კარიერა ფრაზებში #24: კობა წაქაძე
ზამთრის სახეობები ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ერთმა ბაკურიანელმა, რომელსაც „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს, ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა. კარიერის მანძილზე მან 54 ტურნირში გაიმარჯვა და ათობით ქვეყანაც მოიარა.
უცხოეთში ერთ-ერთ ასპარეზობაზე მისი ნახტომი სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ჯონ აპდაიკმა იხილა და შთაგონებულმა ლექსიც მიუძღვნა: Tsokadze O Altitudo (წაქაძე ან სიმაღლე), რომელიც ასე მთავრდება: Ah, c’est beau, when Tsokadze skies! (ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ხტება!).
1960 წელს, სქვო-ველის თამაშის მსვლელობისას, ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტი თორლიფ შელდრაპი წერდა: „წაქაძემ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის ახალი სტილი მოიგონა, ალბათ თავისდაუნებურად. ჰაერში ის საერთოდ არ იხრება წელში. მისი სხეული გამართული და მოშვებულია. ის ისე იხრება წინ, რომ სახით თითქმის თხილამურის წვერს ეხება, ხელები სხეულის გასწვრივ უწყვია, თავი მაღლა აქვს აწეული… სამაგრები ისე აქვს მოჭერილი, რომ მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება თხილამურის ზედაპირს. ის ძალიან შორს ხტება და მისი ფრენა საოცრად ლამაზია“!
ბაკურიანელი პირველი საბჭოთა ტრამპლინიდან მხტომელია, რომელმაც პოპულარული „4 მთის“ ეტაპზე გაიმარჯვა. ეს 1956 წელს, ავსტრიულ ინსბრუკში მოხდა. 1961 წელს მანვე ამავე ტურნირის კიდევ ერთი ეტაპი მოიგო გარმიშ-პარტენკირხენში (გერმანია) და ამ ორი გამარჯვებით საბჭოთა სპორტსმენთა შორის რეკორდსმენად დარჩა ნიკოლაი კამენსკისთან და გარი ნაპალკოვთან ერთად…
კობა წაქაძე ტრამპლინიდან ხტომის მშვენებაა და მშობლიურ ბაკურიანში, მისივე სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს.
ლეგენდარული სპორტსმენის კარიერას წლების წინ ჩვენში თუ უცხოეთში გამოქვეყნებული ინტერვიუებით და ჩანახატებით გავიხსენებთ.
…„გაკულაკებული“ ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი ვარდენი განათლებით ქიმიკოსი იყო და მეორე მსოფლიო ომში არ გაუშვეს, ეშინოდათ გაიპარებაო და… გადაასახლეს. 1942 წელს დაბრუნდა, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ იყო ტუბერკულოზით დაავადებული. პირველი თხილამური სწორედ მამამ მიყიდა – დედაჩემის მოქსოვილი სვიტერი ბაზარში გაყიდა და… ორ დღეში გარდაიცვალა კიდეც.
…ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, ძალიან კარგად იდგა თხილამურზე. პირველად მან მასწავლა სრიალი, თუმცა იმის გამო, რომ იმ დროს თავშესაფარზე ფიქრი გვიწევდა და ნათესავიდან ნათესავთან გადავდიოდით, თხილამურზე ნაკლებად ვფიქრობდი.
…მეორე მსოფლიო ომის წლებში ბაკურიანში, ასევე ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდაში და სხვაგანაც კარგა მოზრდილი სამხედრო ნაწილები იდგა – საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას თურქეთიდან გერმანელების შემოჭრის ეშინოდა და საზღვარს გაძლიერებული ქვედანაყოფებით იცავდა. ჰოდა, ჩვენი, ბავშვების მთავარი გასართობი სწორედ სამხედროები იყვნენ – სადაც წავიდოდნენ, ყველგან დავყვებოდით. ხანდახან თავლების დალაგებაში ვეხმარებოდით, ცხენებს ვუბანდით, სამაგიეროდ კი ისინი საჭმელს გვაძლევდნენ – შვრიას! დედა მას რძეში დაალბობდა და… ჩვენთვის ის კერძი ნამდვილი დელიკატესი იყო! თავის მხრივ, ბებიაჩემი და დედაჩემი სამხედროებს პატივისცემას არ აკლებდნენ – ხან ხილს უგზავნიდნენ, ხან არაყს.
…ბაკურიანში პირველი ტრამპლინი 1934 წელს ააგეს. მაშინ საქართველოს სპორტკომიტეტში ზამთრის სახეობათა კურატორი ცნობილი ალპინისტი სანდრო გვალია იყო და ტრამპლინი სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო. ჯარისკაცებთან ერთად ხშირად დავდიოდი იქ.
…იცით როგორ ვიშოვე პირველი ნაღდი თხილამური? ერთ სამხედროს არაყში გავუცვალე.
…ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიქნებოდი ასე 7-8 წლის. მაშინ ბაკურიანში ხშირად ისვენებდნენ ბერიას, კაგანოვიჩის, მოლოტოვის და სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნების მეუღლეები და ოჯახის წევრები. ტყესთან პატარა სამთავრობო სახლი იდგა და იქ ცხოვრობდნენ. სადილს რომ მორჩებოდნენ, სპეციალურად არ ყრიდნენ, იცოდნენ, რომ მე და ჩემი მეგობრები, პატარა ბაკურიანელი ბიჭები სადღაც იქვე, ახლო-მახლო ვიყავით ჩაცუცქულები და ველოდებოდით, როდის წავიდოდნენ. მერე კი, როცა დაცვა გვანიშნებდა, გიჟებივით გავრბოდით საჭმლის ნარჩენების მოსახვეტად. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და, ვთქვათ, ტოკიოში იმპერატორ ხიროხიტოს აპარტამენტებში მომიწევდა ცხოვრება.
…თბილისში პირველად ჩამოსული დიდ შარში გავეხვიე: 5 ნაყინი ვიყიდე და სანამ ერთს გეახლებოდით… 4 ჯიბეში ჩავიდე. ცხადია ყველა დადნა და შარვალი მომეთხვარა. ვიფიქრე, გამყიდველმა მომატყუა-მეთქი და მასთან საჩხუბრად მივბრუნდი… ამ ისტორიაზე შვილებს და შვილიშვილებს დღემდე გულიანად ეცინებათ.
…ერთხელ სკოლიდან იმის გამო მრიცხავდნენ, რომ ზამთარში შენობის სახურავიდან გადმოვხტი. ქართულის მასწავლებელმა დამიცვა, რატომ აგდებთ, ცოცხალი ბავშვია, სხვებივით კი არ სძინავს გაკვეთილზეო.
…წლების მერე, როცა გავიზარდე და უკვე სერიოზულად დავიწყე ტრამპლინიდან ხტომაში ვარჯიში, რამდენიმე საათს ვატარებდი აქ. დღეში 20-25 ნახტომს ვასრულებდი, მაგრამ ყველაზე ძალიან ტრამპლინის კიბეებზე ასვლა მეჯავრებოდა – ძალიან ვიღლებოდი.
…ბავშვობაში, როცა ბაკურიანის გარშემო მწყემსად დავეხეტებოდი, არწივების მელიებსა და კურდღლებზე ნადირობას ვაკვირდებოდი. გამოჩნდებოდა ცაში შავი წერტილი, ჯერ ტრიალებდა, მერე კი, როცა მინდორში მსხვერპლს შენიშნავდა, ფრთებს სხეულზე მიიკრავდა, კისერს დაჭიმავდა და ტყვიასავით ეშვებოდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს სწორედ ეს სურათი გამახსენდა და სხეულის გასწვრივ დავიდე ხელები. მივხვდი, რომ აშკარად უკეთესად გადავხტი და მას მერე ეს ჩემი სტილი გახდა. პირველივე საერთაშორისო შეჯიბრებაზე ასე ვიფრინე და აღმოჩნდა, რომ პირველი ვყოფილვარ, ვინც ეს გააკეთა. მერე ასეთ სტილს „წაქაძის ნახტომი“ უწოდეს. არ ვაჭარბებ, მართლა ასე იყო – ავსტრიელი, გერმანელი, ამერიკელი და შვეიცარიელი ჟურნალისტებიც ზუსტად ასე წერდნენ – წაქაძის ნახტომიო…
…შიში? არა, გადმოხტომის არასდროს მეშინოდა. პირიქით, ფრენა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სტარტის წინ, როცა გავიგონებდი „კობა წაქაძეო“ და ხალხის ტაში მესმოდა, თავს შევუძახებდი, კობა, თავითაც რომ დაერჭო, მაინც შორს და ლამაზად უნდა გადახტე-მეთქი! აი, სულ ეს იყო და ეს… ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ წავქცეულიყავი, გულშემატკივრებს მაინც ხელში აყვანილი გავყავდი არენიდან.
…პირველი დიდი შეჯიბრება სოფლის ახალგაზრდობის საკავშირო პირველობა იყო, რომელიც დაბა იახრამაში ჩატარდა. I ადგილი დავიკავე და იცით ვის ვაჯობე? არამ ადამიანცს, რომელიც… ჩემი მწვრთნელი იყო! დასრულდა თუ არა შეჯიბრება, ადგა არამი და თავის თხილამური მაჩუქა. მოსწავლე რომ გაჯობებს, კი უნდა დაანებო თავი სპორტსო, ასე მითხრა.
…იახრამის მერე მოსკოვში გავემგზავრე, ახლა არც მახსოვს რა ტურნირზე. თავიდან არ მიშვებდნენ, სოფლიდან ჩამოსულს აქ არაფერი ესაქმებაო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიასპარეზე და ადამიანცის თხილამურით IV ადგილი რომ დავიკავე, სხვა თვალით შემომხედეს – არმიის სპორტული კლუბის ბაზაზე დამტოვეს ქალაქის ნაკრების შეკრებაზე.
…იახრამაში გამარჯვების შემდეგ, 1953 წლიდან დაწყებული, საქართველოში ფული აღარ დამიხარჯავს – საბჭოთა კავშირის სპორტის კომიტეტის ხარჯით ვცხოვრობდი და ვმოგზაურობდი. მერე, როდესაც „დიდი კობა წაქაძე“ გავხდი, მოსკოვში ჩემთვის სპეციალურ ბიუჯეტს ადგენდნენ-ხოლმე.
…1954 წელს პირველად მოვხვდი იტალიაში. ტურნირის მერე მასპინძლებმა სადილად დაგვპატიჟეს და სპაგეტი მოგვართვეს. აბა ბაკურიანში დაბადებულ-გაზრდილ ცხვირმოუხოცავ ბიჭს საიდან უნდა მცოდნოდა რა იყო ეს სპაგეტი? მაშინ ჩვენთან ისეთი შავი და მაგარი მაკარონები იყო, ვინმესთვის რომ ჩაგერტყა, თავს გაუტეხდი! მოკლედ, მოგვიტანეს სპაგეტი ხის ჯამებით და… ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ეს სპაგეტი სახეში სულ ტკაცა-ტკუცით მომხვდა! თურმე იქვე ფოტოგრაფებიც სადილობდნენ და მეორე დღეს რამდენიმე გაზეთში ჩემი ფოტო გამოქვეყნდა არცთუ სასიამოვნო წარწერით… რამდენიმე დღეში შვეიცარიაში, სენტ-მორიცში უნდა წავსულიყავი შეჯიბრზე, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა მითხრეს, ბარგი ჩაალაგე, მოსკოვში ბრუნდებიო. ვეხვეწე ნუ იზამთ ამას გენაცვალე, ნუ დამჩაგრავთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა! მოსკოვში ჩასული აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმრო მეტროპოლში მიმიყვანეს. იქ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორი თანამშრომელი დამხვდა, სასტუმროს პერსონალი კი ელდანაკრავივით გაჯგიმული იდგა – მათ ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა. ერთ-ერთ მაგიდასთან დამსვეს, ახლაც მახსოვს მისი ნომერი – 9. იქ ყველაფერი გაკრიალებული ეწყო: თეფშები, ჩანგლები, დანები, კერძები… მოვიდა ვიღაც კაცი, გამიღიმა და მითხრა: აბა გლეხუჭავ, საქმეს შევუდგეთო და დაიწყო: ეს კოვზი ამისთვისაა, ეს – თევზისთვის, ეს – დესერტისთვის… მოკლედ, ორი დღე მასწავლიდნენ რა როგორ მეჭამა. მერეც, როცა ახალ ქვეყანაში მივდიოდი, მიმიყვანდნენ მეტროპოლში და იგივე კაცი მიხსნიდა როგორ მეჭამა ვთქვათ, ბაყაყი, ლოკოკინა და რა ვიცი რა აღარ!
…1956 წლის 31 იანვარს, საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა, ინსბრუკში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოვიგე და მას შემდეგ თითქმის 21 წელი საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი ვიყავი!
…ნაკრებში რომ დავმკვიდრდი და უცხოეთში ხშირად გავდიოდი, გერმანულის შესწავლა დავიწყე. დამიბარეს შესაბამის ორგანოებში და წინ დამიდეს ჩემ შესახებ მოგროვილი მასალები, ზოგად დახასიათებაში კი რუსულად ეწერა – უცხო ენებს სწავლობსო. თითქოს ეს ნაკლი იყო! გავეცანი იმ საბუთებს და ვიკითხე, რა გინდათ-მეთქი? მომაწოდეს სუფთა ფურცელი, კალამი და დამაწერინეს: მე, კობა ვარდენის ძე წაქაძე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე, ტრამპლინიდან მხტომელთა ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ხშირად ვმოგზაურობ უცხოეთში, პირობას ვდებ, რომ უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს თარჯიმნის გარეშე არასდროს ვუპასუხებ. „ფიცს“ ხელიც მოვაწერე.
…უცნაურია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფის მიცემა აკრძალული მქონდა! ამის სანაცვლოდ, ფოტოებს ვარიგებდი, რომელზეც ჩემივე ავტოგრაფი იყო დატანილი – უცხოეთში ყველა გასვლის წინ მაძლევდნენ რამდენიმე ასეულ ბარათს და მეც ამით ვაკმაყოფილებდი ქომაგების თხოვნას.
…საპრიზო თანხა? ავსტრიაში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ამერიკაში ხშირად მაჯილდოვებდნენ ფულით, მაგრამ მისი მიღების უფლება არ მქონდა. თანხა საკავშირო სპორტკომიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა და მის გარკვეულ ნაწილს მოგვიანებით მანეთებში მაძლევდნენ. შეიძლება არ იცით, მაგრამ სხვადასხვა ტურნირზე 3-ჯერ მოვიგე ავტომობილი, თუმცა თვალით არცერთი მინახავს – მაშინ ასეთი მიდგომა იყო, რომ საბჭოთა მოქალაქეს კაპიტალისტური ქვეყნის ნაწარმი არ სჭირდებოდა.
…50-იანი წლების მიწურულს პირველად წავედი ამერიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ მარტოს მიწევდა გამგზავრება, უშიშროებაში დამიბარეს და „აღმზრდელობითი ლექცია“ წამიკითხეს. მახსოვს, რომელიღაც მაღალჩინოსანმა მთელი ჩემი საგვარეულოს სია გამაცნო და დასძინა: უკან რომ დაბრუნდები, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. მხოლოდ ის ვითხოვე, ეგ ფურცელი მეც მომეცით, ხომ უნდა ვიცოდე ამდენი ნათესავი რომ მყავს-მეთქი.
…ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, დამიძახეს იქ, „ზევით“ და მითხრეს: ავტომობილი უნდა გადმოგცეთ და აირჩიე, რომელი გინდაო – ზიმი, გაზ-21 თუ პაბედაო. ვუთხარი, არცერთი არ მინდა გენაცვალე, კოლხოზნიკი მომეცით-მეთქი. ეგ სამხედრო დანიშნულებისაა, არ იყიდება, მაგრამ მოვიფიქრებთო, – მითხრეს და ცოტა ხანში მართლაც მომიყვანეს ახალთახალი კოლხოზნიკი. ბაკურიანისთვის მისწრება იყო!
…ნაკრების ხელმძღვანელობა ითხოვდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ჩავსულიყავი მოსკოვში შეკრებებზე, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო მეტროპოლში ნომერი დაჯავშნილი მქონდა, გული მაინც სახლისკენ მიმიწევდა: ხან შეშა იყო დასაჩეხი, ხან თივა მოსამარაგებელი, ეგეც არ იყოს, ჩემები მენატრებოდნენ… ბაკურიანში მხოლოდ 1-დან 25 მაისამდე მიშვებდნენ, დანარჩენ დროს გუნდთან ერთად ვატარებდი. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ოჯახის საქმეს რაიონის კოლმეურნეობა აგვარებდა. ეგ კი არა, დედაჩემს სპეციალურად ურიგოდ დაუდგეს ტელეფონი, რომ ხშირად გვესაუბრა. ვიცოდი, რომ ჩვენი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ, ძირითადად იმაზე ვლაპარაკობდით, თუ რას ვჭამდი.
…ერთხელ მოსკოვში ვარ და საქართველოში გამომგზავრებას ველი. აეროპორტში საშინელება ხდება: რიგი, ჩოჩქოლი, ზღვა ხალხი დგას მოსაცდელში! ამ დროს ჩამოიარა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ, თავის დაკვრით მომესალმა და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ჩემთან მისი თანმხლები პირები მოვიდნენ, თხილამურები და ბარგი ჩამომართვეს და თვითმფრინავისკენ გამიძღვნენ. თბილისში მჟავანაძესთან ერთად ვიფრინე, აეროპორტში კი ვასილ პავლოვიჩის ჩაიკა დამახვედრეს და ბაკურიანში გამომაცილეს.
…1961 წელს გერმანიაში, გარმიშ-პარტენკირხენში მსოფლიო თასის ეტაპი მოვიგე. ტურნირის შემდეგ მაცნობეს, კონრად ადენაუერმა (1949-63 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი.) მიგიპატიჟათო! მან მარტომ მიმიღო, სპეციალურად გამომიგზავნა მერსედესი, მე კი, სანამ მიღებაზე წავიდოდი, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა ახალთახალ კოსტიუმში გამომაწყვეს. მერე, მოსკოვში რომ დავბრუნდი, ლამი ერთი კვირა დაკითხვაზე დამატარებდნენ, გვითხარი რაზე ისაუბრეთო. ისე, ის კოსტიუმი კი მაჩუქეს.
…საუკეთესო წელი? როგორ გითხრათ, 1962 ალბათ. ერთ-ერთი გამორჩეული იყო – მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე V ადგილზე გავედი, ბაკურიანში კი დიდი შეჯიბრება მოვიგე! ქართველი გულშემატკივრების წინაშე იშვიათად გამოვდიოდი და მაშინ ჩვენ ტურნირს ლამის 20 ათასი კაცი დაესწრო!
…ზედიზედ 3 ოლიმპიადის შემდეგ ძალიან მინდოდა გრენობლიში გამგზავრება, კარგ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ გუნდს მიღმა დამტოვეს – ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგასმა არ მაპატია, რომ ანკეტაში პირად მწვრთნელად მის ნაცვლად პაველ დემენტიევი ჩავწერე. დაბრუნდა თუ არა გუნდი გრენობლიდან, გრიგასი გაუშვეს.
…რამდენიმე წლის წინ პოლონეთში ვიყავი. ვიღაც მომიახლოვდა, მომესალმა, ხელი ჩამომართვა და აღტაცებულმა მითხრა: პან წაქაძე, კრაკოვის უნივერსიტეტში ლექციებს ვაცდენდი რომ თქვენი ნახტომები მენახაო! ვიფიქრე, გულშემატკივარია-მეთქი და მადლობა გადავუხადე, მაგრამ რომ გამშორდა, დელეგაციის ხელმძღვანელმა მითხრა, ეგ კაცი პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდერ კვაშნიევსკიაო.
…უამრავ პოლიტიკოსს შევხვედრივარ და ამ მხრივ ნამდვილად ბევრი მაქვს მოსაგონარი. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ნიკიტა ხრუშჩოვზე, ლეონიდ ბრეჟნევზე და საქართველოს პირველ მდივნებზე რომ არაფერი ვთქვა, ნორვეგიის მეფესთან, ფინეთის პრეზიდენტთან, კანადის პრემიერ-მინისტრთან, იუგოსლავიის, უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და ჩეხოსლოვაკიის პირველ პირებთან, აშშ-ის პრეზიდენტთან მიღებაზეც ვყოფილვარ… მათგან მიღებულ სუვენირებს შინ, ჩემსავე მუზეუმში ვინახავ.
…კარიერა 1972 წელს, 38 წლისამ დავასრულე. ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა თხილამური კედელს მივაყუდე და მივხვდი, რომ საკმარისი იყო. ასე მარტივად დასრულდა ყველაფერი.
…ჩვენ დროს სპორტის ეს სახეობა ძალიან სახიფათო იყო, არც სპორტსმენთა დაღუპვა იყო იშვიათი, თუმცა ასეთ ფაქტებს საბჭოთა კავშირში ასაიდუმლოებდნენ. ახლა მონაწილეთა უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. შედარებისთვის გეტყვით: როცა კარიერას ვიწყებდი, ჩაფხუტს და კომბინიზონს ვინ ჩივის, უქუდოდ, უსათვალოდ, შალის ჯემპრით და სპორტული შარვლით ვხტებოდი-ხოლმე! ჩემ დროს თხილამურის წონა 12 კილოგრამს აჭარბებდა, ახლა 6-7-ია…
…სპორტიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არ ვყოფილვარ: სანამ ასაკი ხელს მიწყობდა, საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით ხშირად დავდიოდი ტურნირებზე მსაჯად – 2 ოლიმპიადასა და მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე ვიმუშავე, მერე და მერე კი საპატიო სტუმრად მიწვევდნენ.
…რატომ არ დავრჩი უცხოეთში? როგორ გითხრათ, არასდროს მქონია ამის სურვილი – ჩემი ბაკურიანი ყოველთვის ყველაფერს მერჩივნა! ეგეც არ იყოს, აქ იმდენი მაქვს დათესილი, სადმე ქუჩაში რომ წავიქცე, ყველამ იცის სადაა ჩემი სახლი და მიმიყვანენ. როცა ასეთი სიყვარულია, რა ჯანდაბა მინდა უცხოეთში?
კობა წაქაძე
დაიბადა 1934 წლის 19 აგვისტოს
ტიტულები: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972; საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1968, 1970, 1972; საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონი – 1961; ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე – კორტინა დ’ამპეცო (იტალია; 1956) – XXX ადგილი (70-მეტრიან ტრამპლინზე); სქვო-ველი (აშშ; 1960) – IX (70მ); ინსბრუკი (ავსტრია; 1964) – XXVII (90მ); საპორო (იაპონია; 1972) – IX (70მ), XXXV (90მ); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1966; ღირსების ორდენი
*-ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზამთრის 4 ოლიმპიადაზე იასპარეზა.
*-მისმა ვაჟმა, ასევე ტრამპლინიდან მხტომელმა კახა წაქაძემ საქართველოს სახელით 1994 წელს ლილეჰამერის (ნორვეგია), 1998 წელს ნაგანოს (იაპონია) და 2002 წელს სოლტ-ლეიტ სიტის (აშშ) ზამთრის ოლიმპიადებზე იასპარეზა.
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge