რიო 2016: 8 აგვისტო

ოლიმპიადის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს გუნდისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა – ყველა მონაწილე პირველივე ეტაპზე დამარცხდა.

ძიუდოთი დავიწყოთ, რადგან კარიოკა არენა 2-ის ტატამზე ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, მისგან კი გულშემატკივრები ოქრო თუ არა, საპრიზო სამეულს ნამდვილად ელოდნენ.

სამწუხაროდ, მარგველაშვილმა ერთი ეტაპის გადალახვაც ვერ შეძლო – ქართველი ფალავნისთვის სლოვენიელი ადრიან გომბოცი დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გამართული 3 პაექრობიდან მარგველაშვილმა 2-ჯერ დაამარცხა მეტოქე, ბრაზილიაში სლოვენიელმა მოიგო და პირადი ანგარიში გაათანაბრა.

ქართველი ფალავნის მარცხთან დაკავშირებით მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონმა, ახლო წარსულში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა შოთა ხაბარელმა გაზეთ ლელოს განუცხადა:
„ვაჟა მარგველაშვილის წაგებას გამოუცდელობით ავხსნი – წამით მოდუნდა და დამარცხდა, თუმცა ვთვლი, რომ ის სლოვენიელზე ძლიერია და დიდი პოტენციალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ორ წონაში მედალი ვერ მოვიპოვეთ, ძიუდოისტთა ნაკრებზე მაინც დიდ იმედს ვამყარებ – ნელ-ნელა ჩვენი გუნდის ლიდერებიც გამოჩნდებიან და დარწმუნებული ვარ, მედლებიც იქნება. 73კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჭიდაობს. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ის ახალ წონაში გადავიდა, უკვე მოახერხა თავის დამკვიდრება 81კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, თან მისი მთავარი მეტოქეები ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ. ერთი სიტყვით, აქ მედლის იმედი უნდა გვქონდეს. რაც შეეხება ვალერი ლიპარტელიანს (90კგ), მისი მთავარი მეტოქე რუსი კირილ დენისოვი მგონია, თუმცა ლიპარტელიანი მას ნახევარფინალამდე არ შეხვდება. მეიმედება ბექა ღვინიაშვილისაც (100კგ). რაც შეეხება მძიმე წონას, ადამ ოქრუაშვილს პირველი შეხვედრა რთულ მეტოქესთან უწევს, მაგრამ არც ისეთ ძლიერთან, რომ ვერ მოუგოს. ერთი სიტყვით, მომავალი პაექრობების წინ იმედიანად ვარ“.

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი ამ წონაში იტალიელმა ფაბიო ბასილემ მოიგო, რომელმაც ფინალში სამხრეთკორეელი ბაულ ანი იპონით დაამარცხა. და როცა ბასილეს ვახსენებთ, შეუძლებელია კიდევ ერთხელ არ ვინანოთ მარგველაშვილის მოულოდნელი წაგების გამო. რატომ? იმიტომ, რომ ვაჟასთვის ამ წონაში დაუძლეველი მეტოქე არავინ იყო, თვით ოლიმპიური ჩემპიონიც კი – მარტის მიწურულს, თბილისის გრან პრის ფინალში ვაჟამ სწორედ  ბასილე დაამარცხა…

მარგველაშვილამდე იასპარეზა ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა და ნინო სალუქვაძემ. ორივე შემთხვევაში გულდასაწყვეტი შედეგი მივიღეთ.

ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუას და იულია ლობჟანიძის სამეულმა გუნდური ტურნირის 1/8-ფინალში მექსიკელთა წინააღმდეგობა ვერ დაძლია – 0:6. გაბრიელა ბაიარდომ, აიდა რომანმა და ალეხანდა ვალენსიამ ქართველ ჩუბინებს სამ სეტში აჯობეს – 50:54, 52:58 და 55:57.

ნინო სალუქვაძემ კი, ვაჟიშვილის დარად, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იასპარეზა. 377 ქულა და 34-ე ადგილი, რაც ფინალისტთა შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელ ერთადერთ ქართველს საუკეთესო 8 მსროლელს შორის მოსახვედრად 7 ქულა დააკლდა. ერთადერთი, რაც გვახარებს ისაა, რომ სალუქვაძის ასპარეზობის შემდეგ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ოფიციალურად ჩაიწერა ქართველი დედა-შვილის მიღწევა – ნინო და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებმაც ერთ ოლიმპიადაზე იასპარეზეს!

გუშინვე შედგა კიდევ ერთი ქართველის, მოცურავე თეონა ბოსტაშვილის ოლიმპიური დებიუტი: 18 წლის რუსთაველმა ბრასით 100 მეტრზე გაცურა – 1:22.91წუთი და 43-ე ადგილი 44 მონაწილეს შორის.

ქართველ ოლიმპიელთაგან ყველაზე გვიან ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იასპარეზა და 1/32-ფინალში ურუგვაელ პაბლო კუევასთან დამარცხდა – 3:6, 7:6, 3:6. ნიკა რიო 2016-ს დაემშვიდობა.

7 აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს გუნდის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და რამდენიმე მწვრთნელი მონაწილეობდა. საუბარი შეეხო ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას, ასევე სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: დღეს ვესტუმრეთ ჩვენს ოლიმპიელებს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ოლიმპიური სოფელი დავათვალიერეთ, ასევე დელეგაციის წევრები, მწვრთნელები და სპორტსმენები მოვინახულეთ. თამაშების სტარტს თან ახლავს ემოცი, თუმცა მთავარი ისაა, რომ გუნდში საბრძოლო განწყობაა, გულშემატკივარს წარმატების მოლოდინი აქვს და ვფიქრობ, მალე შევძლებთ მედლების ათვლას. ამის მედს, პირველ რიგში, ძიუდოისტები გვაძლევენ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ოლიმპიელები ერთ გუნდად არიან შეკრულნი, ეს კი შედეგს ნამდვილად გამოიღებს. დარწმუნებული ვარ საქართველოს ოლიმპიური გუნდი რიოში სათანადო ადგილს დაიკავებს და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ოლიმპიადაზე არაერთხელ აჟღერდება.

7 აგვისტოს ოლიმპიური ამბებიდან რამდენიმე ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას. მაგალითად 25 წლის კოსოვოელი ძიუდოისტის მაილინდა კელმენდის ტრიუმფი.

მსოფლიოს და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2014 წლის საუკეთესო ძიუდოკად აღიარებული კელმენდი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ქვეყნის – კოსოვოს პირველი ოქროსმედალოსანია! ოლიმპიური ჯილდო მას პირადად სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა გადასცა. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული კელმენდიმ ასევე რიო დე ჟანეიროში მოიგო, 2013 წელს. ის ლონდონის ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა, სადაც ალბანეთს წარადგენდა. 4 წლის წინ კელმენდი მეორე წრეში დამარცხდა, რიოში კი ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარი ჯილდო მოიგო.

„უზომოდ ბედნიერი ვარ! გულახდილად გეტყვით – აქ ოქროს მედლის მოსაგებად ჩამოვედი, თუმცა ერთია რას აპირებ და მეორე, თუ რას მიაღწევ… ოლიმპიური ჩემპიონი ვარ და თავი სიზმარში მგონია – მე ხომ პირველი კოსოვოელი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ“! – განაცხადა კელმენდიმ, ვინც გუნდის მედროშე გახლდათ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.

კელმენდის დარად, თავისი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატები – მედროშე იყო მოცურავე მაიკლ ფელპსი, რომელმაც გუშინ… მე-19 ოლიმპიური ოქრო მოიგო! არც მეტი, არც ნაკლები – მე-ცხრა-მე-ტე!!!

ფელპსი, რომელიც მეხუთედ ასპარეზობს ოლიმპიადაზე და ამ მხრივ პირველი ამერიკელი მოცურავეა, მე-19 ოქროს მედალს 4X100-ზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში დაეუფლა – ამერიკელებმა ფრანგებს აჯობეს. ეს ოქრო ფელპსის 23-ე ოლიმპიური ჯილდოა – მის აქტივში 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაოა. 23 მედლით ის, ცხადია, ოლიმპიადების რეკორდსმენია.

საერთოდ, მოცურავეები რიო დე ჟანეიროში დიდებულად ასპარეზობენ – XXXI ოლიმპიადაზე უკვე 6 მსოფლიო რეკორდი დამყარდა და აქედან 5 „ცისფერ ბილიკებზე“!

გუშინწინდელ 2 მსოფლიო რეკორდს გუშინ კიდევ 3 დაემატა – დიდი ბრიტანელი ადამ პიტისა (გულაღმა), შვედი სარა სიოსტრიომის (ბატერფლაი) და თავისუფალი სტილით მოცურავე ამერიკელი კეტი ლედეკისა.

და ბოლოს, 7 აგვისტოს სხვა ამბებიდან კიდევ 4 გამოვარჩევ:
1) მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთეულთა ტურნირს სტარტზევე გამოეთიშა – არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა – 6:7, 6:7 – და ოლიმპიურ ოქროზე ოცნება მინიმუმ 4 წლით გადადო;

2) ამერიკელ ქალ ფეხბურთელთა მეკარემ ჰოუპ სოლომ მე-200 შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და ფეხბურთის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს უწია! ეს ქალთა ტურნირის მეორე ტურში, საფრანგეთთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. ეს პეკინის და ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი სოლოსთვის 102-ე გოლგაუშვებელი სანაკრებო თამაში გახლდათ, რაც ასევე რეკორდია!

3) მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა ოლიმპიური სოფლის ორი მომსახურე ქალბატონის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს. ის უკვე მოიკვეთა რიო 2016-დან. მაროკოელი გამოძიების დასრულებამდე ორ კვირას ციხეში გაატარებს.

4) რუსეთის პარალიმპიელთა ნაკრები სრული შემადგენლობით ჩამოაშორეს 7-18 სექტემბერს დაგეგმილ რიო დე ჟანეიროს პარალიმპიადას. ამის შესახებ საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა ფილიპ კრეივენმა გუშინ განაცხადა.

მოკლედ, 8 აგვისტოსთვის ასეთი ამბებია. დანარჩენზე ხვალ, რიოს ოლიმპიური დღიურის მორიგ წერილში.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 8 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 7 აგვისტო
ველოსპორტი
გოგონები – საგზატკეცილო ველორბოლა (141კმ)
1.ანა ვან დერ ბრეგენი (ნიდერლანდები) – 3:51:27სთ
2.ემა იოჰანსონი (შვედეთი) – 3:51:27სთ
3.ელიზა ლონგო ბორგინი (იტალია) – 3:51:27სთ

მშვილდოსნობა
გოგონები – გუნდური
1.სამხრეთი კორეა
(ჩანგ ჰეი-ჟინი, ჩოი მი-სუნი, კი ბო-ბაე)
2.რუსეთი (ტუიანა დაშიდორჟიევა, ქსენია პეროვა, ინა სტეპანოვა)
3.ტაივანი (ლი ჩიენ-უინი, ლი შინ-ჩია, ტან ია-ტინი)
*-საქართველო (ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე)
1/8 – მექსიკა 0:6 (50:54, 52:58, 55:57)

ტყვიის სროლა
გოგონები – პნევმატური პისტოლეტი (10მ)
1.ჟან მენშუე (ჩინეთი) – 199,4 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ვიტალინა ბაცარაშკინა (რუსეთი) – 197,1 ქულა
3.ანა კორაკაკი (საბერძნეთი) – 177,7 ქულა
*-ნინო სალუქვაძე – 377
34-ე ადგილი საკვალიფიკაციოში. ფინალში ვერ მოხვდა
გოგონები – სანგარი
1.კეთრინ სკინერი (ავსტრალია)
2.ნატალი რუნი (ახალი ზელანდია)
3.კორი კოჯელი (აშშ)

ფარიკაობა
ვაჟები – რაპირა
1.დანიელე გაროცო (იტალია)
2.ალექსანდერ მასიალასი (აშშ)
3.ტიმურ საფინი (რუსეთი)

ცურვა
ვაჟები – ბრასი, 100მ
1.ადამ პიტი (დიდი ბრიტანეთი) – 57.13წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.კამერონ ვან დერ ბურგი (სამხრეთი აფრიკა) – 58.69წმ
3.კოდი მილერი (აშშ) – 58.87წმ
ვაჟები – თავისუფალი, 4X100
1.აშშ
(ქელებ დრესელი, მაიკლ ფელპსი, რაიან ჰელდი, ნათან ედრიენი, ჯიმი ფეიგენი, ბლეიკ პიერონი, ენტონი ირვინი) – 3:09.92წთ
2.საფრანგეთი (მედი მეტელა, ფაბიენ ჟილო, ფლორინ მანადუ, ჟერემი სტრავიუსი, უილიამ მეინარი, კლემენ მინონი) – 3:10.53წთ
3.ავსტრალია (ჯეიმს რობერტსი, კაილ ჩელმერსი, ჯეიმს მაგნუსენი, კემერონ მაკივოი, მეთიუ ებოოდი) – 3:11.37წთ
გოგონები – თავისუფალი, 400მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 3:56.46წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ჯეზმინ კარლინი (დიდი ბრიტანეთი) – 4:01.23წთ
3.ლეა სმითი (აშშ) – 4:01.92წთ
გოგონები – ბატერფლაი, 100მ
1.სარა სიოსტრიომი (შვედეთი) – 55.48წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.პენი ოლეკსიაკი (კანადა) – 56.46წმ
3.დანა ვოლმერი (აშშ) – 56.63წმ

ძალოსნობა
ვაჟები – 56კგ
1.ლონ კინქუანი (ჩინეთი) – 307კგ (137 ორ +170 ორ) (მსოფლიო რეკორდი)
2.ო იუნ ჩოლი (ჩრდილოეთი კორეა) – 303კგ (134+169)
3.სინფეტ კრუაითონგი (ტაილანდი) – 289კგ (132+157)
გოგონები – 53კგ
1.ჰსუ შუ-ჩინგი (ტაივანი) – 212კგ (100+112)
2.იდილინ დიასი (ფილიპინები) – 200კგ (88+112)
3.იოონ ჟინ-ეე (სამხრეთი კორეა) – 199კგ (88+111)

ძიუდო
ვაჟები – 66კგ
1.ფაბიო ბასილე (იტალია)
2.ბაულ ანი (სამხრეთი კორეა)
3.რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) და მასაში ებინუმა (იაპონია)
*-ვაჟა მარგველაშვილი
1/16 – ადრიან გომბოცი (სლოვენია) – მარცხი
გოგონები – 52კგ
1.მაილინდა კელმენდი (კოსოვო)
2.ოდეტე ჯიუფრიდა (იტალია)
3.მისატო ნაკამურა (იაპონია) და ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

წყალში ხტომა
გოგონები – ტრამპლინი (3მ), სინქრონული
1.ვუ მინშია და ში ტინმაო (ჩინეთი) – 345.60 ქულა
2.ტანია კანიოტო და ფრანჩესკა დალაპე (იტალია) – 313.83 ქულა
3.მედისონ კინი და ანაბელ სმითი (კანადა) – 299.19 ქულა

ka_GEGeorgian