ეუსებიო გარდაიცვალა

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ეუსებიო 5 იანვარს, გამთენიისას, გულის შეტევით გარდაიცვალა. ლისაბონის ბენფიკის უძლიერესი მოთამაშე 71 წლის იყო.

„დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დავკარგე, ფეხბურთის სამყარომ კი უდიდესი პიროვნება მოისაკლისა. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ეუსებიო ბრწყინვალე ადამიანი იყო“! – განაცხადა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა.

შავი პანტერა – ასე უწოდებდნენ ფორვარდს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში. 1965 წელს ეუსებიო ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვეს, 1968 და 1973 წლებში კი კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუციც“ მოიგო.

ეუსებიო 15 წლის მანძილზე თამაშობდა ლისაბონის ბენფიკაში, რომლის მაისურით 614 ოფიციალურ მატჩში 638 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად 11-ჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული, 5-ჯერ აღმართა ქვეყნის თასი, 1962 წელს კი ჩემპიონთა თასიც მოიგო. ამას გარდა, 3-ჯერ ითამაშა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ფინალში, 1964-65, 1965-66, 1967-68 წლების სეზონში კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ის 7-ჯერ იყო პორტუგალიის პირველობის მთავარმეგოლე.

1966 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის დებიუტანტი პორტუგალია ეუსებიოს ლიდერობით III ადგილზე გავიდა. „შავმა პანტერამ“ 9 გოლი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ეუსებიომ კარიერა 1979 წელს, ნიუ ჯერსი ამერიკენსში დაასრულა. საერთო ჯამში პორტუგალიელმა 745 მატჩში 733 გოლი შეაგდო.

2003 წელს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეუსებიო ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ კი პორტუგალიელი ყველა დროის უძლიერეს მოთამაშეთა შორის IX ადგილზე დაასახელა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 6 იანვარი)

ka_GEGeorgian