ივან სარიჩი ევროპის ჩემპიონია

ხორვატი დიდოსტატი ივან სარიჩი ევროპის უძლიერესი მოჭადრაკეა! ბალკანელმა, რომელიც ბათუმში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 29-ე ნომრად იყო განთესილი, ჩემპიონის ტიტული უკანასკნელ ტურში მოიგო ჩეხ დავიდ ნავარასთან გამარჯვების შემდეგ.

სარიჩმა 8,5 ქულა დააგროვა და ოქროს მედალთან ერთად 20 ათასი ევროც მიიღო. 8 ქულით ვერცხლის მედალს და 15 ათას ევროს პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაეუფლა, მესამე ადგილზე კი ასევე 8 ქულით რუსი სანან სჟუგიროვი გავიდა, რომელსაც 10 ათასი ევრო გადაეცა.

საგულისხმოა, რომ 8 ქულა კიდევ ხუთმა დიდოსტატმა მოიპოვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით საპრიზო ადგილებზე ვოიტაშეკი და სჟუგიროვი გავიდნენ.

ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო იყო საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული მიხეილ მჭედლიშვილი. მან ევროპის ჩემპიონატი 6,5 ქულით დაასრულა და 53-ე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, სასტუმრო შერატონში 17 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. კონტინენტის პირველობაზე 150-მა მოჭადრაკემ იასპარეზა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 28 მარტი)
ფოტო:
ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian