კარიერა ფრაზებში #21: კახი ცხადაძე

1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა – თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მოლდოვას უმასპინძლა.
ამ თამაშით გუნდმა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყო. სტარტი კატასტროფული გამოდგა: ყველა გამარჯვებას ელოდა, თან დიდი ანგარიშით, ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი კი მოლდოვასთან 0:1 დამარცხდა.
იმ შეხვედრაში ქართველების კაპიტანი კახი ცხადაძე გახლდათ. დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენ ფეხბურთში მან ერთ-ერთმა პირველმა გაიკვალა გზა ევროპის ტოპ-ჩემპიონატში – 90-იან წლებშ ცხადაძე ჯერ გერმანიის ბუნდესლიგის კლუბის, ფრანკფურტის აინტრახტის მცველი გახლდათ, მოგვიანებით კი ფეხბურთის სამშობლოში, მანჩესტერ სიტიშიც მოსინჯა ძალა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტნის კარიერიას ჩვენს და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუების დახმარებით გავიხსენებთ.

…ფეხბურთზე ძმამ მიმიყვანა, 8 წლის ვიყავი. ჩემი ძმა მაშინ ძალიან კარგად თამაშობდა… პირველი მწვრთნელები მურმან გოგოლაძე და თამაზ დოდოშვილი იყვნენ. დავდაპირველად მარცხენა მცველი ვიყავი, შემდეგ დაცვის ცენტრში გადამიყვანეს.

…16 წლისა შოთა ჭეიშვილმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის II ლიგაში მოთამაშე რუსთავის მეტალურგში მიმიწვია. ერთ-ერთ შეხვედრაში ჩვენი გუნდი 0:2 დამარცხდა – ორივე გოლი მცველებმა საკუთარ კარში გაიტანეს და სწორედ ამის შემდეგ შედგა ჩემი დებიუტი. რუსთავის სპორტკომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, სოსო არეშიძემ სთხოვა შოთა ჭეიშვილს ძირითადში ჩემი გამწესება.

…1986 წელს, 18 წლის რომ ვიყავი, ნოდარ ახალკაცმა თბილისის დინამოს დუბლშემადგენლობაში მიხმო. თბილისში მხოლოდ ნახევარი წლით გავჩერდი და ისევ რუსთავში დავბრუნდი, თუმცა 6 თვეში კვლავ დინამოში ჩავირიცხე და 1987 წლის მეორე ნახევარში დუბლებიდან პირველ გუნდშიც დავწინაურდი. დინამოში ჩემი დებიუტი ოდესაში, ჩერნომორეცის წინააღმდეგ შედგა.

…საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, თუ არ ვცდები, 40-მდე მატჩი ჩავატარე, მერე კი ქვეყანა აირია და 1991 წელს შვედეთში წავედი – სუნდვალმა მიმიწვია. იქ დიდხანს ვერ გავძელი, თანაც, იმავე პერიოდში მოსკოვის სპარტაკი შემეხმიანა და მეც გულმა იქით გამიწია. მახსოვს, ამ ნაბიჯის გამო მაშინ ბევრი მოღალატეს მეძახდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მხოლოდ კარიერაზე უნდა მეზრუნა, ურაპატრიოტების ყვირილისთვის ყურადღების მიქცევა კი, უბრალოდ არ ღირდა.

…1989 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. ერთი წლის შემდეგ ის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მე ნახევარფინალსა და ფინალში არ მიასპარეზია, ამიტომ ოქროს მედალი არ მერგო. ამაზე ძალიან მწყდება გული. სხვათა შორის, იმ გამარჯვებისთვის ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება მომანიჭა. იმ გუნდიდან რვამ ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.

…დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაკრებში ანატოლი ბიშოვეცმა მიმიწვია. იმ დროს სოსო ჭედიასთან ერთად შვედეთში, სუნდვალში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, მაგრამ ევრო 92-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. ისე, იმ გუნდის დაცვაში დიდი კონკურენცია იყო: ახრიკ ცვეიბა, ანდრეი ჩერნიშოვი, ოლეგ კუზნეცოვი, ვასილი კულკოვი, სერგეი გორლუკოვიჩი… ძირითად შემადგენლობაში 1991 წლის იანვარში დავმკვიდრდი – ამერიკაში ჩატარებულ ტურნეში სამივე შეხვედრა დაცვის ოთხეულში დავიწყე.

