ჩემი ალბომები: ლადო გუდიაშვილის მოგონებები (I ნაწილი)
დედაენის ბაღში ბუკინისტების თაროებს ვათვალიერებდი და ლადო გუდიაშვილის მოგონებების წიგნიც, სერაფიტას სერიით გამოცემული, მაშინ ვიყიდე.
მხატვრობის დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფერწერა სულაც არაა მნიშვნელოვანი: ისეთი საინტერესო მოგონებები იყო, თან იმდენ საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანზე რომ, რა გითხრათ, მხოლოდ გირჩევთ – წაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა: XX საუკუნის დასაწყისის თბილისი და პარიზი, ფიროსმანი, ცისფერყანწელები, ექვთიმე თაყაიშვილი, გალაკტიონი, ვაჟა, პაბლო პიკასო, ამადეო მოდილიანი, გოგლა ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია…
გუდიაშვილს ყველა მათგანთან და კიდევ უფრო მეტთან პირადი ურთიერთობა აკავშირებდა, უშუალო თვითმხილველია ძველი თბილისის ნგრევის და ახლის შენების, ყარაჩოღელების, ტივზე ქეიფის, პარიზის ბოჰემური ცხოვრების…
მოდი და ნუ იტყვი, რომ მისი მოგონებები ფასდაუდებელი არაა! ჩემი აზრით, ისინი ცოტა ზღაპრულიცაა. რატომ? ბევრ ქართველს იცნობთ, რომელიც პირადად იცნობდა, ვთქვათ, პიკასოს ან მოდილიანის?
ვკითხულობდი გუდიაშვილის მოგონებებს და დროდადრო ვფიქრობდი, რა ბედნიერი და წარმატებული იქნებოდა საქართველო გასაბჭოება როგორმე თავიდან რომ აეცილებინა, რკინის ფარდის ქვეშ რომ არ მოქცეულიყო, მართლა ნიჭიერი ხალხი ტვინგარეცხილებს რომ არ გაეწყვიტათ…
ქვეყანა სხვანაირად განვითარდებოდა. და თან, მხოლოდ უკეთესობისკენ. ამის ღრმად მწამს!
გუდიაშვილის მოგონებები გაგანია ზასტოის პერიოდში, 1979 წელსაა გამოცემული. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის მოგონებებში მაქსიმალურად შერბილებულია უნდობლობა და იმედგაცრუება საბჭოთა წყობის მიმართ, მაინც იგრძნობა, რომ მას სხვანაირ საქართველოში ცხოვრება სურდა: ლაღ, ფერად, თავისუფალ ქვეყანაში, ისეთში, როგორიც პარიზში ნახა და მიეჩვია და როგორ ტილოებსაც თავად ქმნიდა. ნუ, მისმა მოგონებებმა ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა და თქვენ, წიგნს რომ წაიკითხავთ, თქვენი თქვით.
რაც შეეხება ამ ალბომს, მასში შეტანილი ფოტოები წიგნის წაკითხვის შემდეგ მოვიძიე ინტერნეტში. რამდენიმეც მხატვრის ალბომიდან გადავიღე. ვეცადე ნახატები მაქსიმალურად თემატურად შემერჩია. როგორ გამომივიდა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ.
ერთი სიტყვით, სულ ესაა.
დაგვიანებით, მაგრამ მაინც: გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას!
ლაშა გოდუაძე
2017 წლის 4 აპრილი
ჩემმა ბავშვობამ ძველი თბილისის უბანში გაიარა…
ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, კოლორიტული უბანი. მეხსიერებას შემორჩა ამ უბანში მცხოვრები ადამიანების სახეები, მათი სიცოცხლით სავსე, იუმორით განათებული საუბრები, ღამის მელოდიები, აივნიანი და ბანიანი სახლები, საიდანაც მოჩანდა მტკვრის სანაპირო…
ზაფხულობით მტკვარი ნაპირზე გადმოდიოდა და მაშინ მთელი ჩვენი უბანი ვენეციას ემსგავსებოდა! მახსოვს მტკვარზე ტივები, მეტივეთა ფიქრიანი სახეები, ყარაჩოხელთა ქეიფი…
რომელი რეჟისორი დადგამდა ისეთ საოცარ სანახაობას, რასაც იქ ნახავდით!
იმართებოდა ყეენობა, რომელსაც, შეიძლება, თბილისის კარნავალიც ვუწოდოთ. უბანი უბანს კრივში ეჯიბრებოდა, ფალავნებს ხალხი დიდ პატივს სცემდა. მახსოვს ყოჩების ჭიდილი, მამლების ძიძგილაობა… და, რა თქმა უნდა, ჭიდაობაც.
ხშირად მინახავს, მეთევზეები როგორ ისროდნენ უზარმაზარ ბადეებს მტკვარში…
ქორწილიც ძალზე რიტუალური იყო. საოცარ სანახაობას წარმოადგენდა მზითვის მოტანა. და ამ მრავალფეროვან სპექტაკლს თავისებურ სილამაზეს და ეშხს მატებდნენ აშუღები – სახალხო მთქმელები.
ჩვენი უბანი სკასავით ბზუოდა. ვის არ ნახავდით აქ: სომეხს, თათარს, თურქს, მალაკანს, აისორს, სპარსელს…
და ყველა თავის ეროვნულ ტანსაცმელს ატარებდა!
მშობლები ამ აურზაურიდან განცალკევებით ცხოვრობდნენ.
მამა დღედაღამ მუშაობდა. საოცრად წყნარი, თავმდაბალი კაცი იყო. მისგან ისეთი დიდი სიყვარული და სითბო მახსოვს, რომ სიკვდილამდე არ დამავიწყდება. თავს არ ზოგავდა, რომ მე და ჩემი ძმა გზაზე დავეყენებინეთ. გამოწერილი ჰქონდა ჟურნალ-გაზეთები, ყიდულობდა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებზედაც ვსწავლობდით დაკვრას. მე მანდოლინაზე ვუკრავდი, ვახტანგი – გიტარაზე და ოჯახში მუდამ მხიარულება და სიმშვიდე სუფევდა. ვმართავდით პატარა კონცერტებს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვართობდით.
დედა სულ იმაზე ოცნებობდა, ვახტანგი ექიმი ყოფილიყო (ასეც მოხდა), მე კი, ძალიან უნდოდა მხატვარი გამოვსულიყავი და ყველა პირობა შემიქმნა საამისოდ…
საოცარია დედის გული, დედის ალღო… მოჰქონდა ჟურნალებიდან ამოჭრილი რეპროდუქციები, საიდანაც ვიხატავდი ცხოველებს. განსაკუთრებით გაჭენებული ცხენების ხატვა მომწონდა. შემდეგ პორტრეტების ხატვაც დავიწყე. მახსოვს, დავხატე რუსთაველი, ერეკლე მეორე, პუშკინი, ტოლსტოი, ილია…
რა თქმა უნდა, სულ წიგნებიდან და ჟურნალებიდან ვიხატავდი. თანაც, ყოველ პორტრეტს საკუთარი წარმოსახვით უსათუოდ მივუხატავდი მთებს, ირმებს, ცხენებს, ჩიტებს და ჰაერში აფრიალებულ ხის ფოთლებს…
იმ პერიოდში ჩვენს მეზობლად ხშირად მოდიოდა ერთი გერმანელი მხატვარი, გვარად ზომერი. დედამ ჩემი ნახატები ამ მხატვარს აჩვენა. იგი დაინტერესდა… შემდეგ მეც მიმიყვანეს. ბევრი მესაუბრა.
ასე გადაწყდა ჩემი ბედი.
თბილისში იმ დროს იყო სამხატვრო სასწავლებელი, სადაც 1910 წელს გამიყვანეს საკონკურსო გამოცდებზე. სასწავლებელში იმ დროს ქართველი პედაგოგები არ მოღვაწეობდნენ. გვასწავლიდნენ გერმანელი ოსკარ შმერლინგი (ჩემი ხელმძღვანელი), იტალიელი ლონგო, რუსი პატენკოვსკი და პოლონელი გრინევსკი…
ჩვენმა სამხატვრო სასწავლებელმა მოაწყო ექსკურსია გელათში. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. როცა ტაძარში შევედი, საოცარი განცდა დამეუფლა: ფანტასტიკური სანახავი იყო, მზე სარკმლიდან უჭვრეტდა ღვთისმშობლის მოზაიკას. ეს მზის სხივი ისე საოცრად ანათებდა მას, რომ ცრემლის გორგალი ძლივს გადავყლაპე.
აქედან დაიწყო ყველაფერი და ის სურვილი, რომ ცოტათი მაინც ვყოფილიყავი ამ დიდებული ფრესკების მხატვართა გზის გამგრძელებელი, დღემდე ცოცხლობს ჩემში.
1914 წლიდან, სასწავლებლის დამთავრებისთანავე, გულმოდგინედ შევუდექი ძველი ტაძრების არქიტექტურისა და ფრესკული ხელოვნების შესწავლას. ვნახე და შევისწავლე საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი. მცხეთაში რომ მევლო, ველოსიპედი ვიყიდე და ყოველდღე დილის ექვსი საათიდან ოცდაერთ კილომეტრს გავდიოდი, ისე მიყვარდა ეს საქმე.
ყველაზე საინტერესო და მიზნობრივი ექსპედიცია მაინც, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მოეწყო ჩვენი გამოჩენილი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით. ბედნიერად ვთვლი თავს, ჩემი შემოქმედებითი გზის დასაწყისში ამ დიდ ადამიანთან რომ მომიხდა მუშაობა.
ძალიან კარგი ექსპედიცია იყო. ჩვენ შევისწავლეთ და აღვწერეთ ხახული, იშხანი, ბანა, ოშკი. პირადად მე ოშკის წინა ფასადზე, მიწის გადასუფთავების შემდეგ წმინდანების თავების გამოსახულებები ვიპოვე, რომლებიც ჩამოცვენილიყო…
ექსპედიცია სულ რამდენიმე კაცისგან შედგებოდა. ხელმძღვანელი იყო ექვთიმე თაყაიშვილი, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი და მე, ამზომველი – ილია ზდანევიჩი. გვახლდა, აგრეთვე, არქიტექტორი კალგინი, ავტორი სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შენობისა.
წლების შემდეგ ბიჭვინთაში ვმუშაობდით. ძეგლი უკვე ინგრეოდა, იატაკი, კედლები – სულ მოზაიკა იყო… საღამოს, როცა მე და მხატვარი ოთარ სულავა ჯერ კიდევ ვფუსფუსებდით, ორი კაცი და ერთი ქალი დავინახეთ. ერთ-ერთი კაცი ჩვენკენ წამოვიდა, გვთხოვა, ესენი ფრანგები არიან, ცოლ-ქმარნი, ძალიან უნდათ ამ ძეგლის ნახვაო.
-მობრძანდით-მეთქი.
-ასეთი მდიდარი მოზაიკური ხელოვნება იშვიათად გვინახავს, – თქვეს ფრანგებმა.
ბევრი ვისაუბრეთ, გამოთხოვებისას კი მკითხეს, შემთხვევით ხომ არ იცნობდით, ერთი ასეთი მხატვარი იყო, გვარად გუდიაშვილი, ამბობენ, ცოცხალი აღარ არისო… საწყალი, კარგი მხატვარი კი იყო, პარიზის გამოფენიდან ვიცნობდითო…
ეს მოულოდნელი იყო! სულავას შევხედე, გაოცებული მე მიყურებდა. მეც არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა. მანქანაში რომ სხდებოდნენ, მაშინ ვუთხარი: ნება მომეცით მოგესალმოთ, მე ვარ ის გუდიაშვილი-მეთქი!
ძალიან აფორიაქდნენ. შევატყვე, უჭირდათ დაჯერება. ასეთი რამ ჩემთვისაც რომ მოეყოლათ, არ დავიჯერებდი. ბოლოს მისამართი მომცეს, გაგვეხარდა რომ გნახეთ, ასეთ შეხვედრას არ მოველოდითო.
ფრანგი მიშელ ლე დანტიუ, რომელიც ზდანევიჩების ოჯახს თბილისში ესტუმრა, ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებით, კერძოდ, კერამიკით იყო დაინტერესებული.
ერთ მშვენიერ დღეს ის მასპინძლის ახალგაზრდა ვაჟთან ერთად კერამიკის შესათვალიერებლად თბილისის ბაზარსაც ეწვია. სადგურთან ერთ-ერთ სამიკიტნოშიც შევიდნენ. შევიდნენ და გაოცებულნი მიაჩერდნენ კედლებზე გამოკიდებულ ფერწერულ ტილოებს… რა თქმა უნდა, მაშინვე ავტორი იკითხეს. უთხრეს, როგორ გეტყობათ მხოლოდ რესტორნებში რომ დაბრძანდებით, ეგეთი ნახატებით ხომ მთელი ახლომახლო სამიკიტნოებია მორთული, ნიკალა გვყავდეს ცოცხალი, თორემო…
კედლებიდან იცქირებოდნენ ფიროსმანის „თამარ მეფე“, „რუსთაველი“, „მწყემსი“, „თავადი“… მეორე სამიკიტნოში ნახეს „ყურძნის კრეფა ალაზნის ველზე“…
უსაზღვრო იყო მათი გაოცება! მერე მისი სხვა სურათებიც მოაგროვეს. სამიკიტნოს მეპატრონეები ხალისით აძლევდნენ სურათებს იმ იმედით, რომ ნიკალა ახალს დაგვიხატავსო.
იკითხა კიდეც ლე დანტიუმ, სად ვიპოვოთ ეს კაციო. არ ვიცით სად ცხოვრობს, ბინა არც კი აქვსო, უპასუხიათ.
თბილისი მაშინ მტკვარგადაღმა ღარიბებისა იყო, მტკვარგადმოღმა – მდიდრებისა…
ფიროსმანი რომ გავიცანი, ვკითხე, რაღა ამ უბანს ჩააცივდი, აქეთ გამოდი-მეთქი. აქეთ მე ვინ მომცემს შეკვეთას, მდიდრები არიან, მე კი ერთი საწყალი კაცი ვარო, – მიპასუხა.
მას რამდენჯერმე პირადად შევხვდი.
მაღალი კაცი იყო, შეჭაღარავებული, უკან გადავარცხნილი თქმა ჰქონდა. მის მკრთალსა და მოტეხილ სახეს თან სდევდა რაღაცნაირი კეთილშობილური, მე ვიტყოდი, ინტელიგენტური იერი და სიმშვიდე. წვერი შეკრეჭილი ჰქონდა და ულვაში ქვევით დაშვებული. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და სქელი, საღებავებით დასვრილი შარვალი.
ერთხელ მხატვართა საზოგადოების კრებაზე შევიყვანეთ. მკერდზე ხელებდაკრეფილი იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. მისი სახე დაფარულ სიხარულსა და გაკვირვებას გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. სხდომის შემდეგ მხატვრები შემოეხვივნენ. პასუხს მოკლედ იძლეოდა, ცოტას ლაპარაკობდა.
მხატვართა საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე გადაწყდა ნიკო ფიროსმანისთვის დახმარება გაეწიათ 200 მანეთის ოდენობით. ფულის გადაცემა მე დამავალეს. ის კიბის ქვეს ცხოვრობდა, სარდაფში. დამამახსოვრდა კუთხეში მიყრილი ხელსაწყოები, ვედრო, მუშამბა, საღებავები, ფუნჯები, დამამახსოვრდა მისი ნათქვამიც: რა არის ჩემი ცხოვრება, დავხატავ სურათს, წავიღებ სარდაფში, დამალევინებს მიკიტანი ღვინოს, სურათს კი დაიტოვებს და ასეა ყოველთვისო.
მაჩვენა სურათები „ლომი“ და „თამარ დედოფალი“. მითხრა: აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ესვრიან კარს, უღმერთოდ მაწვალებენო…
გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი. მას შემდეგ დიდხანს ვეღარ შევხვდი, ვეძებდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე.
ნიკომ თავის წუთისოფელი სადღაც, დიდუბის მიყრუებულ კუნჭულში დალია. როდის მოკვდა, რა პირობებში ან ვინ დამარხა, არავინ იცის.
როცა ფიროსმანის სურათები შეაგროვეს, ყველაზე მეტი შოთა რუსთაველი და თამარ მეფე აღმოჩნდა. სამიკიტნოებში ყველაზე ხშირად ამას უკვეთავდნენ. ამ შთაბეჭდილებებმა დამახატინა რამდენიმე სურათი. ჩემში დაგროვილი იყო მისი ცხოვრების ტრაგედია.
მახსოვს, ფული რომ მივუტანე, ძალიან გაუკვირდა, სამაგიეროდ რატომ არაფერს მთხოვო, მითხრა. აღარ იცოდა, რა პატივი ეცა! თუ გინდა, თათარიახნად დაჯექი და დაგხატავო. შემებრალა და უარი ვუთხარი. მთელი ცხოვრება ვნანობ ამას…
სწორედ იმ დროს, როცა ნიკო ფიროსმანი ძველი თბილისის უბანში ჭიქა არაყზე ჰყიდდა თავის შედევრებს, ცხოვრობდა კიდევ ერთი მხატვარი – ზაზიაშვილი… უბრალო, ფოტოგრაფიულ ჩანახატებს აკეთებდა, თანაც ბრაზობდა: ნიკალასაც მხატვარი ჰქვია, აბრებს ფხაჭნის და მუშტარი დამიკარგაო. ნიკალა კი ნაღვლობდა, ნეტავი ისე ვხატავდე, ზაზიაშვილი რომ ხატავსო…
1919 წლის სურათების გამოფენაზე მქონდა ერთი ტილო – „ქრისტინე“. ის ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის შთაბეჭდილებით შევქმენი. ახლა ამ სურათს ჰქვია „კინტოების ქეიფი ქალთან“.
გამოფენაზე კათოლიკოსიც მოსულიყო. მე იმ დროს მივედი იქ, როცა კათოლიკოსი ჩემი სურათის წინ იდგა და პირჯვარს იწერდა: ფუი ეშმაკსო – სამჯერ გაიმეორა და მე დამიძახა:
-კარგი გიქნიათ, რომ ეს დაგიხატავთ… აქამდე როგორ მივიდა ქალი, რომ კინტოებთან ქეიფობს… რამხელა შეურაცხყოფა და ტრაგედიაა ეს! ამ ნახატს რომ ნახავენ, იქნებ მსგავსი რამ აღარცერთმა ქალმა არ გააკეთოს, – მითხრა მან.
ის სურათი შემდეგ საფრანგეთში წავიღე.
მოგვყიდეო, მთხოვდნენ, მაგრამ ვერაფრით შეველიე. ამჟამად ის საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია.
სიყვარულით ვიხსენებ ერთ კოლორიტულ მოხუცს, რომელიც ჯოხზე დაყრდნობილი, თავზე თუშური ქუდითა და მხრებზე ნაბადმოგდებული ნელა ჩაივლიდა ხოლმე რუსთაველის პროსპექტზე, თმა და წვერი მთლად გათეთრებული ჰქონდა.
ეს გახლდათ იოსებ იმედაშვილი, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი, მწერალი, მსახიობი, საქართველოს დიდი პატრიოტი.
ზღაპრებში ხდება ხოლმე, რომ ბედის მაძიებელი ხშირად საიდუმლო კარის წინ აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ კეთილი გულით მისულს უსრულდება განზრახვა. და აი, მეც მივაშურე „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციას, ეს იყო 1914 წელს.
იოსებ იმედაშვილი პირველი დანახვისთანავე ღიმილით შემომხვდა და ალერსით მკითხა, რისთვის მობრძანდითო. თანამშრომლობა მსურს-მეთქი თქვენს ჟურნალში, როგორც მხატვარს, ვუპასუხე.
გამიმკითხა ვინაობა. ბევრი არ უფიქრია, საწერი მაგიდის უჯრიდან ხელნაწერი ამოიღო და გადმომცა: აჰა, ბიძია, დასაწყისისთვის ეს დამისურათხატეო. ავტორი მოთხრობისა გახლდათ ლეო ქიაჩელი.
გახარებულმა გულისხმიერი მოპყრობითა და წახალისებით, რამდენიმე დღეში მივუტანე ილუსტრაციები. უნდა გენახათ ბიძია იოსების აღტაცება! მართლაც, მორიგ ნომერში დაიბეჭდა ის ილუსტრაციები. აქედან დაიწყო ჩემი გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე და ამ მადლმოსილ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მუდმივი თანამშრომელი გავხდი.
მადათოვის კუნძულზე, ორ ხიდს შუა მდებარე „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციის შენობაში თავს იყრიდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწენი, მწერლები, პოეტები, დრამატურგები, ჟურნალისტები, ამ ჟურნალის გულშემატკივარნი და თაყვანისმცემელნი…
მხოლოდ თავისი ქვეყნის დიდი სიყვარული აძლევდა ძალას იოსებ იმედაშვილს, რომ დიდი სიძნელეების მიუხედავად, გამოეცა ეს ჟურნალი და მის ირგვლივ ქართული კულტურის საუკეთესო მოღვაწეები შემოეკრიბა.
„თეატრი და ცხოვრება“ ყოველთვიურად გამოდიოდა თხუთმეტი წლის მანძილზე და ის ხშირად უსასყიდლოდ იგზავნებოდა რაიონებში, რათა ხალხს თეატრისადმი ინტერესი გაღვივებოდა.
ძია იოსებს ხშირად უყვარდა თქმა: ვინც მეტი ისწავლა, უმაღლესი განათლება მიიღო, ყველა რომ დღეში ქვეყნისათვის თითო საათს ხარჯავდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ ყველა ერიდება ეკლიანი გზით სიარულსაო…
იოსებ იმედაშვილის რედაქციაში გავიცანი გალაკტიონ ტაბიძე. იოსებმა პირველმა დაბეჭდა მისი, დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი ლექსი „მერი“. ამ ჟურნალის ფურცლებიდან პირველად გავიგონეთ გალაკტიონის ლექსის მუსიკა.
„მერის“ შემდეგ მუდამ თან მდევდა სურვილი, გამომესახა ამ ქალის სახე. წლების შემდეგ საზღვარგარეთიდან ჰოლანდიური პასტელი „რუბენსი“ და ზეთის საღებავები მივიღე. სიმართლე გითხრათ, მანამდე თვალითაც არ მენახა ეს საკვირველი ფერები. ერთხანს ხელში აღებაც ვერ გავბედე. შემდეგ გადავწყვიტე მათი გამოყენება შავ ქაღალდზე და მოხდა საოცრება: რაღაც ახალი ვიპოვე! ეს საღებავები ყველაზე მეტად მისთვის მემეტებოდა და პირველი, ვინც გავაცოცხლე ტილოზე, იყო „მერი“.
გალაკტიონს ხშირად ვხვდებოდი… ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. საუბრის თავისებური კილო ჰქონდა, მორცხვი იყო…ხშირად ასეთი მომართვა იცოდა: შენ ხარ ჩემი ღმერთი!
მახსოვს, ერთხელ რუსთაველის ძეგლთან შემხვდა.
-იცი, ახლა ერთ მილიციელს ვკითხე, საქართველოში ყველაზე დიდი პოეტი ვინ არის-მეთქი და თუ იცი, რა მიპასუხა? ვაჟა ფშაველაო! კი მაგრამ, რუსთაველი-მეთქი? რუსთაველი გენიოსია, ვაჟა კი დიდი პოეტია. გალაკტიონიც დიდი პოეტიაო… რა კარგია მილიციელს რომ ასე უყვარს პოეტები, არა?
ბავშვურად აღფრთოვანებული იყო… მერე თვალები მილულა… ერთხანს ჩუმად იდგა და თითქმის ჩურჩულით თქვა: რუსთაველი და მშვიდი, დამშვიდება და ვაჟა?!
ერთხელ გალაკტიონმა მითხრა: შენ სახლში იმიტომაც მიყვარს მოსვლა, რომ უწინ ის ბაგრატიონებისა იყოო (მაშინ ერთი პატარა ოთახი მეჭირა ამ სახლში)…
პარიზიდან რომ დავბრუნდი, ბინა არ მქონდა და სამხატვრო აკადემიის პირველ სართულზე მომცეს ორი პატარა ოთახი, ორივე ბნელი. იქ მუშაობის საშუალება არ იყო. ამ ბინაში კი, რომელშიც ახლა ვარ, ცხოვრობდა ჩემი ერთი მეგობარი, დავით ლომაძე. ისიც ვიწროდ იყო, მაგრამ მაინც დაიჟინა, ჩემთან წამოდიო… შემდეგ ის გადავიდა და კარგა ხანს ერთ პატარა ოთახში ვიყავით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი გოგონა და ჩემი სურათები, რომლებსაც უკვე ვეღარ უძლებდა ვერც კედლები, ვერც იატაკი და ვერც ჭერი.
ბოლოს, რა თქმა უნდა მთავრობის დახმარებით, ამ ბინამ დღევანდელი სახე მიიღო. მართალია ჩემ სურათებს დღეს ეს ბინაც აღარ ჰყოფნის, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გამოფენა არც არის საჭირო.
