ბათუმი 2018: სასახლე შენდება!
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძემ, ასევე ფიდე-ს და ესკ-ის მაღალჩინოსნებმა ბათუმში მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი მოინახულეს.
შენობა, რომელიც შემოდგომით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს, სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვისაა განკუთვნილი და ორ დარბაზს აერთიანებს: დიდი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე – 600-ზე. ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება.
„ჩემი დებიუტი საერთაშორისო ასპარეზზე შორეულ 1999 წელს შედგა ბათუმში. ამ ქალაქით იმთავითვე მოვიხიბლე და მიხარია, რომ შემოდგომით დაგეგმილ ოლიმპიადას ბათუმი ამ შესანიშნავი სპორტული კომპლექსით ხვდება. ნანახით აღფრთოვანებული ვარ და მიმაჩნია, რომ თქვენს ქალაქს სპორტის სხვა სახეობებშიც შეუძლია დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების მიღება“, – განაცხადა დიდოსტატმა, ლატვიის ფინანსთა მინისტრმა დანა რეზნიცე-ოზოლამ. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი დანა ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის გუნდში დაასახელა. ესკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ოლიმპიადის დღეებში გაიმართება.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. გახსნის საზეიმო ცერემონიას დაბა შეკვეთილის ბლექ სი არენა უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადისთვის ბათუმს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 28 მარტი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი