ყველა კარგები და სწრაფები

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი შემთხვევით ვერ გახდები. სამეფო რბოლაში მუდმივად ფორმაში ყოფნა და გამართული მუშაობაა საჭირო. და რაც მთავარია, საუკეთესო პილოტს უნაკლო ბოლიდი უნდა ჰქონდეს – წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულზე ოცნება გამორიცხულია.
ავტოსპორტში ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ სარბოლო სერიას ბევრი დიდი ჩემპიონი და სპორტსმენი ახსოვს, მაგრამ მათ შორის შესაშური სტაბილურობით და წარმატებებით რამდენიმე მანქანა გამოირჩეოდა.
დღევანდელ ნომერში ტაბულა ფორმულა 1-ის ისტორიაში 5 ყველაზე წარმატებულ ბოლიდს გაგაცნობთ.

 

ფერარი 500 (1952-53) – 14 გრან პრი
ფერარის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბოლიდმა F2004-მა ამ მოდელზე მეტი რბოლა ერთ სეზონში მოიგო, მაგრამ ამით ფერარი 500-ის კვალი ავტოსპორტის ისტორიაში წამითაც არ უფერულდება.
XX საუკუნის შუა წლებში, ფორმულა 1-ის გარიჟრაჟზე, სეზონში 10 რბოლაც არ იმართებოდა, ამის გათვალისწინებით კი ფერარი 500-ის ტრიუმფი 1952 და 1953 წლებში გათამაშებული 17 დიდი პრიზიდან 14-ში უდავოდ ბრწყინვალე შედეგად უნდა ჩაითვალოს.
ალბერტო ასკარიმ, ფერარის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო პილოტმა, იმ წლებში 2-ჯერ მოიგო პირველობა, სკუდერიას კი ამდენჯერვე მოუტანა კონსტრუქტორთა თასი.
1952 წელს ასკარიმ ზედიზედ იმარჯვა 6 ეტაპზე: ბელგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში, 1953 წლის სტარტზე კი არავის დაუთმო პირველობა არგენტინაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში. ეს მაჩვენებელი – ზედიზედ 9 ტრიუმფი – ფორმულა 1-ის უძველესი რეკორდია!
1952 წლის სეზონში გამართული 8 ეტაპიდან ფერარი 500-მა 7 მოიგო – ეს რეკორდი მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განმეორდა, 1988 წელს მაკლარენ MP4/4-ის მიერ.

ლოტუს 78 (1978) – 8 გრან-პრი
დღეს ავტორბოლის სამყაროში საუკეთესო კონსტრუქტორად ბრიტანელი ედრიან ნიუი ითვლება. ის ერთადერთია, რომელმაც 3 გუნდს მოაგებინა კონსტრუქტორთა თასი (უილიამსი, მაკლარენი, რედ ბული), გასული საუკუნის 60-70-იან წლებში კი ასეთად არანაკლებ სახელოვანი მეორე ბრიტანელი, კოლინ ჩეპმენი მიიჩნეოდა. მისმა გუნდმა ლოტუსმა ფორმულა 1-ის პილოტების პირველობა 6-ჯერ, კონსტრუქტორთა თასი კი 7-ჯერ მოიგო!
1977 წლის სეზონის მიწურულს მან ჯეფ ოლდრიჯთან და მარტინ ოგილვისთან ერთად შექმნა ბოლიდი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა სამეფო რბოლებში: ჩეპმენმა ლოტუს 78-ში პირველად გამოიყენა ეგრეთ წოდებული გრაუნდ-ეფექტი, რომლის წყალობითაც მანქანა ტრასას საუკეთესოდ მოეჭიდა და ურთულესი მოსახვევების არნახული სისწრაფით გავლა შეძლო.
1977 წელს, ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი ლოტუს 78, მიუხედავად 5 ტრიუმფისა, საერთო ჩათვლაში მე-2 იყო, თუმცა მომდევნო წელს კონკურენტი აღარ ჰყავდა: ამერიკელმა პილოტმა მარიო ანდრეტიმ 6 დიდი პრიზი და ჩემპიონატი, გუნდმა კი 8 ეტაპი და კონსტრუქტორთა თასი მოიგო. საერთო ჩათვალში მეორე ადგილი დაიკავა ლოტუსის კიდევ ერთმა პილოტმა, შვედმა რონი პეტერსონმა: მან სამხრეთ აფრიკასა და ავსტრიაში იმარჯვა, ამას გარდა, 5-ჯერ საუკეთესო სამეულში მოხვდა!

უილიამს FW11 (1986-87) – 18 გრან-პრი
ვიზუალური თვალსაზრისით, ეს ბოლიდი კონკურენტებისგან არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, ჰონდას ბრწყინვალე ძრავის წყალობით ძალიან საიმედო და ძლიერი იყო.
1986 წელს, როცა გუნდის მფლობელ ფრენკ უილიამსს ავარია შეემთხვა და სამუდამოდ მიეჯაჭვა სავარძელს, ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა და ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ 9 დიდი პრიზი მოიგეს.
უილიამსმა კონსტრუქტორთა თასი კი მოიპოვა, მაგრამ პილოტებს შორის გამარჯვება მაკლარენის ფრანგ ვარსკვლავს ალენ პროსტს დარჩა: სეზონის უკანასკნელ ეტაპზე, ავსტრალიაში, რბოლის ლიდერ მენსელს ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე საბურავი გაუსკდა, პიკეს კი იძულებითი შესვენების შემდეგ, პროსტმა გადაასწრო და ჩემპიონიც გახდა. „პროფესორად“ წოდებულმა ფრანგმა საერთო ჩათვლაში მენსელს 2, პიკეს კი 3 ქულით გაუსწრო!
მომდევნო წელს FW11 ორივე ასპარეზზე შეუდარებელი იყო: ისევ 9 გამარჯვება, ნელსონ პიკეს ტრიუმფი და კონსტრუქტორთა მორიგი თასი! ამას გარდა, ბოლიდმა 12-ჯერ მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა, 7-ჯერ კი ტრასის რეკორდი დაამყარა!
ნაიჯელ მენსელი კვლავ II ადგილზე გავიდა – ჩემპიონს 12 ქულით ჩამორჩა.
1987 წლის მიწურულს FW11-ზე პირველად გამოჩნდა ეგრეთ წოდებული აქტიური დაკიდების სისტემა, რამაც გუნდს რამდენიმე წლის შემდეგ ახალი გამარჯვებები მოუტანა, თუმცა უკვე სხვა, მოდიფიცირებული ბოლიდით.

მაკლარენ MP4/4 (1988) – 15 გრან პრი
ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლიდი: ალენ პროსტმა და აირტონ სენამ იმ წელს გამართული 16-დან 15 ეტაპი მოიგეს!
ბრაზილიელი „წვიმის კაცი“ – აირტონ სენა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 8 დიდი პრიზი აღმართა და 13-ჯერ დაიწყო რბოლა პირველი პოზიციიდან.
კონსტრუქტორთა თასი MP4/4-მა საოცარი უპირატესობით მოიგო – 199 ქულა დააგროვა (იმ დროისთვის ეს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი იყო), მეორეზე კი 65 ქულით ფერარი გავიდა. საგულისხმოა, რომ ამ ბოლიდით სენა-პროსტის წყვილმა 10-ჯერ დაიკავა კვარცხლბეკზე 1-2 ადგილი!
MP4/4-ის კონსტრუქტორი შოტლანდიური წარმოშობის სამხრეთაფრიკელი გორდონ მარი გახლდათ, ვინც მაკლარენამდე ბრიტანულ ბრებემში მოღვაწეობდა. 1988 წლის ტრიუმფი მომდევნო სეზონებშიც გაგრძელდა: სხვადასხვა კუთხით გაუმჯობესებულმა MP4/4-მა 1989-91 წლებში კიდევ 3-ჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასი. 1989 წელს პროსტი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რასაც 1990 და 1991 წლებში სენას ტრიუმფები მოჰყვა.
მარიმ მაკლარენის ფორმულა 1-ის გუნდი 2004 წელს დატოვა და კომპანიის საგზაო ავტომობილების შემუშავებაზე გადაერთო. საქვეყნოდ ცნობილი მაკლარენ F1-ის და  მერსედეს-ბენც SLR მაკლარენის მთავარი კონსტრუქტორი სწორედ მარია.

ფერარი F2004 (2004) – 15 გრან პრი
ამ ბოლიდმა სამეფო რბოლების ყველაზე ტიტულიან გუნდს 2004 წელს ზედიზედ მეექვსედ მოუტანა კონსტრუქტორთა თასი, ლეგენდარულმა გერმანელმა მიხაელ შუმახერმა კი, რომელმაც ის სეზონი 13 დიდი პრიზით დახურა, ზედიზედ მეხუთედ, საერთო ჯამში კი მეშვიდედ და უკანასკნელად იზეიმა ჩემპიონობა!
F2004 F2002-ის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო: ამ უკანასკნელმა ასევე 15 რბოლა მოიგო, თუმცა 2002 წელს 14 და ერთიც 2003-ში.
ფერარის იმჟამინდელმა ტექნიკურმა დირექტორმა როს ბრაუნმა 2005-ის სეზონიც F2004-ით დაიწყო, ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ პირველივე ეტაპზე შეძლო პოდიუმზე ასვლა, მაგრამ მალაიზიაში გამართული მეორე ეტაპის შემდეგ F2004-ის სახელოვანი ისტორია საბოლოოდ დასრულდა.
საერთო ჯამში, ეს სარბოლო მანქანა ერთ-ერთი უძლიერესია ფერარის ისტორიაში: 20 ეტაპიდან მოიგო 15, 14-ჯერ დაამყარა ტრასის რეკორდი, საკვალიფიკაციო რბოლა კი 12-ჯერ მოიგო!
როს ბრაუნთან ერთად ამ ბოლიდის კონსტრუქტორები იყვნენ რორი ბირნი და ალდო კოსტა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 1622 აპრილი)

ka_GEGeorgian