ეროვნული ნაკრების ისტორია: ესტონეთი 1:0 საქართველო

„ლევან კობიაშვილი ფრაიბურგის საუკეთესო ფეხბურთელია. 22 წლის ნახევარმცველი წლეულს საუცხოოდ თამაშობს, შეუდარებელია. სეზონის ბოლო მატჩებში კობიაშვილმა 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მთელ სეზონში კი მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, შტუტგარტთან, ხუთი გაფრთხილების გამო.

გასაკვირი სულაც არ არის ტექნიკითა და თამაშის ორგანიზაციის უნარით დაჯილდოებული ფეხბურთელით ბევრი ცნობილი კლუბი რომ არის დაინტერესებული. ჩვენი ინფორმაციით კობიაშვილის გადაბირება ნიდერლანდების და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ამსტერდამის აიაქსს სურს. მათი წარმომადგენლები გერმანიაშიც იყვნენ ჩამოსულები კობიაშვილის სანახავად“.

ეს სიტყვები მაისის მიწურულს დაიბეჭდა კიკერში. ამსტერდამული გრანდი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოთამაშით რომ დაინტერესდა, ჩვენი ფეხბურთის ქომაგებმა პირველად გერმანიის ყველაზე პოპულარული საფეხბურთო გამოცემიდან შეიტყვეს.

1999-2000 წლების სეზონში ფრაიბურგმა ბუნდესლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, ეს ფოლკერ ფინკეს გაწვრთნილი კლუბის ქართველი ლეგიონერების დამსახურებაც იყო. მართალია ალექსანდრე იაშვილს ტრავმის გამო არაერთი მატჩი გაუცდა, მაგრამ კობიაშვილი შავ-წითლების ლიდერად მოგვევლინა, ბუნდესლიგის 33 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის იმ სეზონის ორივე ლიდერის, ლევერკუზენის ბაიერის და მიუნხენის ბაიერნის კარში.

2000 წლის 13 მაისს ფრაიბურგმა ლევან კობიაშვილის გადამწყვეტი გოლით 2:1 დაამარცხა კაიზერსლაუტერნი. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გადაწყდა, რომ ფინკეს ბიჭები მომდევნო სეზონშიც ბუნდესლიგაში ითამაშებდნენ. გავიდა რამდენიმე დღე და კიკერმა აიაქსის დაინტერესების შესახებ დაწერა, კიდევ ცოტა ხანში კი ლევანმა პირველი დიდი ინდივიდუალური აღიარება მოიპოვა: გაზეთმა სარბიელმა ტრადიციული რეფერენდუმის შედეგები შეაჯამა და იგი 1999-2000 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ გამოაცხადა.

სარბიელის გამოკითხვაში 43-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის ვიყავი მეც. სეზონის რჩეულად კიევის დინამოს მცველი კახა კალაძე დავასახელე, მეორე ადგილზე მისი თანაკლუბელი გიორგი დემეტრაძე, კობიაშვილი კი მესამე ადგილზე „გავიყვანე“.

სამეული სწორედ ამ ფეხბურთელებით შედგა, მაგრამ განსხვავებული თანმიმდევრობით: ლევანმა 158 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, კალაძე მეორეზე გავიდა – 136, დემეტრაძე კი მესამე იყო – 73.

გიორგი ქინქლაძის (1993, 1996), შოთა არველაძის (1994, 1998), აკაკი დევაძის (1995), თემურ ქეცბაიას (1997) და ზაზა ჯანაშიას (1999) შემდეგ ლევან კობიაშვილი სარბიელის გამოკითხვის მეექვსე გამარჯვებული გახდა.

„რაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, წლევანდელი სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო. აქამდე ასე ძლიერად არ მითამაშია. წარმოუდგენელიც არაფერი მომხდარა. ვფიქრობდი, საუკეთესოდ თუ არა, მეორე-მესამე ადგილზე მაინც დამასახელებდით. ბედნიერი ვარ, გმადლობთ…

ამ სეზონში ბევრმა ითამაშა კარგად: კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე… არჩილ არველაძეს ბრედაში ყოველ მატჩში გოლი გაჰქონდა… ალექსანდრე იაშვილმაც ჩინებულად ითამაშა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა… გოჩა ჯამარაული თავისი გუნდის ლიდერი იყო…

რუსეთში რომ ვთამაშობდი, წლის საუკეთესო უცხოელის, საუკეთესო ახალგაზრდის და წლის აღმოჩენისთვის დაწესებული პრიზები ერთად გადმომცეს, მაგრამ სარბიელის პრიზი ყველას მირჩევნია. სამშობლოში პირველობას სულ სხვა ფასი აქვს. ვნატრობდი და ამისრულდა კიდეც, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი“! – ეს სიტყვები ჟურნალისტების რჩეულმა სარბიელელ კობა ინასარიძეს უთხრა (2000 წლის 3 ივნისი).

სარბიელმა XI ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც დაასახელა. ეს პატივი ქუთაისის ტორპედოს ლიდერს, პირველობის ბომბარდირს ზურაბ იონანიძეს ერგო. მან დიდი უპირატესობით აჯობა ვარლამ კილასონიას (რუსთავის გორდა) და გიორგი ყიფიანს (თბილისის ვიტ ჯორჯია). მე პირველ ადგილზე სწორედ ეს უკანასკნელი დავასახელე.

ბაქოში, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ, ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, თანაგუნდელების მსგავსად ერთი დღით დაისვენა და 6 ივნისს კვლავ დიღმის საწვრთნელ ბაზას მიაკითხა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა ადრე შერჩეულ შემადგენლობას კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაამატეს და ესტონეთის ნაკრებთან 11 ივნისს ტალინში დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის მზადება განაახლეს.

მწვრთნელების განკარგულებაში კიევის ცსკა-ში მოთამაშე ვიტალი დარასელია, მამია ჯიქია (რუხი, პოლონეთი), თბილისის ლოკომოტივის და ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები გიორგი ლომაია და გივი კვარაცხელია, თბილისის დინამოელი ირაკლი ვაშაკიძე, ბათუმის მცველი ზურაბ არჩვაძე, უგუნდოდ მყოფი გიორგი კიკნაძე და ისრაელიდან დაბრუნებული გივი დიდავაც მოხვდნენ.

ეს უკანასკნელი, კლიმენტი წიტაიშვილთან ერთად, ივნისის დასაწყისში თელ-ავივის მაკაბის შეუერთდა. ფეხბურთელებმა კი თქვეს, რომ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დინამოს საბჭომ მათ გათავისუფლების ფურცელი არ მისცა და ისინი მაკაბიდან გამოიხმო.

ეს იმ დროს დინამოს ერთადერთი პრობლემა არ იყო. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ ჩიმაკაძემ ლიეჟის სტანდარდთან ინტერტოტოს თასის პირველ ეტაპზე მატჩისთვის მზადება მხოლოდ თერთმეტი მოთამაშით დაიწყო (პირველი შეხვედრა 18 ივნისს იყო დანიშნული თბილისში), ამაზე უარესი კი კლუბის ხელმძღვანელთა დაპირისპირება გამოდგა.

დინამოს გენერალურმა მდივანმა ვაჟა ჟვანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე დღით ადრე აცნობა, ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო ინტერტოტოს თასზე ვერ ვითამაშებთო, კლუბის პრეზიდენტმა მერაბ რატიანმა კი პირიქით, სფფ-ს ევროთასზე თამაშის სურვილი დაუდასტურა. ამ უცნაური ფაქტის გამო ჟვანია რატიანს ღიად დაუპირისპირდა.

ან მე, ან მერაბ რატიანი – ამ სათაურით გამოქვეყნდა გაზეთ სარბიელში (2000 წლის 3 ივნისი) ვაჟა ჟვანიასთან ინტერვიუ. დინამოს გენერალურ მდივანს ჟურნალისტი პაატა კვანტალიანი შეხვდა:

„რატიანმა დანა ჩაგვცა ზურგში მეც და დინამოსაც. გარწმუნებთ, თანხმობის წერილი მან ჩემთან შეუთანხმებლად მისწერა სფფ-ს. არადა სიგიჟეა ინტერტოტოზე თამაში. წარმოიდგინეთ, ამდენი ვალია გადასახდელი, იქ თამაშით კი კიდევ ვალს ვიდებთ.

ისიც საკითხავია, რა იმედით უნდა ითამაშონ? 7 კაცი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული, ინტერტოტოს გათამაშება კი 18 ივნისს იწყება. ესე იგი, მოსამზადებელი პერიოდი, ფაქტობრივად, ჩაგდებულია. უეფადან გუშინ ფაქსი მივიღე, პირველ თამაშს დინამო შინ, ეროვნულ სტადიონზე გამართავს სტანდარდთან. ამიხსნან, რა აზრი აქვს თამაშს? ვალის გადახდა არ უნდათ, ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი? მე ჩემი სინდის-ნამუსი მაქვს, პასუხისმგებლობასაც ამიტომ ვიხსნი…

მერაბ რატიანს ტელეფონზე ვესაუბრე. ჩემი არგუმენტაცია დავასაბუთე. მე მას კაცურადაც დავუდექი გვერდით, ფულითაც, სიკეთითაც, ყველანაირად, მან კი რით გადამიხადა? ეს ღალატია, ღალატი კი ბავშვობის მეგობარ მერაბ ჟორდანიასაც არ ვაპატიე და არც არავის ვაპატიებ…

ბლეფი ყოფილა დინამოს საბჭოს განცხადება, რომ ყვიროდნენ ვალი დროზე გადავიხადოთ, საქმე გამოვიტანოთ სასამართლოდანო… მე საბოლოოდ დავრწმუნდი ერთ რამეში – ამ ვალის გადახდა არავის არ უნდა…

მივედი დინამოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თუშურაშვილთან და მის მოადგილე მაჭავარიანთან, ავუხსენი, რომ დიდავა-წიტაიშვილის ტრანსფერის საქმე თითქმის მოგვარებულია, რომ ებრაელები მზად არიან დაუყოვნებლივ გადმოგზავნონ 200 ათასი დოლარი ტრანსფერის სანაცვლოდ. საჭირო იყო მხოლოდ თუშურაშვილის და მაჭავარიანის ხელმოწერა იმაზე, რომ თანახმანი არიან გაიცეს ტრანსფერი. როგორ გგონიათ, რა ქნეს? ხელი არ მოაწერეს საბუთს, ვალერი ჩოლარიას დაველოდოთო…

გეკითხებით, რა ლოდინზეა საუბარი, როცა 31 მაისს TBC ბანკს ვალი უნდა დაბრუნებოდა? მე ფულს ხელს არ ვკიდებ. მაკაბისთან შეთანხმებით, ეს თანხა პირდაპირ TBC ბანკს უნდა დაჯდომოდა ანგარიშზე, მაგრამ…

თუშურაშვილი-მაჭავარიანის უარის შემდეგ სასწრაფოდ დოკუმენტი შევადგინე, რომ დინამოს საბჭო უარზეა ტრანსფერი გაიცეს და ჩემი მხრივ ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობას ვიხსნი. ამ განცხადებაზე თავად თუშურაშვილს მოვაწერინე ხელი. იცით თქვენ, უსაბუთოდ მოქმედება არ მჩვევია. განცხადებაც წარვადგინე TBC ბანკში, რომ დინამოს საბჭოსგან ხელისშემშლელი პირობები გაჩნდა და პასუხისმგებლობა მათ წინაშეც მოვიხსენი…

რატიანის განცხადებით, ამ ფეხბურთელებში უფრო მეტი თანხის აღებაა შესაძლებელი და ალბათ, ამიტომაც ამბობენ უარს ტრანსფერის გაცემაზე, მაგრამ დრო გადის, ვალი გადასახდელი რჩება. რა უნდა რატიანს? რას ფიქრობს, დამისაბუთოს რა სტრატეგიით, რა საშუალებით აპირებს ფულის შოვნას, როდის უნდა გაისტუმროს ვალი?..

დინამოში მოსვლის დღიდან ვამბობ, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს, ის კი იტყუება, მითებს ქმნის… რვა წლის განმავლობაში რომელიმე მისმა იდეამ, ჩანაფიქრმა გაამართლა? მე პირადად უკვე ეჭვით არ ვუყურებ რატიანს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოცილება უნდათ…

თუ დინამოს დანგრევა უნდათ, უჩემოდ დაანგრიონ. ორი წელი შინაურ ემიგრაციაში ვიმყოფებოდი, ახლაც შემიძლია იგივე გავაკეთო, მაგრამ ასე ადვილად აღარ წავალ, რადგან ფულით და სიკეთით ვარ დინამოში მოსული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე რომ დინამოში ფული არ მომეტანა (55 ათასი დოლარი), ეს კლუბი ეროვნულ ჩემპიონატს არ დაასრულებდა“.

მეორე დღეს სპორტულმა გამოცემებმა მერაბ რატიანის კომენტარი გაავრცელეს:

„დინამოსა და მაკაბის გარიგება ჩაიშალა. პირობებზე ვერ შევთანხმდით, დიდავა და წიტაიშვილი უკან გამოვიხმეთ. ასე იყო საჭირო. შესაძლოა, გივიმ და კლიმენტიმ ინტერტოტოზე, სტანდარდის წინააღმდეგაც ითამაშონ. არ არის გამორიცხული ისინი სხვა რომელიმე ქვეყნის კლუბშიც ვიხილოთ. ჯერაც განიხილება რუსული ცეესკას ვარიანტი. ასე რომ, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია“.

დინამოს პრეზიდენტს ვაჟა ჟვანიას სხვა განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით კი თქვა, რომ სტანდარდთან მატჩებში გუნდს ჯემალ ჩიმაკაძე უხელმძღვანელებდა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ათგზის ჩემპიონი ბელგიურ ბარიერს დაძლევდა და მეორე ეტაპზე გავიდოდა, მისი მეტოქე იტალიის პერუჯა იქნებოდა. რატიანის თქმით, იმ დროისთვის კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებოდა, ჩიმაკაძე კი გუნდის სტრუქტურაში დარჩებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დინამო ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს მურთაზ ხურცილავას და სერგო კუტივაძეს ერთდროულად ეპატიჟებოდა.

ეს სიახლე მოულოდნელი გამოდგა სფფ-ის გენერალური მდივნისთვის. ვალერი ჩოლარიამ თქვა:

„ფედერაციამ მხოლოდ ორი მწვრთნელისთვის დაუშვა გამონაკლისი, ძოძუაშვილსა და ყიფიანს მისცა ნება, კლუბებშიც ემუშავათ. ახლა დავფიქრდებით, ჩვენი პოზიცია ალბათ უწინდელისგან განსხვავებული იქნება. როგორი? ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ისე კი, სავარაუდოდ, ფედერაცია ხურცილავას და კუტივაძეს ახალგაზრდული ნაკრების პარალელურად კლუბის გაწვრთნას არ დაანებებს“.

7 ივნისს, ესტონეთში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, ნაკრების მწვრთნელთა საბჭო ჯერ იამანიძის ქუჩაზე, ფეხბურთის ფედერაციაში შეიკრიბა, თათბირის შემდეგ კი, შუადღით, ეროვნულ სტადიონს მიაკითხა, სადაც ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულებმა ორმხრივ შეხვედრაში ითამაშეს.

საინტერესოა, რომ „მეტოქეები“ დინამოს და თბილისის მაისურებით გავიდნენ მინდორზე. დინამოს „შემადგენლობა“ ასეთი იყო: სოსო გრიშიკაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან სილაგაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, თენგიზ სიჭინავა, გიორგი ქინქლაძე, რევაზ არველაძე, არჩილ არველაძე, შოთა არველაძე (ირაკლი ვაშაკიძე).

თბილისი კი ასე „გამოიყურებოდა“: ნიკა ტოგონიძე (გიორგი ლომაია), გივი დიდავა, გიორგი ჩიხრაძე, ირაკლი ვაშაკიძე (ზურაბ არჩვაძე), სევასტი თოდუა, ლევან ცქიტიშვილი (მამია ჯიქია), ვიტალი დარასელია, ზურაბ იონანიძე, გიორგი კიკნაძე, ალექსანდრე იაშვილი, რატი ალექსიძე.

საინტერესო თამაში, რომლის მთავარი მსაჯი ავთანდილ შალამბერიძე გახლდათ, დინამოელებმა მოიგეს – 4:1. პირველი ბურთი თემურ ქეცბაიამ შეაგდო, მეორე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან არჩილ არველაძემ (ტოგონიძემ პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებულთან ვერას გახდა), ბოლო ორი ბურთი კი შოთა არველაძემ გაიტანა, პირველად უფროსი ძმის პასით, მეორედ კი ქინქლაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ. რაც შეეხება თბილისის ერთადერთ გოლს, ის რატი ალექსიძის ანგარიშზე იყო, მან გრიშიკაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო.

9 ივნისს ყიფიანმა და ძოძუაშვილმა საბოლოო სია გამოაცხადეს:

მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი (თბილისის დინამო), ნიკა ტოგონიძე (ბათუმი)

მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ჩიხრაძე (ორივე თბილისის ლოკომოტივი), ლევან სილაგაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გიორგი ნემსაძე (დანდი, შოტლანდია), ალექსანდრე რეხვიაშვილი (რიგის სკონტო, ლატვია), კახა კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა).

ნახევარმცველები: რევაზ არველაძე, თენგიზ სიჭინავა (ორივე თბილისის დინამო), გიორგი ქინქლაძე (დერბი ქაუნთი, ინგლისი), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), ვიტალი დარასელია (მოსკოვის ცსკა, რუსეთი), რატი ალექსიძე (ლონდონის ჩელსი, ინგლისი)

თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), გიორგი დემეტრაძე (კიევის დინამო, უკრაინა), დავით ჩალაძე (რიგის სკონტო, ლატვია), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია).

ბალტიისპირეთში გამგზავრებამდე ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ნაკრების მწვრთნელები თბილისში არ დაბრუნდებოდნენ. ამხანაგური მატჩის შემდეგ ისინი ბელგიასა და ნიდერლანდებში გაემგზავრებოდნენ, რათა საქმეში ენახათ მომავალი მეტოქეები, იტალიის და რუმინეთის ნაკრები გუნდები. ევრო 2000-ზე ისინი ერთ ჯგუფში მოხვდნენ თანამასპინძელ ბელგიასთან და შვედეთთან ერთად.

ითქვა ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე იმუშავებდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი დავით პეტრიაშვილი. უეფამ ის არნემში დანიშნული სამი მატჩის დირექტორად მიიწვია. 11 ივნისს იქ იტალია-თურქეთის შეხვედრა იყო დანიშნული, 17 ივნისს რუმინეთი პორტუგალიას დაუპირისპირდებოდა, დავით პეტრიაშვილის ბოლო შეხვედრა კი სლოვენია-ნორვეგია იყო.

ეროვნული ნაკრების ტალინში გამგზავრების დღეს დიდავა-წიტაიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა: დინამომ და მაკაბიმ 230 ათას დოლარზე მოილაპარაკეს. ფეხბურთელები 20 ივნისს უნდა გამგზავრებულიყვნენ ისრაელში, სადაც ორწლიან ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ.

ესტონეთთან მატჩამდე ნაკრებს სამი ფეხბურთელი გამოაკლდა. კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში მძიმედ დაშავდა, პოლტავის ვორსკლასთან მატჩში მეტოქემ კოჭში ჩაარტყა ფეხი და ქართველიც საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისთვის სეზონი დასრულდა. რაც შეეხებათ ზურაბ მენთეშაშვილს და გოჩა ჯამარაულს, მათ ფეხი იტკინეს.

10 ივნისს ევრო 2000 დაიწყო. ბრიუსელში, მეფე ბოდუინის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელმა ბელგიამ ბარტ გოორის და ემილ მპენზას ზუსტი დარტყმებით 2:1 სძლია შვედეთს.

მეორე დღეს, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე ტალინში, კადრიორგიზე ესტონეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრა დაიწყო.

დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩიეს: სოსო გრიშიკაშვილი, ლევან სილაგაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, თენგიზ სიჭინავა, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე.

შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოში არ გადმოუციათ, ამიტომ ესტონელ ჟურნალისტს ტარმო ლეხისტეს უნდა ვენდოთ, რომელმაც სპეციალურად გაზეთ სარბიელისთვის დაწერილ წერილში (2000 წლის 13 ივნისი) აღნიშნა:

„მატჩი ერთობ უინტერესო და მოსაწყენი გამოდგა. 90 წუთის განმავლობაში უპირატესობა სტუმრებისა კი გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც წაგებულები დარჩნენ. ქართველებს პოომის კართან ერთ რეალურ მომენტზე მეტი არ შეუქმნიათ…

ის ერთი მომენტი მეორე ტაიმში იყო, როცა დემეტრაძემ საჯარიმოში ბურთი კარისგან ზურგშექცევით მდგომმა მიიღო, დაამუშავა, შეტრიალდა, ერთი მცველი მოატყუა, პოომს გაუსწორდა და დაარტყა. მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დამთავრდა, კარი ძელმა იხსნა…

სტუმრები ძალიან დიდხანს აგორებდნენ ბურთს, ძირითადად მოედნის ცენტრში, კართან მიახლოება კი უჭირდათ, რადგან ესტონელი მცველები ძალიან კარგად, საიმედოდ თამაშობდნენ და როგორც კი ბურთს მოიგდებდნენ, დაუყოვნებლივ წინ, ესტონელთა საუკეთესო ოპერის მისამართით ურტყამდნენ. სხვათა შორის, ეს სწორედ ის ოპერია, დანიური ოლბორგის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში კიევის დინამოს გოლი რომ გაუტანა…

მასპინძლებს სამი-ოთხი ნაღდი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა გრიშიკაშვილის გადამკიდეებმა ერთის მეტი ვერ გაიტანეს. ის ერთიც მე-17 წუთზე, როცა ზურაბ ხიზანიშვილმა ანდრეს ოპერს მაისურაზე დაქაჩა და მსაჯმაც უყოყმანოდ და სამართლიანად დანიშნა პენალტი. პენალტი ზელენსკიმ ძალიან ცუდად დაარტყა, ბურთი გრიშიკაშვილმა მოიგერია, პიიროიამ კი ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა“.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ: სოსო გრიშიკაშვილმა ნაკრებში თამაშისას მეორე პენალტი მოიგერია. პირველი ზუსტად ექვსი წლით ადრე, 1994 წლის 11 ივნისს, ნიგერიასთან 1:5 წაგებული შეხვედრის მიწურულს. სხვათა შორის, იმ დროისთვის გრიშიკაშვილი ერთადერთი მეკარე იყო, რომელსაც ნაკრების მაისურით პენალტი ჰქონდა მოგერიებული.

ტარმო ლეხისტემ ესეც აღნიშნა:

„გაშვებული გოლის შემდეგ ქართველები ოდნავ გააქტიურდნენ, მაგრამ დემეტრაძის მომენტის გარდა ღირებული არაფერი შეუქმნიათ…

მეორე ტაიმში ზელენსკის ისევ ქართველმა მეკარემ აჯობა და სასწაულებრივად აუღო დარტყმული, შემდეგ კი ოპერს არ გაატანინა. ორი აზრი არ შეიძლება იყოს, ამ მატჩში საუკეთესონი მასპინძელთა ოპერი და სტუმართა გრიშიკაშვილი გახლდნენ. რომ არა მეკარე, ესტონელები, ალბათ, მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვებდნენ“.

ესტონელი ჟურნალისტის რეპორტაჟის ეს ნაწილი ძალიან წააგავდა ერთი კვირით ადრე აზერბაიჯანელი კორესპონდენტის წერილში აღნიშნულს, როცა მან ბაქოში 0:0 დასრულებული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელებად მასპინძელთაგან ბადრი კვარაცხელია, ქართველებიდან კი მეკარე დავით გვარამაძე დაასახელა.

„ჩვენი ფეხბურთელებით აღშფოთებული ვარ. მათ დღეს, რატომღაც, თამაში არ უნდოდათ“! – დავით ყიფიანი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, რაც ვფიქრობ, სავსებით საკმარისია იმ მატჩზე წარმოდგენის შესაქმნელად, რომლის რეპორტაჟი, სამწუხაროდ, არ გვინახავს.

თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა ნაწილი დასასვენებლად გაემგზავრა, მწვრთნელებმა ნიდერლანდებს მიაშურეს, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა კი დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავდა, 16 აგვისტოს, თეირანში ირანის ნაკრების წინააღმდეგ. სფფ-ის თქმით უახლოეს მომავალში გადაწყდებოდა მექსიკის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრის საკითხიც. იმ დროისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ საქართველო და მექსიკა იტალიის რომელიმე ქალაქში თამაშს გეგმავდნენ.

14 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები დაიწყო, ქართულმა სპორტულმა გამოცემებმა კი გულშემატკივრებს დიდავა-წიტაიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგი ახალი ამბავი ამცნეს:

ფეხბურთის ფედერაციამ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ დინამოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის რობინზონ თუშურაშვილის მიერ დამოწმებული ფაქსი მიიღო, სადაც იგი წერდა, რომ დინამო თანახმა იყო გივი დიდავას და კლიმენტი წიტაიშვილს კარიერა თელ ავივის მაკაბიში გაეგრძელებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ებრაელებისგან სანაცვლოდ მისაღები 230 ათასი დოლარიდან 130 ათასი TBC ბანკის ანგარიშზე დაირიცხებოდა (ბანკის ვალის გასასტუმრებლად), დანარჩენი კი… ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურ ანაგრიშზე.

ეს იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არც მერაბ რატიანს აღიარებდა დინამოს პრეზიდენტად და არც ვაჟა ჟვანიას გენერალურ მდივნად, მაკაბისგან მიღებულ 100 ათას დოლარს კი სფფ ისევ და ისევ დინამოს სასარგებლოდ განკარგავდა: ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებას გაისტუმრებდა, ლიეჟის სტანდარდთან ინტერტოტოს საშინაო შეხვედრას ჩაატარებდა და თუ ამის შემდეგ რაღაც თანხა დარჩებოდა, მასაც ვალებს მოახმარდა, თუნდაც იმავე მრეტების დავალიანებას, რომელიც ბოლო შეთანხმებით, 2000 წლის 13 ივნისისთვის გასტუმრებული უნდა ყოფილიყო…

* * *
11 ივნისი, 2000. ამხანაგური. ესტონეთი, ტალინი, კადრიორგი. 450
ესტონეთი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 რაიო პიიროია (17)
მე-17 წუთზე სოსო გრიშიკაშვილმა ინდრეკ ზელენსკის პენალტი მოიგერია
ესტონეთი: მარტ პოომი, მარეკ ლემსალუ, ანდრეი სტეპანოვი, ტეეტ ალასი (სერგეი ხოხლოვ-სიმსონი 75), ერკო სავიუკი (ურმას როობა 60), ვიკტორ ალონენი, სერგეი ტერეხოვი, ანდრეს ოპერი, აივარ ანისტა, რაიო პიიროია (იანო იურისონი 46), ინდრეკ ზელინსკი
მწვრთნელი: ტარმო რუუტლი
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი, ლევან სილაგაძე, თენგიზ სიჭინავა (ალექსანდრე რეხვიაშვილი 71), ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი (გიორგი დემეტრაძე 56), გიორგი ნემსაძე (კაპ), თემურ ქეცბაია (რატი ალექსიძე 62), არჩილ არველაძე (დავით ჩალაძე 62), გიორგი ქინქლაძე (რევაზ არველაძე 71), შოთა არველაძე
მწვრთნელები: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: რატი ალექსიძე, ზურაბ ხიზანიშვილი
მსაჯები: სტენ კალდმა; უნო ტუტკი, ჰეიგო ნიილოპი (ესტონეთი)

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 12 ნოემბერი
ფოტო:
ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 12 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian