ბათუმი 2018: ოლიმპიადის პრეზენტაციას ბილტმორი უმასპინძლებს

17 აპრილს, 14 საათზე, სასტუმრო ბილტმორის კონგრეს-ჰოლში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას – ბათუმი 2018 – ოფიციალურად წარადგენს.

ღონისძიების საპატიო სტუმარი იქნება ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი. საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ეწვევა ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი. ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

სამთავრობო სტრუქტურების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, კულტურის სფეროსა და ბიზნესსექტორში წარმატებული ადამიანები  – ასეთია ღონისძიების სტუმართა ჩამონათვალი.

პირველად დასახელდებიან 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ქართველი კეთილი ნების ელჩები – ქართული ჭადრაკის დედოფლები, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საიმიჯო რგოლი.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, სურვილისამებრ, სტუმრებს საშუალება მიეცემათ, ითამაშონ ჭადრაკი და საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ფოტოებიც დაათვალიერონ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი – 58.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 12 აპრილი)
ფოტო:
ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian