სპორტის საერთაშორისო დღე ლისის ტბაზე

კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით 14 აპრილს ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის – ასეთი იყო ღონისძიების დევიზი, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჭადრაკის ეროვნულმა ფედერაციამ და ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტმა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება მოაწყო, რომელიც 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ბათუმი ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ტურნირისთვის საქართველოს 4-ათასამდე სტუმარი ეწვევა მსოფლიოს 189 ქვეყნიდან.

გულშემატკივართა პაექრობების პარალელურად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან მოსინჯა ძალები. პარტია ყაიმით დასრულდა.

ლისის ტბაზე ასევე მოეწყო საფეხბურთო ტურნირი საჯარო ორგანიზაციების გუნდებს შორის, გამოიფინა სპორტული ავტომობილები, ჩატარდა მძლეოსნური გარბენი, საერთო ჯამში კი გულშემატკივრები 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ქართულ ჭიდაობაში, სროლაში, აფროსნობაში, მშვილდოსნობაში, ხელბურთში, კალათბურთში, მკლავჭიდსა და ბავშვთა რაგბში.

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2013 წელს გამართულ გენერალურ ასამბლეაზე მიიღო. საქართველო ამ ინიციატივას იმავე წელს, მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე შეუერთდა.

წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის სპორტის კვირეულსაც უერთდება. 23-30 სექტემბერს, თბილისსა და რეგიონებში ასზე მეტი მასობრივი სპორტული ღონისძიება გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 10 ათასამდე მოქალაქე იქნება ჩართული. ევროპის სპორტის კვირეულის დევიზია „იყავი აქტიური“.

ევროკავშირის ქვეყნებში სპორტის კვირეული 3 წელია რაც იმართება, არაევროკავშირის ქვეყნებიდან კი საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელიც მას შეუერთდა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 12 აპრილი)
ფოტო:
ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian