2000 წლის ცხელი ზაფხულის ცხელი და მძიმე ამბები (I ნაწილი)
ჟურნალისტები გვესწრებიან, არ მინდა კარტები გავხსნა – ასე უპასუხა თბილისის დინამოს პრეზიდენტმა მერაბ რატიანმა დაზმირ ჯოჯუას.
2000 წლის 15 ივნისს, სახელმწიფო კანცელარიაში გამართული სხდომის მიწურულს სახელმწიფო მრჩეველი დაინტერესდა, თუ ვინ ჩაიბარებდა კარსმომდგარ სეზონში საქართველოს ათგზის ჩემპიონს. მერაბ რატიანმა პასუხისთვის თავის არიდება სცადა, აქაოდა გადაწყვეტილი არაფერიაო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯოჯუას შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც მხარი აუბეს, კლუბის პრეზიდენტმა თქვა, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელები მურთაზ ხურცილავა და სერგო კუტივაძე იქნებოდნენ. რატიანმა ისიც დაამატა, რომ ინტერტოტოს თასის პირველ ეტაპზე, ლიეჟის სტანდარდის წინააღმდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბს დროებით კვლავ ჯემალ ჩიმაკაძე მოამზადებდა.
სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი დინამოს მთავარი მწვრთნელის ვინაობის დადგენა სულაც არ იყო. ხსენებული კითხვა-პასუხით შეხვედრა დასრულდა, მანამდე კი შეკრებილებმა დინამოს ბედ-იღბალზე ისაუბრეს და რამდენიმე დოკუმენტი თუ საბუთიც მოიშველიეს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ვიცე-პრემიერ მინისტრმა თედო ისაკაძემ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, კომისიის წევრებს შეახსენა, რომ დინამო 1996 წლიდან იურიდიულად აღარ არსებობდა, მაგრამ ისიც დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტრო ოფიციალური დოკუმენტის შედგენას რატომღაც არ ჩქარობდა.
დედაქალაქის მერიის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, ის საბუთი მიაწოდა კომისიის წევრებს, სადაც ჩამოთვლილი იყო დინამოს მეწილეები: 80 პროცენტი შპს ბერმუხას ეკუთვნოდა (პრეზიდენტი მერაბ რატიანი), 10-10 პროცენტი კი ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ დინამოს და მერაბ ჟორდანიას.
იმავე დოკუმენტში მითითებული იყო, რომ მერაბ რატიანის 80 პროცენტიანი წილი 3 220 000 მანეთად იყო შეფასებული. ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ დინამოს კუთვნილი ქონება დიღმის საწვრთნელი ბაზა (1 598 000 მანეთი) და ნორჩი დინამოელის საფეხბურთო სკოლა (97 800 მანეთი) იყო, მერაბ ჟორდანიას 10 პროცენტი კი მილიონი მანეთი ღირდა.
ყურადსაღები გამოდგა მერიის წარმომადგენელის ბოლო სიტყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ხანგრძლივი კვლევა-ძიების მიუხედავად, ზემოხსენებული თანხების საერთო წილში შეტანის დამადასტურებელ საბუთს ვერავინ ვერსად მიაგნო.
დინამოს თაობაზე ამაო სჯა-ბაასი ეროვნულ სტადიონზე საუბრით გაგრძელდა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ დვალმა განაცხადა, რომ სარბიელის დაკარგვის საშიშროება რეალური იყო. მისი თქმით, სტადიონი თითქმის გასხვისებული იყო და სწორედ ამის გამო ერთ დიდ ბაზრობას ჰგავდა.
„დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს სტადიონზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეთა სტატუსი! ამ პროცესს თავის თავზე იღებს კონტროლის პალატა და მოკვლევის დასასრულებლად ერთ კვირას ვითხოვ“, – განაცხადა ბატონმა ზურაბმა.
მისი ემოციური გამოსვლის შემდეგ კომისიამ გადაწყვიტა ოფიციალურად მიემართა დედაქალაქის მერიისთვის, რათა მას სტადიონის ტერიტორია მაღაზია-ჯიხურებისგან გაეწმინდა.
ამ იდეას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, მაგრამ ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ჯოჯუამ კომისიის წევრებს შეახსენა, რომ ხსენებული ჯიხურები თუ ავეჯის მაღაზიები ვეტერან დინამოელთა კუთვნილება იყო, რომლებიც ამ გზით ელემენტარულ, საარსებო შემოსავალს იღებდნენ. ბატონმა მიხეილმა ისიც დაამატა, ამ ღვაწლმოსილ ხალხს რომ ლუკმა-პურის ფული მოაკლდეთ, მორალურად გამართლებული არ იქნებაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სახელმწიფო კომისიამ ვერც იმ დღეს დაადგინა რამე. ერთადერთი, რაზეც შეკრებილები შეთანხმდნენ, ეს იყო: მომდევნო სხდომა ერთი კვირის თავზე გაიმართებოდა.
18 ივნისს, სანამ ფეხბურთის მოყვარულები ბელგია-ნიდერლანდებიდან ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩების ტელერეპორტაჟების საცქერლად შეიკრიბებოდნენ, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თბილისის დინამო ლიეჟის სტანდარდს დაუპირისპირდა. თვრამეტი წლით ადრე, 1982 წლის გაზაფხულზე, მეტოქეებმა თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალის საგზური გაითამაშეს, ამჯერად კი ისინი რანგით ყველაზე სუსტი ევროტურნირის, ინტერტოტოს თასის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ჯემალ ჩიმაკაძის ხელმძღვანელობით მოთამაშე დინამომ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. პირველი ბურთი კახა გოგოლაძემ გაიტანა მე-8 წუთზე, შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე კი ზაზა ზირაქაშვილმაც გაიხარა. ორივე საგოლე გადაცემა რევაზ არველაძემ შეასრულა. ის, მურთაზ შელიასთან ერთად, საუკეთესო იყო იმ დღეს, მაგრამ ვეტერანების ძალისხმევა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა, დინამომ მაინც ვერ აიღო რევანში 1982 წლის გაზაფხულზე ორი მარცხისთვის: 78-ე და 87-ე წუთებზე ბელგიელებმა ორი გოლი გაუტანეს სოსო გრიშიკაშვილს. საბოლოოდ ფრე, 2:2.
„ეს ბიჭები პირველი გუნდის განაცხადში ვერ ხვდებიან, მათ ჯერ ბელგიის ჩემპიონატშიც არ უთამაშიათ, მაგრამ ჩინებულად იციან, რომ დინამოს წინააღმდეგ ძლიერი ასპარეზობის შემთხვევაში, დაწინაურების კარგი შანსი ექნებათ“, – ამ სიტყვებით დაასრულა მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია სტანდარდის მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ბოკარმა.
გავიდა კიდევ სამი დღე, მაგრამ თბილისის დინამოს და ეროვნული სტადიონის ბედ-იღბლით დაინტერესებულთაგან სახელმწიფო კანცელარიაში არავინ მისულა. ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 21 ივნისს ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კონკრეტულად კი გენერალურ მდივან ვალერი ჩოლარიას არცთუ სასიამოვნო შინაარსის ფაქსი გაუგზავნა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლის ტრანსფერთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯანპაოლო მონტენერიმ ქართულ მხარეს აცნობა:
„ფიფამ მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფაქსი. ჩვენთვის ცნობილია საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ დროც საკმარისი იყო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ფიფას 2000 წლის 24 მარტის დადგენილებით, საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო ვალდებულია საფეხბურთო კლუბ თბილისის მრეტებს გადაუხადოს 300 ათასი დოლარი.
ხსენებული თანხის პირველი ნაწილი, 150 ათასი დოლარი, დინამომ 30 ივნისამდე უნდა გადაიხადოს, დარჩენილი 150 ათასი კი 30 სექტემბრამდე უნდა დაფაროს.
თუ დინამო ამ მითითებას არ შეასრულებს, მაშინ ფიფა უყოყმანოდ მიმართავს მკაცრ სანქციებს“.
ორ დღეში, 23 ივნისს, ჟენევის სასტუმრო ნოგა ჰილტონში 2000-2001 წლების ევროპის საკლუბო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ღონისძიებას უეფას ვიცე-პრეზიდენტი სენეშ ერზიკი და ჟან-ფურნიე ფაიარი გაუძღვნენ.
საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის ტორპედოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების კლაკსვიკსა და იუგოსლავიის ცრვენა ზვეზდას შორის გამარჯვებული ერგო, ვიცე-ჩემპიონ თბილისის ვიტ ჯორჯიას – ისრაელის თასის მფლობელი იერუსალიმის ბეითარი, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვებულ თბილისის ლოკომოტივს – ბრატისლავის სლოვანი.
„არ გაგვიმართლა! დარწმუნებული ვარ ჩვენი მეტოქე ცრვენა ზვეზდა იქნება, იუგოსლავიის ჩემპიონი. შეიძლებოდა გაცილებით სუსტი გუნდი შეგვხვედროდა. ქვეყანა უნდა დაიქცეს, ცრვენა ზვეზდამ ფარერების გუნდი რომ ვერ დაამარცხოს. კარგად მახსოვს ბელგრადელების და ფოთის კოლხეთი 1913-ის ორი წლის წინანდელი თამაშები… მეორე მხრივ, კარგია ასეთ კლუბს რომ შევხვდებით, ჩვენ ძალას დავინახავთ“, – ასეთი იყო ტორპედოს პრეზიდენტის მიხეილ ქორქიას კომენტარი. ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა თქვა:
„სლოვანზე ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა მათ რამდენიმე მოთამაშეზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ნორმალური გუნდი უნდა იყოს… მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა… ისე, მგონი ამათ მოვუგებთ… რამდენიმე დღეში ბორჯომში გავემგზავრებით და სლოვანთან მატჩებისთვის მზადებას დავიწყებთ“.
შვეიცარიაში გამართულ წილისყრას ქართველთაგან მხოლოდ ვიტ ჯორჯიის პრეზიდენტი გურამ რუხაძე დაესწრო:
„ოთხი სავარაუდო მეტოქე გვყავდა: ბუქარესტის რაპიდი, ჩეხეთის პეტრა, ნიქოზიის აპოელი და იერუსალიმის ბეითარი. შანსებს ორმოცდაათი-ორმოცდაათზე ვაფასებ. ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი: კარგად მოვემზადებით და დანარჩენს ერთად ვნახავთ რა გამოგვივა“.
მეორე დღეს, 24 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა: ამსტერდამში, ამსტერდამ არენაზე, პორტუგალიამ ფერნანდუ ნუნუ გომეშის დუბლით 2:0 სძლია თურქეთს, იტალიამ კი ბრიუსელში, მეფე ბოდუინის სახელობის სარბიელზე იგივე ანგარიშით დაამარცხა რუმინეთი. ჩვენი ეროვნული ნაკრების ორი მომავალი მეტოქის დაპირისპირება სკუადრა აძურამ ფრანჩესკო ტოტის და ფილიპო ინძაგის გოლებით მოიგო.
ევროთამაშებამდე კი დინამომ ინტერტოტოს თასზე ასპარეზობა დაასრულა: ლიეჟში, შლესენზე 1:1 ითამაშა სტანდარდთან. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თბილისელები ზაზა ზირაქაშვილის მიერ 30-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ 71-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, გრიშიკაშვილის კარი ამჯერად დანიელ ვან ბუიტენმა დალაშქრა. გაივლის რამდენიმე წელიწადი და ტანმაღალი ბელგიელი მცველი მარსელის ოლიმპიკში გადავა, შემდეგ მანჩესტერ სიტიში და ჰამბურგში მოსინჯავს ძალებს, კარიერის საუკეთესო წლებს კი მიუნხენის ბაიერნში გაატარებს, სადაც 14 ტიტულს მოიგებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგას 2013 წელს…
ზურაბ მეძველიამ, სტანდარდთან საპასუხო შეხვედრაზე აკრედიტებულმა ერთადერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, 27 ივნისს სარბიელში გამოქვეყნებულ რეპორტაჟში აღნიშნა:
„რომ ვთქვა, თმა ღერა-ღერა დავიგლიჯე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. კი ბატონო, აქედან ერთი საათის სავალზე და ოდნავ მოგვიანებით მალდინი, ალბერტინი და მისთანები ბურთაობდნენ, მაგრამ სტანდარდი-დინამო არ მენახა, თუნდაც 18 წლის შემდეგ, არ იქნებოდა…
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, სტანდარდმა ჭაბუკებში ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელიც გამოურია, მაგრამ ეს პირველ ტაიმში თამაშს არანაირად დასტყობია…
ბენილუქსში საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა ავტომანქანით 40 წუთში ბრიუსელში ვიქნები. მალე მალდინის, ალბერტინის და მისთანების ბურთაობაც დაიწყება. ორიოდ საათი და 80 კილომეტრი ამ ორ მატჩს შორის. სინამდვილეში ცა და დედამიწა“.
ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ მერაბ რატიანმა ათი დღით დაითხოვა გუნდი, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ივნისში არ დაუსვენიათ და საქმისთვის ასე აჯობებსო. მანვე მადლობა გადაუხადა ჯემალ ჩიმაკაძეს და განაცხადა, რომ ივლისში, შეკრების პირველი დღიდან კლუბს მურთაზ ხურცილავა და სერგო კუტივაძე ჩაიბარებდნენ.
1 ივლისი ისე გათენდა, რომ დინამოს მრეტებისთვის ფიფას მიერ დაკისრებული 300 ათასი დოლარის პირველი ნაწილი – 150 ათასი არ გადაურიცხია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ამ საკითხის კომენტარი იუარა, რამდენიმე დღეა უცხოეთში ვარ და კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, როცა დავბრუნდები, გავერკვევი სიტუაციაში და შემდეგ ვისაუბრებო. ის, სფფ-ის გენერალურ მდივან ვალერი ჩოლარიასთან და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად ლუქსემბურგში იმყოფებოდა უეფას კონგრესზე.
მეორე დღეს, 2 ივლისს, სამივენი ერთად დაესწრნენ ევრო 2000-ის დრამატულ ფინალს მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთსა და იტალიის ნაკრებ გუნდს შორის. საქართველოს მეტოქე, ლეგენდარული დინო ძოფის გაწვრთნილი იტალია მარკო დელ ვეკიოს მიერ 55-ე წუთზე გატანილი გოლით მეოთხე დამატებული წუთის ჩათვლით იგებდა ფინალს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 13 წამით(!) ადრე მცველები შეცდნენ და სილვენ ვილტორმაც ანგარიში გაათანაბრა. პირველი დამატებითი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე დავიდ ტრეზეგემ მეორე გოლი გაიტანა ფრანჩესკო ტოლდოს კარში და საფრანგეთმაც ზედიზედ მეორე დიდი ტურნირი მოიგო, 1984 წლის შემდეგ კი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
„უკვე დანდის სრულუფლებიანი წევრი ვარ. ძალიან მიხარია! ბიჭებსაც დავუმეგობრდი, ჩვენს იტალიელ მწვრთნელს თითქმის ყოველ დღე ვესაუბრები, მეუბნება, წელს სამეულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, შენი დიდი იმედი მაქვსო“ – ეროვნული გუნდის კაპიტნის გიორგი ნემსაძის ეს სიტყვები ივლისის დასაწყისში დაბეჭდა გაზეთმა სარბიელმა. თბილისის დინამოში გატარებული ხანმოკლე პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა სქოთურ კლუბთან. ნემსაძე პირველი ქართველი გახდა, რომელიც შოტლანდიის პრემიერლიგის გუნდს შეუერთდა.
დაახლოებით იმავე დღეებში დაიწერა, რომ ფლორენციის ფიორენტინამ რომაში გადასული გაბრიელ ბატისტუტას შემცვლელად შოთა არველაძე ისურვა. გაზაფხულზე, სტამბოლის გალათასარაისთან ერთად უეფას თასზე ტრიუმფის შემდეგ თურქული კლუბის დამრიგებელმა ფათიხ თერიმმა ფიორენტინა ჩაიბარა. ფლორენციელებმა ბატისტუტა თერიმის მისვლამდე გაუშვეს რომაში, ჰოდა, „იმპერატორმაც“ კარგად ნაცნობ ქართველ თავდამსხმელს დაადგა თვალი. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ იტალიურ პრესაში ფიორენტინას, შოთას მხარდამხარ, ევრო 2000-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, იუგოსლავიის ნაკრების ტანმაღალი ფორვარდი სავო მილოშევიჩიც დაუკავშირეს.
„ვინ იცის ფიორენტინა ჩემს სანაცვლოდ რამდენს სთავაზობს აიაქსს? მწვრთნელ კო ადრიაანსეს ადრეც უთქვამს, არველაძეს არ გავყიდიო, მე კი… ფიორენტინაში გადასვლა ახლა თუ არ მოხერხდა, დარწმუნებული ვარ გაისად აიაქსი მაინც გამყიდის. იმ დროისთვის კონტრაქტით ერთი წელი დამრჩება აქ სათამაშო და არ მგონია ჩემს სანაცვლოდ ასაღები ფული ხელიდან გაუშვან“, – უთხრა შოთა არველაძემ სარბიელელ კობა ინასარიძეს, რომელიც მას სერია ა-ში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შეეხმიანა. აიაქსის ბომბარდირმა საბოლოოდ გამორიცხა ვალენსიაში გადასვლა, კლუბმა უკვე დაიმატა სამხრეთამერიკელი ფორვარდიო…
„მე თემურ შაშიაშვილი მეგობრად მიმაჩნდა, თურმე მტერი ყოფილა“. ეს სიტყვები ტორპედოს პრეზიდენტის მიხეილ ქორქიას ინტერვიუდანაა, რომელიც 6 ივლისს გამოქვეყნდა სარბიელში. საქართველოს ჩემპიონთა ხელმძღვანელს, ვეტერან კალათბურთელსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ჟურნალისტი იუზა კაციტაძე ესაუბრა:
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცაში დამნაშავე ვიყო, ოღონდ ვერ გამიგია რაში. ბევრ რაღაცებს გვაბრალებენ… მაგრად მწყდება გული…
თქვენც კარგად გახსოვთ ჩემპიონატის ბოლო მატჩი ვიტ ჯორჯიასთან. წამოხტა ბატონი გუბერნატორი და გაბრაზებული გაიქცა. მე ეს შეურაცხყოფად მივიღე. მერე ტელევიზიით გამოსულა და ცილი დაგვწამა. ერთხელ, ორჯერ… ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია. ვერ მოვიგე და ამიტომ უნდა მლანძღო?
თამაში გავეცითო?! გამორიცხულია! არ არსებობს მიშა ქორქიამ ასეთი რამ ჩაიდინოს. მარტო ქორქიამ კი არა, მსგავსი რამ რომ გავიგო კლუბში, პირველი მე ვაგებინებ პასუხს. ჩვენ პროფესიონალები ვართ…
ამდენს რომ ლაპარაკობ და საზოგადოებას შენს აზრს ახვევ თავს, ვინ მოგცა ამის უფლება? ჯერ დაამტკიცე რასაც ქადაგებ და მერე კი ბატონო. ძალიან ნაწყენი ვარ! ვითომ ტორპედო სულ ჩემპიონი იყო და ახალი არაფერი მომხდარა…
გინებ-გინებით გარბიხარ… ქვეყანა გიყურებს… გავშრი კაცი, ერთი სიკვდილი გავათავე! ისე გამოვიდა, გუბერნატორს უნდოდა იმ მატჩის მოგება, ჩვენ კი არა…
არ ეკადრებოდა გუბერნატორს ასეთი საქციელი“.
გაზეთის იმავე ნომერში დაიბეჭდა ჩანახატი სანკტ-პეტერბურგიდან ტრიუმფით დაბრუნებული ნორჩი დინამოელის ბავშვთა გუნდის შესახებ. თამაზ კოსტავას და გია ჯანგავაძის ხელმძღვანელობით მოთამაშე ბიჭუნებმა ერთი წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორეს და „თეთრი ღამეების“ სახელით ცნობილი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგეს. ამ ცნობაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ნორჩი დინამოელის იმ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მომავალი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. ასე მაგალითად, რევაზ თევდორაძეს ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა, თორნიკე გორგიაშვილი უძლიერესი ნახევარმცველი გახდა, რჩეული თავდამსხმელის თასი ბექა გოცირიძემ ჩაიბარა (ბექა 2026 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა 37 წლისა), ყველაზე მეტი გოლი კი რევაზ ბარაბაძემ გაიტანა.
მეორე დღეს, 2000 წლის 7 ივლისს, ფიფამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა დაასახელა. შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამართული კენჭისყრა მოსალოდნელზე გვიან დასრულდა, რადგან კანდიდატებს შორის ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. ისტორიაში პირველად მასპინძელი ერთი პროცედურით კი არა, მხოლოდ მესამე რაუნდში გამოვლინდა.
ფიფას ოქროს თასის გათამაშების მიღების შანსი პირველად მაროკომ დაკარგა, რომელსაც მხოლოდ სამმა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. გერმანიას ყველაზე მეტი, 10 ხმა ერგო, სამხრეთ აფრიკას – 6, ინგლისს კი 5. მეორე ტურში გერმანიის და სამხრეთი აფრიკის პროექტმა 11-11 ხმა მიიღო, ინგლისმა კი მხოლოდ 2. გადამწყვეტ, მესამე რაუნდში გერმანიას 12-მა მონაწილემ დაუჭირა მხარი, სამხრეთ აფრიკას კი ერთით ნაკლებმა.
გერმანიის დელეგაციას ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი ხელმძღვანელობდა. ციურიხში წარმატება მას ლამის მესამე მსოფლიო ჩემპიონობად ჩაუთვალეს. „ყველაფერი ოქროდ იქცევა, რასაც კი კაიზერი ეხება“ – დაწერა ერთ-ერთმა გერმანულმა გამოცემამ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ახალზელანდიელმა წევრმა ჩარლი დემპსიმ უკანასკნელ რაუნდში ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, რის ხარჯზეც გაიმარჯვა გერმანიამ. არადა, დემპსის ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციისგან სწორედ სამხრეთი აფრიკის პროექტის მხარდაჭერა ჰქონდა დავალებული. იმ შემთხვევაში, თუ ის კენჭისყრაში მიიღებდა მონაწილეობას, ხმები გაიყოფოდა, ასეთ დროს კი გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელიც აფრიკელთა გულშემატკივარი გახლდათ.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის დასახელებიდან რამდენიმე საათში ფიფამ სხვა საკითხებისთვისაც მოიცალა. მათ შორის იყო თბილისის დინამოს გახმაურებული პრობლემა, რომლის მოგვარებას არა და არ დაადგა საშველი. იქიდან გამომდინარე, რომ დინამომ შვეიცარიიდან მიღებული უკანასკნელი გაფრთხილების შემდეგაც ვერაფერი იღონა და მრეტებს დაკისრებული 300 ათასი დოლარის ნახევარი 30 ივნისამდე ვერ გადაუხადა, ფიფამ გადამჭრელ ზომებს მიმართა: საქართველოს 10-გზის ჩემპიონს სატრანსფერო საქმიანობა აუკრძალა! ამას გარდა, დინამომ ახალგაზრდული შემადგენლობიდან სასურველი მოთამაშეების დაწინაურების შანსიც დაკარგა.
კლუბის საბოლოო ბედი ფიფას სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო. იმ დროს მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კომიტეტის შეკრების ზუსტი თარიღი მხოლოდ ივლისის მიწურულს დადგინდებოდა.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება 7 ივლისის ვერდიქტზე მკაცრი იქნება… ყველაზე კარგ ვარიანტში დინამოს, ალბათ, პირველ ლიგაში დააქვეითებენ… – ვარაუდობდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები.
ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება 2000 წლის 12 ივლისს დაიწყო. უცნაური ის იყო, რომ დიღომში, ბაზაზე არც მურთაზ ხურცილავა გამოჩენილა და არც სერგო კუტივაძე, არადა მერაბ რატიანმა ორივე მათგანი ლამის ერთი თვით ადრე დაასახელა მთავარ მწვრთნელებად. სამაგიეროდ, დინამოელებს დირექტორატის წევრებთან ერთად შეხვდა სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია.
„ბევრი ვიფიქრეთ, ავწონ-დავწონეთ სიტუაცია და საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღეთ: დინამოს მთავარი მწვრთნელი რევაზ არველაძე იქნება“, – ამ სიტყვებით დაიწყო მერაბ რატიანმა გუნდთან შეხვედრა. მის განცხადებას ფეხბურთელების ტაში მოჰყვა, ბიჭებმა ყოფილ თანაგუნდელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, რის შემდეგაც არველაძემ, რომელიც მანამდე მათ შორის იჯდა, ხელმძღვანელებთან გადაინაცვლა.
ამის შემდეგ ფეხბურთელებს მერაბ ჟორდანიამ მიმართა:
„ნუ დაივიწყებთ რომელი კლუბის წევრები ხართ. დინამო თითოეული ქართველის სიამაყეა. გულით მსურდა თქვენთან მოსვლა და ალალად ლაპარაკი…
დინამო, კარგად იცით, ვალში არავისთან დარჩენილა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან გთხოვთ, ამ სახელს გაუფრთხილდით, ეს თქვენი ღირსებაცაა…
ყველა ქვეყანას ერთი რომელიმე გამორჩეული, ლიდერი გუნდი ჰყავს. მე ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტი ვარ და, რა თქმა უნდა, სრული ნეიტრალიტეტის დაცვით ვიტყვი, რომ ასეთ გუნდად საქართველოში დინამო მიმაჩნია. როგორც რიგითი ქართველი კი ვქომაგობ კიდეც თბილისის დინამოს. ცხოვრების ნახევარი სწორედ ამ კლუბში გავატარე. დინამო იყო, არის და იქნება საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი, აქვს დიდი ტრადიცია და ავტორიტეტი…
დღეს კლუბს ორი უმთავრესი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ერთი: სასწრაფოდ რეგისტრაცია უნდა გაიაროს იუსტიციის სამინისტროში. ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვე კიდევ არის და ამ ხნის განმავლობაში კლუბის დამფუძნებლებმა – საზოგადოება დინამომ და შპს ბერმუხამ თავიანთი ამბები ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და შეთანხმდნენ. მე დინამოში წილი აღარ მაქვს. დამფუძნებლები ორნიღა დარჩნენ…
მეორე პრობლემა ფიფას სანქციაა. კლუბს ჯერ სატრანსფერო საქმიანობა აუკრძალეს, მერე კი… სასჯელის სხვა ფორმაც არ არის გამორიცხული, თუმცა დინამოს ფეხბურთის ფედერაცია გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეცდები, ფიფამ კლუბი დაინდოს. საამისო გამოსავალს ვეძებთ, მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ფიფას ჩინოსნებთან და ამ საქმეზე ველაპარაკები“.
კრება ამით დასრულდა. ფეხბურთელებს არ უვარჯიშიათ, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ისინი სამი დღის შემდეგ დაიბარა. ბაზაზე მხოლოდ დირექტორატის წევრები და რევაზ არველაძე დარჩნენ, მათ ახალი კონტრაქტები და სხვა საკითხები უნდა განეხილათ.
ვერცერთი მათგანი წარმოიდგენდა, რომ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 2000 წლის 20 ივლისს სამართალდამცავები თბილისის დინამოს პრეზიდენტს მერაბ რატიანს დააკავებდნენ.
იმ ამბავს, ასევე 2000 წლის ივლის-აგვისტოს სხვა საინტერესო საფეხბურთო მოვლენებს წერილის მეორე ნაწილში, ერთი კვირის შემდეგ შეგახსენებთ.
I ნაწილის დასასრული. გაგრძელება 26 ნოემბერს
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 19 ნოემბერი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 19 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