…ის, რომ შვედეთში ევრო 92-ზე გავემგზავრებოდი, ინგლისთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ორივე გოლი გარი ლინეკერმა გაგვიტანა, თუმცა 0:1-ზე თავურით გავათანაბრე – იგორ შალიმოვის კუთხურის შემდეგ ეფექტურად შევაგდე.

…ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო ბევრმა ურაპატრიოტმა გამაკრიტიკა, მაგრამ საბედნიეროდ, უფრო მეტს გაუხარდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ასეთ დიდ შეჯიბრზე გამოვიდა. ყველა პრეტენზია, ძირითადად, უნიჭო ხალხისგან მოდიოდა, თორემ ვინც ფეხბურთის ქომაგი იყო, ყველამ გაამართლა ჩემი ნაბიჯი. თუ არ ვცდები, ჩემს შემდეგ ქართველს ევროჩემპიონატზე აღარც უთამაშია.

…შვედეთში საწყისი ორი შეხვედრა გამოვტოვე. ტურნირის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, დანიასთან ამხანაგურ მატჩში კუნთი ვიტკინე და გერმანელების და ჰოლანდიელების წინააღმდეგ ვერ ვიასპარეზე. უკანასკნელ ტურში შოტლანდიელებს ვხვდებოდით, რომლებსაც 1/2-ფინალში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, ჩვენ კი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ანატოლი ბიშოვეცმა ძირითადში დამაყენა… 0:3 წავაგეთ – ეს კატასტროფა იყო!

კახი ცხადაძე

1993-96 წლებში კახი ცხადაძე ფრანკფურტის აინტრახტის ღირსებას იცავდა. ფოტოზე: ენტონი იებოასთან ერთად

…ბიშოვეცი თავისებური მწვრთნელი იყო. ამბობდნენ, თითქოს ფეხბურთელების ტრანსფერებში აფათურებს ხელსო, მაგრამ ამისა არასდროს მჯეროდა. სხვათა შორის, მოთამაშე რაც უნდა კარგ ფორმაში ყოფილიყო, იქამდე არ დააყენებდა ძირითადში, სანამ პირადად არ გაესაუბრებოდა დაახლოებით 5-10 წუთს. ზოგად თემებზე ელაპარაკებოდა ბიჭებს და ამით ადგენდა, რამდენად მზად იყო ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად. მგონი, მწვრთნელს ეს პლუსად უნდა ჩაეთვალოს.

…აინტრახტში ბოლო თვეები წვალებად მექცა. მექანიკურად ვვარჯიშობდი, მოტივაცია არ მქონდა. იქ ფეხბურთი მხოლოდ სამუშაო იყო – დამთავრდებოდა ვარჯიში და ბაზაზე აღარავინ ჭაჭანებდა. ვლადიკავკაზის ალანიაში კი სხვა სიტუაცია სუფევდა – მე და მურთაზ შელია ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდით და სტანდარტულ მდგომარეობებს ვამუშავებდით. გერმანიაში ვერავის სთხოვ, ჩემი ხათრით დარჩი და ცოტა კიდევ წაიმუშავეო.

…ფრანკფურტში კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: ნიგერიელი ჯეი-ჯეი ოკოჩა, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი უვე ბაინი, მანფრედ ბინცი, მაურიციო გაუდინიო… ბუნდესნაკრების წევრთან, რალფ ვებერთან ერთად დაცვის ცენტრში ვთამაშობდი, წინ განელი ტონი იებოა გვყავდა, ბუნდესლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი… წესით, ასეთი შემადგენლობით რომელიმე ტიტული უნდა მოგვეგო, მაგრამ მოვიდა კლაუს ტოპმიოლერი და ყველაფერი აირია. ამდენი ხნის შემდეგაც არ მსურს იმ ამბების გახსენება.

…ვლადიკავკაზის ალანია, სადაც გერმანიიდან გადავედი, ჩემს კარიერაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1992 წელს მოსკოვის სპარტაკში ტრანსფერი იყო.

…ვალერი გაზაევთან ჯერ კიდევ მოსკოვის დინამოში თამაშისას მქონდა თბილი ურთიერთობა და მას მერეც ასეა.

…ის ძალიან ემოციური მწვრთნელია და ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. 1995 თუ 1996 წელს მოსამზადებელ ეტაპზე 17 შეხვედრიდან მხოლოდ სამი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენი მოვიგეთ. გაზაევის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა – ფრეს შემდეგ აღარ გველაპარაკებოდა.

…მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნორვეგიაში ამხანაგურად ვითამაშეთ. დაძაბული მატჩი იყო და დასანანად წავაგეთ. მატჩის შემდეგ ვთქვი, რა კარგად ვითამაშეთ-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში დავფიქრდი და გამეცინა – აბა როგორღა ვითამაშეთ კარგად, თუ წავაგეთ? იგივე გრძნობა დამეუფლა იტალიაში, პერუჯაში 0:1 წაგების შემდეგ… მას შემდეგ ჩემთვის მიუღებელია გამოთქმა: კარგად ითამაშეს, მაგრამ წააგეს. თუ წააგე, ესე იგი კარგად არ გითამაშია.

…1996 წლის ნოემბერში, ინგლისთან თბილისში 0:2 მარცხის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძე ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს მხოლოდ ის, მთავარი მწვრთნელი იყო წაგებაში დამნაშავე. ამ მოსაზრებას ვერ ვეგუებოდი და ამის შესახებ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაშიც გულღიად ვილაპარაკე. არ მინდოდა ისე გამოჩენილიყო, თითქოს ჩვენ, ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელი რთულ სიტუაციაში მივატოვეთ. სხვა თუ არაფერი, ნაკრების კაპიტნად სწორედ ჩივაძემ დამაყენა.

…დავით ყიფიანთან შედარებით ჩივაძე რბილი მწვრთნელი იყო. ის მეგობრული, თბილი ადამიანია. ამასთანავე, ჩემი აზრით, სამწვრთნელო ასპარეზზე გამოცდილებაც აკლდა. იგივე ყიფიანი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ავარჯიშებდა დინამოს.

…ჩვენ ეროვნული ნაკრების პირველი თაობა ვიყავით, რომელსაც მართლა შეეძლო წარმატების მიღწევა: მურთაზ შელია, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა და აჩი არველაძეები, ზაზა რევიშვილი… ჩემი აზრით, ზაზასნაირი მარჯვენა მცველი მას შემდეგ აღარც გვყოლია. საფრანგეთი 98-ის წინ ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და გოგა გახოკიძე დაგვემატნენ… ჩივაძემ და ყიფიანმა, ასე თუ ისე, შეძლეს ნაკრების ჩამოყალიბება, მაგრამ რად გინდა – ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ის გუნდი ნელ-ნელა დაშალეს.

ცხადაძე

1995 წლის 29 მარტი, თბილისი, ევრო 96-ის შესარჩევი მატჩის წინ: საქართველოს და გერმანიის ნაკრებთა კაპიტნები იურგენ კლინსმანი და კახი ცხადაძე

…საერთოდ, იმ დროს ნაკრებთან მიმართებაში ფედერაციის მხრიდან კატასტროფული სიტუაცია იყო! ერთ ამბავს გავიხსენებ: ევრო 96-ის შესარჩევში თბილისიდან უელსამდე 6 საათი ვიფრინეთ, სასტუმროში მისულ დაღლილ-დაქანცულებს კი, როცა გვეგონა გვასადილებდნენ, ყურადღება არავინ მოგვაქცია. კაპიტანი ვიყავი და ძალიან მომეშალა ნერვები, ერთი-ორჯერ ვიყვირე კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაფაცურდა ფედერაციის წარმომადგენელი და იცით რა მოგვიტანა? რამდენიმე სენდვიჩი და ჩიფსები! ასეთი არაორგანიზებულობის მიუხედავად, რაც იშვიათი არ იყო, მაინც ვახერხებდით მოგებას – იმავე უელსელებს ქინქლაძის ულამაზესი გოლით ვძლიეთ.

…1997 წელს, როცა ალანიაში ვთამაშობდი, ლონდონში, ვესტ ჰემ იუნაიტედში გადასვლის შანსი გამიჩნდა. იმ დღეებში საქართველოს ნაკრები პოლონეთში 1:4 დამარცხდა. ყველანი ცხვირჩამოშვებულები ვბრუნდებოდით და ამიტომ, დარდის გასაქარვებლად თვითმფრინავში ერთი-ორი ჭიქა დავლიეთ. თითქმის ყველამ შესვა, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთელი რევაზ ძოძუაშვილიც ჩვენთან იყო… ჩამოვედით თბილისში და მეორე დღეს ერთი ამბავი ატყდა: ხმა გავრცელდა, თითქოს ფეხბურთელები კი არა ლოთები ვიყავით, ზოგს ლამის ოჯახი დაენგრა – ამბობდნენ, ბიჭები სტიუარდესებს ეარშიყებოდნენო… მოკლედ, რა ვიცი რა აღარ ითქვა! მე კი ფედერაციის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვესტ ჰემ იუნაიტედთან ხელმოსაწერად გამზადებული კონტრაქტი ჩამიშალა!

…ეროვნულიდან გულდაწყვეტილი წავედი, იმ დროს უკვე მანჩესტერ სიტიში ვთამაშობდი. მახსოვს, ფულემთან მატჩში ტრავმა მივიღე, მეორე დღეს კი ფედერაციიდან დამირეკეს, რას შვები, არ მოდიხარ შეკრებაზეო. ვუთხარი, ტრავმირებული ვარ-მეთქი. ჰო, კარგიო და ყურმილი დაკიდეს. არც კი მკითხეს, რა მჭირდა… ნაკრების კაპიტანს ასე არ უნდა ექცეოდე! შესაძლოა, იმ დროს ფედერაციაში თავიანთი პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ამ დროს კი თანაგრძნობის ნაცვლად…

…გუნდში ბოლოს 1998 წელს ვითამაშე და კარიც მომიხურეს. ალბათ იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობდი სათქმელს. ჩვენი ფედერაცია მაშინ სულ ფულზე ტიროდა, მე კი ვეუბნებოდი, სად არის ის მილიონები, რაც ტელეტრანსლაციებიდან უნდა შემოდიოდეს-მეთქი?! თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გერმანიიდან ხშირად ჩამომიტანია გუნდისთვის მალამოები და სახვევები, არადა, ამის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ასეთი ამბების გამო გადაწყვიტეს ნაკრებიდან ჩემი გაშვება.

…ვლადიმერ გუცაევი რომ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, აღარ მიწვევდა. ბევრჯერ დავეკითხე მიზეზზე: თუ ჩემი მომზადების დონე არ გაკმაყოფილებთ, პირდაპირ მითხარით-მეთქი. ის პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. მეუბნებოდა, მჭირდებიო, მაგრამ მერე საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა.

…ყველაზე საშინელი შეცდომა? თბილისში, ინგლისის ნაკრებთან მატჩში ის მომენტი, რასაც ლეს ფერდინანდის გოლი მოჰყვა. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთი ჩემი იყო, მაგრამ მან რაღაც სასწაულით ამაცალა და… მეორე გოლიც დაცვის ცენტრის ჩავარდნას მოჰყვა, არადა ჩემი და მურთაზ შელიას წყვილი იმ წლებში აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა.

…საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყველაზე კარგი ურთიერთობა შელიასთან ჩამომიყალიბდა – ჩვენ ისე დავახლოვდით, ღვიძლ ძმებსაც შეშურდებოდათ. ის 1991 წელს მოვიდა დინამოში და მას შემდეგ ერთად ვითამაშეთ ალანიასა და მანჩესტერ სიტიში.

…გოლების უმრავლესობა თავით გავიტანე. თუ არ მეშლება, ფეხით ერთადერთხელ შევაგდე და ისიც მაშინ, როცა აინტრახტში ვთამაშობდი, მგონი, სათასო მატჩი იყო.

…საუკეთესო გოლი? კარგად მაგონდება მოსკოვში, ინგლისელთა კარში შეგდებული ბურთი, მაგრამ ყველაზე ლამაზი მგონი, თბილისში მოსკოვის სპარტაკთან გატანილი გოლია – ჩვენ 2:0 მოვიგეთ!

…სამწვრთნელო ასპარეზზე ჩემი დებიუტი თბილისის ლოკომოტივში შედგა. ცხონებულ გივი ნოდიასგან ჩავიბარე კლუბი და ბიჭებს ჩემებურად თამაში დავაწყებინე. იმ წელს სულ ცოტა დაგვაკლდა ჩემპიონობამდე – დინამოსთან და ქუთაისის ტორპედოსთან ორი გადამწყვეტი შეხვედრა დავთმეთ და მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი. ამის შემდეგ მახაჩყალის ანჟიში გაჯი გაჯიევთან ვმუშაობდი, მისგან ბევრი ვისწავლე. მერე იყო თბილისის დინამო, სადაც პირველი ტიტულები მოვიგე.

…შევცვლიდი თუ არა რამეს? ერთის გარდა არაფერს – ტრავმებს ამოვიღებდი. მთლიანობაში წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ ტრავმებმა ძალიან გამაწვალა – რომ არა ხშირი უიღბლობა, მჯერა, მეტს მივაღწევდი. ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ტრავმების გამო თითქმის სამი წელი გამიცდა, ეს კი ძალიან დიდი დროა! 1995 წელს, პირველად რომ დავშავდი – უეფას თასზე ზიდანის, ლიზარაზუს და დიუგარის ბორდოს წინააღმდეგ, მთელი 7 თვით ჩამოვშორდი ფეხბურთს, არადა, მაშინ აინტრახტის ძირითადის წევრი ვიყავი! სხვათა შორის, სწორედ ჩემი არყოფნის დროს წაუვიდა კლუბს საქმე ცუდად და საბოლოოდ, იმ სეზონის ბოლოს, ბუნდესლიგიდან გავვარდით… მანჩესტერ სიტიშიც არ გამიმართლა – დებიუტიდან მცირე ხანში ზედიზედ სამი ოპერაცია გავიკეთე…

ცხადაძე

2013 წლის 31 მაისს კახი ცხადაძემ სეხნია კალაძის გამოსათხოვარ მატჩში ქართველ ვარსკვლავთა ნაკრებში ითამაშა

კახი ცხადაძე
დაიბადა 1968 წლის 7 სექტემბერს
1985-87 წლებში რუსთავის მეტალურგის, 1988-91 წლებში თბილისის დინამოს (იბერია), 1991 წელს სუნდვალის (შვედეთი), 1992 წელს მოსკოვის სპარტაკის და დინამოს (რუსეთი), 1993-96 წლებში ფრანკფურტის აინტრახტის (გერმანია), 1997 წელს ვლადიკავკაზის ალანიის (რუსეთი), 1998-2000 წლებში მანჩესტერ სიტის (ინგლისი), 2000-02 წლებში თბილისის ლოკომოტივის, 2003-04 წლებში მახაჩყალის ანჟის (რუსეთი) მცველი
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1990, 1991; სსრკ/დსთ-ის თასი – 1992; რუსეთის ჩემპიონი – 1992; რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1992; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1990; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1992; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (ფეხბურთის ფედერაცია) – 1990; რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველი (გაზეთი სპორტ-ექსპრესი) – 1992; საქართველოს ჩემპიონატის 22 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა – #1 (1990); რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა – #2 (1992)
სამწვრთნელო ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 2005 (თბილისის დინამო), 2006 (ბოლნისის სიონი); საქართველოს სუპერთასი – 2005 (თბილისის დინამო); აზერბაიჯანის ჩემპიონი – 2010 (ბაქოს ინტერი); ყაზახეთის სუპერთასი – 2017 (ალმატის კაირატი); დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასი – 2011 (ბაქოს ინტერი)
დსთ-ის ნაკრებში: 6 მატჩი, 1 გოლი (1992)
საქართველოს ნაკრებში: 25 მატჩი, 1 გოლი (1990-98)

 

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის მონაწილე (1990 წლის 27 მაისს თბილისში, ლიეტუვასთან – 2:2)

*-1992 წლის 29 აპრილს, მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ქვეყნების თანამეგობრობის და ინგლისის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) გოლი გაიტანა.

*-1992 წლის 18 ივნისს, შვედეთის ქალაქ ნორჩეპინგში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შოტლანდიის წინააღმდეგ (0:3) ითამაშა.

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში (1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში, მოლდოვასთან 0:1).

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 21 შეხვედრაში.

*-2009 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.

*-2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 6 წააგო. ბურთების შეფარდება – 11:16.

*-საქართველოს ნაკრების ღირსებას მისი ვაჟი ბაჩანაც იცავდა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian