთვის მებრძოლმა რვავე კლუბმა 29 აპრილს ითამაშა. თბილისის ვიტ ჯორჯიამ 2:1 დაამარცხა ბოლნისის სიონი და მესამე ადგილამდე აღზევდა, ქუთაისის ტორპედომ 4:0 გაანადგურა ბათუმი, ეროვნულ სტადიონზე კი დინამო მოღონიერებულ ფოთის კოლხეთი 1913-ს დაუხვდა. მასპინძლები 29-ე წუთზე დაწინაურდნენ კლიმენტი წიტაიშვილის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, კუთხურის გათამაშების დროს, თბილისელთა მეკარე სოსო გრიშიკაშვილი კარიდან გამოსვლისას შეცდა და შეცვლაზე შესულმა რომან ახალკაცმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მატჩი ასე დასრულდა. ოთარ კორღალიძის გაწვრთნილმა დინამომ დაუმარცხებელი სერია კი განაგრძო, მაგრამ ცხრიდან მეექვსედ ითამაშა ფრედ და რა გასაკვირია რომ ორ შეხვედრაში დამარცხებულ, მაგრამ ხუთი თამაშის მომგებ ტორპედოს სამი ქულით ჩამორჩა.
2 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაცილებით მეტი, ათ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რადგან დინამო საქართველოს თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში სწორედ ქუთაისის ტორპედოს დაუხვდა. თბილისელებმა ვერც ეს მატჩი მოიგეს – 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს გია მეგრელაძის მიერ გატანილ გოლს შესვენების შემდეგ ვალტერ გუჩუამ უპასუხა ზუსტი შორეული დარტყმით და დინამოს ფინალში გასვლის შანსი შეუნარაჩუნა.
ერთი კვირის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალური სტადიონი გაივსო, იქაც დაახლოებით ათ ათასამდე ქომაგი შეიკრიბა, მაგრამ გატანილი გოლი ვერ იხილა – 0:0. ტორპედო, მეტოქის მოედანზე შეგდებული ბურთის წყალობით, ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. იმერლების მეტოქეც იმ დღეს გამოვლინდა: რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი თბილისის ლოკომოტივი ბათუმში 0:1 დამარცხდა, მაგრამ პირველი შეხვედრა შინ 2:0 ჰქონდა მოგებული, ასე რომ, საბოლოოდ რკინიგზელებმა გაიხარეს.
საპასუხო ნახევარფინალიდან ორი დღის შემდეგ, 11 მაისს ყველა სპორტულმა გამოცემამ დაწერა, რომ ოთარ კორღალიძემ თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი გუნდიდან წასვლას 6 მაისს, ბათუმში მატჩის შემდეგ გეგმავდა, მაგრამ თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაშიც უხელმძღვანელა გუნდს და მხოლოდ ამის შემდეგ დაემშვიდობა ფეხბურთელებს.
„გუნდში მიმბრუნებელი აღარ ვარ! გადაწყვეტილების მიზეზს, უფრო სწორედ მიზეზებს ვერ დაგიკონკრეტებთ. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული“ – ეროვნული ჩემპიონატების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი კორღალიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. საქმეში ჩახედულმა ხალხმა იმავე დღეს თქვა, რომ დინამომ მურთაზ ხურცილავას შესთავაზა მთავარი მწვრთნელის პოსტი, მაგრამ ვინაიდან ეს იდეა კლუბის დირექტორატის ყველა წევრმა არ მოიწონა, დინამოელების წვრთნა კორღალიძის თანაშემწეებმა გია გეგუჩაძემ, ჯემალ ჩიმაკაძემ და გელა ჭანტურიამ განაგრძეს.
„ოთარ კორღალიძე გუნდიდან არავის დაუთხოვია, ამას არც ვაპირებდით, თუმცა ტორპედოსთან მატჩის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ თანამდებობის დატოვება სურდა. ადგა და თავის ნებით წავიდა…
გეკითხებით, კორღალიძის გაშვებას ჰქონდა კი რაიმე აზრი? ჩემპიონატის დამთავრებამდე სულ ოთხი ტურიღაა დარჩენილი, თანაც, თასისთვის ბრძოლაც აღარ შეგვიძლია…
ქუთაისის ტორპედოსთან პრინციპული მატჩისთვის გუნდს კორღალიძის თანაშემწეები ამზადებენ და ალბათ, სეზონის ბოლომდეც ასევე იქნება, მერე კი ვნახოთ“, – ეს სიტყვები დინამოს პრეზიდენტმა მერაბ რატიანმა 12 მაისს თქვა, ტორპედოსთან თბილისურ მატჩამდე ერთი დღით ადრე.
უცვლელი ჩემპიონის და პირველობის ლიდერის მესამე თამაშის სანახავად ეროვნულ სტადიონზე ხუთ ათასზე ცოტა მეტი ქომაგი მივიდა. თამაშამდე გაირკვა, რომ დინამო კორღალიძის ერთ-ერთმა თანაშემწემ, გია გეგუჩაძემაც დატოვა, ასე რომ, ქუთაისელებთან მატჩისთვის ფეხბურთელები მხოლოდ ჯემალ ჩიმაკაძემ და გელა ჭანტურიამ მოამზადეს.
პირველ ტაიმში დინამოს ძალიან არ გაუმართლა: ჯერ იყო და მე-20 წუთზე ტრავმის გამო დატოვა მინდორი გიორგი ნემსაძემ, ცხრა წუთში კი თბილისელები ათნი დარჩნენ, მსაჯმა ვალტერ გუჩუა გააძევა. მიუხედავად ამისა, ტორპედომ უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვა, დინამოელები უფრო აქტიურობდნენ.
85-ე წუთზე პირველი გოლი გავიდა, მალხაზ ასათიანმა დაარტყა ზუსტად, მაგრამ რამდენიმე წამში დინამოს საპასუხო იერიში, რევაზ არველაძის გადაცემის შემდეგ, გიორგი ანჩაბაძემ დააგვირგვინა – 1:1. მეტი გოლი აღარ გასულა.
22 მაისს, გორში, XI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-13 ტურში საქართველოს ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. დავით ყიფიანის გაწვრთნილმა ტორპედომ მიხეილ ბობოხიძის, ზურაბ იონანიძის, დავით ჯანაშიას და გია მეგრელაძის გოლებით 4:0 დაამარცხა მასპინძელი დილა და მდევრებისთვის მიუწვდომელი შეიქნა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ! რაკი ჩემპიონები გავხდით, ესე იგი ვიმსახურებდით ამ ტიტულს“ – თქვა უზომოდ გახარებულმა ტორპედოს პრეზიდენტმა მიხეილ ქორქიამ, შემდეგ კი დასძინა – „ჩვენი მიზანი პირველი ტურიდან ჩემპიონობა იყო. არ დავმალავ, გუნდს ჰქონდა ჩავარდნა და ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარებოდა, მაგრამ დავით ყიფიანს რომ ვუყურებდი, რწმენით ვივსებოდი. ის ძალიან თავდაჯერებული იყო“.
ტორპედო საქართველოს მეორე ჩემპიონი გახდა თბილისის დინამოს შემდეგ, თავად დავით ყიფიანმა კი მეშვიდედ მოიგო ეროვნული პირველობის ოქროს მედლები. პირველ ექვს შემთხვევაში იგი დინამოს თავკაცი გახლდათ.
ტორპედოს ჩემპიონობას დინამო სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე შეხვდა, მაგრამ ამაზე დამაფიქრებელი ის გადაწყვეტილება იყო, რომელიც კლუბმა 22 მაისს გამოაცხადა: ეროვნული ჩემპიონატისთვის განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე იყო დაყენებული. გუნდმა მოთამაშეთა გაყიდვა გაუსაძლისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა, TBC ბანკი და სხვადასხვა ორგანიზაციები ვალის დაფარვას ითხოვდნენ. იმავე დღეს დაიწერა ისიც, რომ დინამო პირველ გუნდში დააწინაურებდა ახალგაზრდული შემადგენლობის წევრებს, მთავარ მწვრთნელად კი ალექსანდრე ჩივაძის მიწვევას აპირებდა.
გავიდა სამი დღე და ორი დინამოელის ახალი კლუბის შესახებ ითქვა. დინამოს გენერალური დირექტორის ვაჟა ჟვანიას თქმით, მცველი გივი დიდავა და თავდამსხმელი კლიმენტი წიტაიშვილი კარიერას ისრაელში, თელ-ავივის მაკაბიში გააგრძელებდნენ.
„გამორიცხულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდავას და წიტაიშვილს ისრაელში თამაშის უფლება არ მისცეს. მათ ამის უფლება არ აქვთ! იგივეს ვერ გაიმეორებენ, რაც მიხეილ აშვეთიას ალანიაში ტრანსფერის დროს გააკეთეს“, – განაცხადა ჟვანიამ. მისივე თქმით, დიდავას და წიტაიშვილის სანაცვლოდ მიღებული 200 ათასი დოლარით დინამო სრულად გაისტუმრებდა TBC ბანკის დავალიანებას, აგრობანკის სესხსაც დაფარავდა და კომუნალური დავალიანებისგანაც გათავისუფლდებოდა.
XI ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა აზერბაიჯანის და ესტონეთის ნაკრებ გუნდებთან ამხანაგური შეხვედრებისთვის მიწვეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნეს. ქართველები 4 ივნისს ბაქოში ითამაშებდნენ, 11 ივნისს კი ტალინში. მწვრთნელების რჩეულთა შორის ერთადერთი ახალწვეული იყო, ჯონი შალამბერიძე ფოთის კოლხეთი 1913-დან:
მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი (თბილისის დინამო), ნიკა ტოგონიძე (ბათუმი), დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)
მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ჩიხრაძე (ორივე თბილისის ლოკომოტივი), სევასტი თოდუა (თბილისის ვიტ ჯორჯია), ლევან სილაგაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), კახა კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), ჯონი შალამბერიძე (ფოთის კოლხეთი 1913)
ნახევარმცველები: რევაზ არველაძე, თენგიზ სიჭინავა (ორივე თბილისის დინამო), ზურაბ მენთეშაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი (ორივე რიგის სკონტო, ლატვია), გიორგი ნემსაძე (თბილისის დინამო), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ქინქლაძე (დერბი ქაუნთი, ინგლისი), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), ვიტალი დარასელია (მოსკოვის ცსკა, რუსეთი), კახი გოგიჩაიშვილი (თბილისის ლოკომოტივი)
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე (ქუთაისის ტორპედო), ლევან ხომერიკი (ბათუმი), შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), რატი ალექსიძე (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), გიორგი დემეტრაძე (კიევის დინამო, უკრაინა), დავით ჩალაძე (რიგის სკონტო, ლატვია), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია).
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული გუნდი ბაქოში ჩარტერული რეისით გაემგზავრებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელად, სფფ-ის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას და გენერალური მდივნის, ვალერი ჩოლარიას არყოფნაში, ალექსანდრე ჩივაძე დამტკიცდა. რაც შეეხება მურთაზ ხურცილავას და შოთა ჭეიშვილის მიერ შერჩეულ 21 და 18-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს, ისინი აზერბაიჯანში ორი ავტობუსით გაემგზავრებოდნენ, 4 ივნისს კი ქალაქ სუმგაითის სტადიონზე ითამაშებდნენ, ჯერ ჭაბუკები, სამი საათის შემდეგ კი ახალგაზრდები.
მურთაზ ხურცილავამ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გიორგი ლომაია (თბილისის ლოკომოტივი), ზურაბ ბათიაშვილი (თბილისი)
მცველები: ოთარ ხიზანეიშვილი, თორნიკე რუხაძე, გიორგი შაშიაშვილი, რევაზ ქემოკლიძე (ყველა თბილისის დინამო), ედიკ საჯაია, ჯაბა მუჯირი (ორივე თბილისის ვიტ ჯორჯია), ვალერი აბრამიძე (თბილისის ლოკომოტივი), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი)
ნახევარმცველები: გივი კვარაცხელია (თბილისის ლოკომოტივი), დავით დიღმელაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია), მიხეილ ბობოხიძე (ქუთაისის ტორპედო), ლადო ბურდული (თბილისი), ოლეგ გველესიანი (თბილისის დინამო)
თავდამსხმელები: კლიმენტი წიტაიშვილი, გიორგი შენგელია (ორივე თბილისის დინამო), გია იმედაძე (ქუთაისის ტორპედო).
შოთა ჭეიშვილის 18-წლამდელთა ნაკრებში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:
მეკარეები: ზურაბ მამალაძე (თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა), მანუჩარ ივარდავა (თბილისის ლოკომოტივი)
მცველები: ვლადიმერ ძაგნიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ზვიად ლაბაძე (სამივე თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქუთაისის ტორპედო), ირაკლი სახურია (თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა), ბორის შელია (თბილისის შევარდენი), ნუკრი მანჩხავა (თბილისის ოლიმპიკი)
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: მიხეილ ცქიფურიშვილი (თბილისი), არჩილ ოლგესაშვილი (გორის დილა), ბესიკ თედორაძე (ბათუმი), ლევან სანიკიძე (თბილისის ნორჩი დინამოელი), ნიკოლოზ ლაბაძე (რუსთავის ხალიბი), ბექა ნოზაძე (თბილისის თსუ), რევაზ ხუჭუა (თბილისის ოლიმპიკი), ლადო ახალაია (კიშინიოვის ზიმბრუ, მოლდოვა).
26 მაისს საქართველოს თასის 1999-2000 წლების გათამაშება დასრულდა. ჩემპიონმა ტორპედომ ერთი წლით ადრე მოგებული ტიტულის დაცვა ვერ შეძლო, თბილისის ლოკომოტივთან უგოლოდ დასრულებული ფინალი პენალტების სერიაში 2:4 წააგო. გემახსოვრებათ: ერთი წლით ადრე გამართულ ფინალში ტორპედომ ასევე 0:0 ითამაშა წყალტუბოს სამგურალთან, თუმცა „საფეხბურთო ლატარეა“ 4:2 მოიგო.
„ვფიქრობ, მცირე უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. იმიტომ, რომ ქუთაისის ტორპედომ რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალისთვის სათანადოდ ვეღარ განეწყო. ჩვენ კი პირიქით, თასის მოსაგებად ვიყავით შემართულები. ცხადია ფორტუნამაც გაგვიღიმა, ასე რომ არ ყოფილიყო, პენალტებს ვერ მოვიგებდით“ – თქვა გამარჯვებით გახარებულმა რევაზ ძოძუაშვილმა.
გაცილებით დიდხანს ისაუბრა დავით ყიფიანმა:
„ლოკომოტივმა დამსახურებულად გაიმარჯვა, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ. თამაშის წინ ერთი ამბავი იყო ატეხილი, მატჩი ჩაწყობილიაო… რა ეტყობოდა ამ შეხვედრას ჩაწყობილის?..
ტორპედოს მარცხში ყველაზე მეტად დამნაშავეა თავდასხმა. დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე, გია იმედაძე და გია მეგრელაძე აშკარად ვერ იყვნენ ფორმაში. განსაკუთრებით იონანიძე, დღეს მინდორზე მისი აჩრდილი ვნახეთ…
შესაძლოა, ეს ყველაფერი გადაღლის ბრალიცაა, 29 აპრილის შემდეგ მეცხრე შეხვედრა ჩატარეთ და აქედან სამჯერ თბილისის დინამოს შევხვდით. სეზონი მთავრდება, ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ…
ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სანაკრებო შეკრებიდან რომ დავბრუნდები, კლუბის ხელმძღვანელობას მაშინ დაველაპარაკები. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მომთხოვს ხელმძღვანელობა. ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ მოითხოვეს, დავიხურავ ქუდს და წამოვალ. ლიგის მოგება კი არა, დღევანდელ პირობებში ევროტურნირებზე ღირსეული გამოსვლაც არარეალური მგონია“.
1999-2000 წლების ქართული საკლუბო სეზონი 30 მაისს, XI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის უკანასკნელი, მე-14 ტურით დასრულდა. ქუთაისის ტორპედო ვიტ ჯორჯიას დაუხვდა და უგოლოდ დაშორდა. ქუთაისლები, რომლებსაც ჩემპიონის თასი სფფ-ის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გადასცა, ქულას მშვიდად შეხვდნენ, აი სერგო კოტრიკაძის გაწვრთნილი თბილისური კლუბისთვის კი ფრე მნიშვნელოვანი იყო, ვიტ ჯორჯიამ დინამოს გაასწრო და მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს უცვლელმა ჩემპიონმა კი მეორე ეტაპი დაუმარცხებლად, მაგრამ 14 შეხვედრაში მხოლოდ ხუთი გამარჯვებით დაასრულა. მთავარი მწვრთნელის გარეშე მოთამაშე დინამოელებმა უკანასკნელ ტურში ბოლო ადგილზე მყოფი გორის დილა გაანადგურეს – 6:1.
მეორე დღეს დინამოს მესვეურებმა, რომლებმაც ერთი თვით ადრე თქვეს, თუ ინტერტოტოზე გავედით, ასპარეზობაზე უარს ვიტყვითო, ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად დაუდასტურეს რანგით ყველაზე სუსტ ევროგათამაშებაში მონაწილეობის სურვილი. იმ დროისთვის თბილისური კლუბის მეტოქის ვინაობა ცნობილი იყო – ძველი ნაცნობი ლიეჟის სტანდარდი, რომელსაც ასევე არ სურდა ინტერტოტოს თასზე ასპარეზობა, მაგრამ უეფას მოსალოდნელმა ფინანსურმა ჯარიმამ გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
1 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად შეიკრიბა. დიღომში, დინამოს ბაზაზე მისული ფეხბურთელები მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილმა ავარჯიშა. დავით ყიფიანმა პირადი მიზეზის გამო გამოტოვა შეკრების პირველი დღე.
2 ივნისს გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ, ასაკობრივები კი აზერბაიჯანისკენ დაიძრნენ და მეორე დღეს სუმგაითში, მეჰთი ჰუსეინზადეს სახელობის სტადიონზე ორჯერ ითამაშეს. 18-წლამდელთა ჭიდილში მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს (ერთადერთი საპასუხო გოლი ლადო ახალაიამ გაიტანა), ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი კი 2:2 დასრულდა. ხურცილავას გუნდიდან სოსო დევიძემ და გივი კვარაცხელიამ გამოიჩინეს თავი.
4 ივნისს, აზერბაიჯანის დროით 18 საათზე, ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე მასპინძელთა და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მორიგი ამხანაგური თამაში დაიწყო. ქართველებმა ლოტოს ზუსტად იგივე ფორმით ითამაშეს, როგორც აპრილის მიწურულს ერევანში, სომხების წინააღმდეგ, აზერბაიჯანელებს კი თეთრი მაისურები, ლურჯი შორტები და თეთრი გეტრები ემოსათ.
დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა კარი დაცვა დავით გვარამაძეს მიანდეს. დაცვის ოთხეულში ლევან სილაგაძე, სევასტი თოდუა, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ჩიხრაძე მოხვდნენ, მათ წინ თენგიზ სიჭინავამ ითამაშა, ნახევარდაცვის ფლანგებზე ლევან კობიაშვილმა და გუნდის კაპიტანმა თემურ ქეცბაიამ, თავდამსხმელების უკან, გამთამაშებლის პოზიციაზე – გიორგი ქინქლაძემ, თავდასხმაში კი შოთა და არჩილ არველაძეები დადგნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გათვალისწინებით, ფავორიტი აშკარად ჩვენი გუნდი იყო, მაგრამ თამაში უგოლოდ დასრულდა. ეს მოულოდნელი შედეგი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ქართველებმა ზედიზედ მესამე ამხანაგური შეხვედრა არ წააგეს აზერბიჯანში.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ლატიფ ნოვრუზოვმა სპეციალურად გაზეთ სარბიელისთვის გამოგზავნილ რეპორტაჟში (2000 წლის 6 ივნისი) აღნიშნა:
„არ ველოდი საქართველოს ნაკრები ბაქოში ასე სუსტად თუ ითამაშებდა, არადა, ძოძუაშვილსა და ყიფიანს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობისთვის მოუყრიათ თავი. ქართველების დარი ლეგიონერებით აბა, აზერბაიჯანელები როგორ დავიკვეხნით და მით უმეტეს, ამის ფონზე საკვირველი იყო სტუმართა ინერტულობა. საქართველოს ეროვნულ გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია მასპინძელთა კართან…
დავით გვარამაძემ აზერბაიჯანელებს რამდენჯერმე ისეთი დარტყმული აუღო, სასწაულებრივს რომ ეძახიან. თითქმის ყველა მომენტი ასკერ აბდულაევის შეგირდებმა მეორე ტაიმში შექმნეს. ჯერ აზერბაიჯანის მოქალაქეობამიღებულ ქართველ ბადრი კვარაცხელიას აჯობა გვარამაძემ, კარი დროულად დატოვა, პირისპირ გასულ თავდამსხმელს საჯარიმოს ხაზთან დაასწრო და ბურთი მოიგერია, შემდეგ აღაევმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა, ბურთი კუთხურზე გადააგდო. მესამედ კი გვარამაძემ ემინ გულიევის დარტყმულისას კარგად შეარჩია პოზიცია და არც მას გაატანინა…
სტუმართაგან, პირველ ყოვლისა, დაცვის შუაში მოთამაშე ლევან სილაგაძეს გამოვყოფდი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია და მასპინძლებსაც კარგად მეურვეობდა. ასევე ნორმალურად ითამაშეს თემურ ქეცბაიამ (ეს მისი მე-40 მატჩი იყო ეროვნულ გუნდში – ლ.გ.) და შოთა არველაძემ, თუმცა ვიცი, რომ მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ…
35 წლის ბადრი კვარაცხელია კი შეუჩერებელი იყო! თითქმის ყველა ჯარიმას ის ურტყამდა, ძალიან სახიფათოდ… თითქმის ყველა შეტევა მისი წამოწყებული გახლდათ, ბევრს მოძრაობდა და მცველებსაც გვარიანად ანერვიულებდა. მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ის დაიღალა და შესაცვლელი შეიქნა. კვირას სწორედ ის და დავით გვარამაძე იყვნენ საუკეთესონი“.
დავით ყიფიანმა მატჩის კომენტარზე უარი თქვა, შეუძლოდ ვარო, რევაზ ძოძუაშვილმა კი თქვა:
„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი სტაბილური შემადგენლობის შერჩევაა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებით და მათი გამოცდა გვაქვს გადაწყვეტილი…
მეტოქეზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, ჩინებული გუნდი ყოფილა. ჩვენი ვერმოგების მიზეზი კი ისაა, რომ ბიჭები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში თამაშის დასრულებისთანავე დაბრუნდა. მწვრთნელებმა ფეხბურთელები ერთი დღით დაითხოვეს და შემდეგ ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად ბაზაზე დაიბარეს.
ბალტიისპირეთში გამგზავრებამდე გაზეთმა სარბიელმა 1999-2000 წლების სეზონი შეაჯამა და ჟურნალისტების გამოკითხვის შემდეგ საუკეთესო დაასახელა, თბილისის დინამოში კი ხელმძღვანელები ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ღიად. ამ ამბებს მომდევნო წერილში შეგახსენებთ.
* * *
4 ივნისი, 2000. ამხანაგური. აზერბაიჯანი, ბაქო, ტოფიკ ბახრამოვი. 7 000
აზერბაიჯანი 0:0 საქართველო
აზერბაიჯანი: ჰუსეინ მაჰამადოვი, ემინ აღაევი (ასლან ქერიმოვი 61), ილჰამ იადულაიევი, ტარლან ახმადოვი (კაპ), ვიაჩესლავ ლიჩკინი (ბახტიარ მუსაევი 46), არიფ ასადოვი, ქამალ გულიევი, ვიდადი რზაევი (ელსან გამბაროვი 63), ემინ გულიევი (რუსლან მუსაევი 85), ვადიმ ვასილიევი, ბადრი კვარაცხელია (რამიზ მამედოვი 75)
მწვრთნელი: ასკერ აბდულაევი
საქართველო: დავით გვარამაძე, ლევან სილაგაძე, თენგიზ სიჭინავა, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, სევასტი თოდუა, გიორგი ჩიხრაძე, თემურ ქეცბაია (კაპ) (რევაზ არველაძე 70), არჩილ არველაძე (ალექსანდრე იაშვილი 70), გიორგი ქინქლაძე (რატი ალექსიძე 80), შოთა არველაძე (კახი გოგიჩაიშვილი 86)
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: ლევან სილაგაძე, თენგიზ სიჭინავა, არიფ ასადოვი, ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე
მსაჯები: ჰაქანი მამადოვი; აზად ჰუსეინოვი, ქერიმ აღაევი (აზერბაიჯანი)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 5 ნოემბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 5 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
