იუვენტუსის ევრორეკორდი: ზედიზედ 8 ფრე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, რომელიც გუშინ გაიმართა, იტალიის ჩემპიონმა ტურინის იუვენტუსმა კვლავ ვერ გაიმარჯვა: დონეცკის შახტართან შინ 1:1 ითამაშა. ალექს ტეიშეირას მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლი ლეონარდო ბონუჩიმ 25-ე წუთზე გაქვითა.

ამ შედეგით იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ევროპის საკლუბო ტურნირების რეკორდი დაამყარა – ზედიზედ 8-ჯერ ითამაშა ფრედ, რაც არასდროს მომხდარა!

ტურინელებმა ლიგის I ტურში, ლონდონში, სტემფორდ ბრიჯზე ჩელსისთან გაიყვეს ქულები – 2:2, მანამდე კი 2010-11 წლების სეზონში, ევროპალიგის ჯგუფურ ტურნირში ყველა, ექვსივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს: პოზნანის ლეხთან (პოლონეთი) – 3:3, 1:1,  ზალცბურგის რედ ბულთან (ავსტრია) – 1:1, 0:0 და მანჩესტერ სიტისთან (ინგლისი) – 1:1, 1:1.

მეორე მხრივ, შახტართან გუშინდელი მატჩით ტურინელებმა ევროპის საკლუბო ტურნირებში წაუგებელი სვლა განაგრძეს: იუვენტუსი ზედიზედ 12 თამაშია არ დამარცხებულა, რაც ევროპის არა, მაგრამ საკლუბო რეკორდია.

2010-11 წლების ევროპალიგაში იუვენტუსმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით 4 თამაში მოიგო: III შესარჩევ წრეში ორჯერ დაამარცხა ირლანდიის შემროკ როვერსი – 2:0, 1:0, ფლეი-ოფში კი ავსტრიის შტურმს სტუმრად 2:1, შინ კი 1:0 სძლია.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 3 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian