პეტნოდი, ვაჩნაძე და კიდევ შვიდი
ამ ფოტოს შუაში გამოსახული ფეხბურთელი მეეჭვება რომ ბევრმა იცნოს, ამიტომ აქვე დავწერ: ესაა ამერიკის ნაკრების თავდამსხმელი ბერტ პეტნოდი.
ის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის მონაწილეა. 1930 წელს ურუგვაიში მასზე გაცილებით ძლიერმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს, მაგრამ ერთი მიზეზის გამო პეტნოდი სამუდამოდ მოხვდა ფიფას ოქროს თასის გათამაშების ისტორიაში. საქმე ისაა, რომ 1930 წლის 17 ივლისს ამერიკელებმა სწორედ მისი სამი გოლით დაამარცხეს პარაგვაელები, შესაბამისად, ბერტ პეტნოდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორია.
მაგრამ დღეს ამ მიღწევაზე არა და სულ სხვა ამბავზე გავამახვილებ ყურადღებას: პეტნოდი იმ იშვიათთაგანია, რომლის დაბადების და გარდაცვალების დღე ერთმანეთს ემთხვევა: თავდამსხმელი 1909 წლის 4 ნოემბერს დაიბადა და 1974 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა, 65 წლისა.
ამ ფაქტს მსოფლიო ჩემპიონატის დროს მივაქციე ყურადღება, როცა სხვადასხვა საინტერესო ამბებს ვეძებდი. ასეთი უცნაური ბედის სხვა ფეხბურთელი არ გამიგია, მაგრამ მსგავსმა დამთხვევამ დამაინტერესა და განვლილ თვეებში, ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ერთსა და იმავე დღეს დაბადებულ-გარდაცვლილი კიდევ ცხრა ადამიანი ვიპოვე, მათ შორის ხუთი ქართველი:
პლატონ იოსელიანი, ისტორიკოსი – დაიბადა 1809 წლის 27 ნოემბერს და გარდაიცვალა 1875 წლის 27 ნოემბერს (ძველი სტილით 15 ნოემბერს);
დესპინე გელოვანი, მწერალი (ლიტერატურული ფსევდონიმი ბანოვანი) – დაიბადა 1880 წლის 6 დეკემბერს და გარდაიცვალა 1934 წლის 6 დეკემბერს;
მიხა ხელაშვილი, ანტისაბჭოთა მებრძოლი, პოეტი – დაიბადა 1900 წლის 25 აპრილს და 25-ე დაბადების დღეს, 1925 წლის 25 აპრილს მოკლეს ღალატით;
ნატო ვაჩნაძე, მსახიობი – დაიბადა 1904 წლის 14 ივნისს და 49-ე დაბადების დღეს, 1953 წლის 14 ივნისს დაიღუპა ავიაკატასტროფაში;
ზურაბ ანჯაფარიძე, საოპერო მომღერალი – დაიბადა 1928 წლის 12 აპრილს და გარდაიცვალა 1997 წლის 12 აპრილს.
რაც შეეხება მსგავსი უცნაური ბედის მქონე უცხოელებს, მათგან სამმა მიიქცია ჩემი ყურადღება. პირველი უილიამს შექსპირია, 1564 წლის 23 აპრილს დაბადებული დიდი ინგლისელი პოეტი, რომელიც 52 წლისა, 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა.
მეორე შვედი კინოვარსკვლავი ინგრიდ ბერგმანია, რომელიც 1915 წლის 29 აგვისტოს დაიბადა და 1982 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა.
მესამე კი თურქი, მსოფლიოში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი საბიჰა გოქჩენი გახლავთ, რომლის სახელსაც ატარებს სტამბოლის ერთ-ერთი აეროპორტი. ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა იქ. ჰოდა, ქალბატონი საბიჰა 1913 წლის 22 მარტს დაბადებულა და გვარიანად მოხუცებული, 88-ე დაბადების დღეზე გარდაცვლილა 2001 წლის 22 მარტს.
უილიამ შექსპირის, ინგრიდ ბერგმანის და საბიჰა გოქჩენის მხარდამხარ კიდევ ერთ უცხოელს, აღორძინების ხანის იტალიელ ფერმწერ რაფაელე სანტისაც ვახსენებდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი დაბადების ზუსტი დღე უცნობია. ერთი ვერსიით ის 1483 წლის 28 მარტს დაიბადა, თუმცა არაერთ წყაროში 6 აპრილია მითითებული… აი გარდაცვალების თარიღი კი ზუსტად ვიცით – 1520 წლის 6 აპრილი.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 4 ნოემბერი