დღეს ამ ბინას, თუ მთლიანად არა, რამდენადმე მაინც აქვს ის იერი, რაც ოდესღაც, ბაგრატიონების დროს ჰქონდა. მის ვრცელ და ფართო დარბაზებში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული შეხვედრები. ამ სახლის ხშირი სტუმრები ყოფილან გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე – თავის მშვენიერი ქალიშვილებით, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მანანა და მაიკო ორბელიანები, ალექსანდრ პუშკინი, ალექსანდრ გრიბოედოვი…
ოციან წლებში ყველაზე მეტი გამოცოცხლება მწერლობას დაეტყო. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო აკაკი. მახსოვს, ხშირად ვხვდებოდი გოლოვინის პროსპექტზე. დინჯად მოდიოდა, მთელი ხალხი მას შეჰყურებდა…
ეგრეთ წოდებულ სალონებსა და კაფეებში პოეტური საღამოები იმართებოდა. ამ საღამოების მუდმივი მონაწილე მეც ვიყავი…
ეს იყო პერიოდი, როცა ცისფერყანწელები თავიანთ ნამდვილ სტიქიაში გრძნობდნენ თავს. და ყველაფერს რაღაც არარეალური, უაღრესად პოეტური, უაღრესად ფანტასტიკური იერი ჰქონდა…
მახსენდება გიორგი ლეონიძის ქორწილი კაფე ქიმერიონში. მთელი ღამე მხოლოდ ლექსების კითხვა ისმოდა, სუფრა კი სანოვაგით მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას, ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს, ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ და ასე გაგრძელდა დილამდე…
უდიდესი სიყვარული და მეგობრობა მაკავშირებდა ტიციან ტაბიძესთან, პაოლო იაშვილთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან…
არ მავიწყდება ტიციანის სახე, მისი დიდრონი თვალები…
არ მავიწყდება პაოლო იაშვილი – მის გულში ხომ მზე დუღდა!
საოცარი მეგობრობა იცოდნენ! არაფერს დაზოგავდნენ, ოღონდ ადამიანისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ და გაემხნევებინათ.
მახსოვს, გოლოვინის პროსპექტზე, იქ, სადაც ახლა ბორჯომის წყლები იყიდება, იყო კაფე, რომელსაც ერქვა „ფანტასტიკური ყავახანა“, ანუ „პოეტების საამქრო“. იქ იყრიდნენ თავს პოეტები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მოდიოდნენ მხატვრებიც. და ამ ყველაფერს ტონს ცისფერყანწელები აძლევდნენ. იმართებოდა დისპუტები, იყო ერთი აურზაური, სიწყნარე კი არასდროს.
მწერლების თხოვნით მე, კირილე ზდანევიჩმა და ზიგა ვალიშევსკიმ იმ კაფის კედლებიც მოვხატეთ. მაგრამ ისე, როგორც ბევრი რამ მაშინდელი, ეს მხატვრობაც დაიკარგა…
სხვაც ბევრი ასეთი კაფე იყო თბილისში. მაგალითად „ძმური ნუგეში“, „არგონავტთა იალქანი“ და სხვა, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც „ქიმერიონი“ იყო…
ეს კაფე მდებარეობდა რუსთაველის თეატრის ახლანდელ ქვემოთა ფოიეში. მისი გახსნის ინიციატივაც ცისფერყანწელთა ჯგუფს ეკუთვნოდა…
ეს კაფე ძალიან თვალწარმტაცი სანახავი იყო. შადრევნებს ირგვლივ, მაგიდებს შორის, თავისუფლად დასეირნობდნენ შვლები და ხანდახან სუფრაზე მიტანილ მწვანილსაც წასწვდებოდნენ ხოლმე…
ყველა იმ სატკივარს შორის, რომლებიც კი ოდესმე ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ერთ-ერთი ისიცაა, რომ ხელოვნების ეს შესანიშნავი ძეგლი, ვგულისხმობ ქიმერიონის მოხატულ კედლებს, ყოვლად უაზროდ გაქრა და დაიკარგა.
კაფესთვის რომ მეტი ეშხი და სილამაზე მიგვეცა, გადავწყვიტეთ მისი კედლები ფრესკული პრინციპით მოგვეხატა.
პაოლოს ინიციატივით ქიმერიონის მოხატვაში რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმაც დიდი მონაწილეობა მიიღო. მან ჯერ რევოლუციამდე დასტოვა პეტერბურგი, შემდეგ არმიაში მსახურობდა, ავად გახდა და საქართველოში ჩამოვიდა. დაუახლოვდა ქართველ მწერლებსა და მხატვრებს, ჩვენთან ერთად ატარებდა მთელ დღეებს. ბევრი სურათი აქვს შექმნილი თბილისის და, საერთოდ, საქართველოს თემებზე. ბოლოს პრიზში წავიდა.
სუდეიკინმა კაფეში ჩასასვლელი კიბის მარცხენა მხარე მოხატა. მისი თემა იყო ქართველი პოეტები და ეპიზოდები ძველი თბილისის ცხოვრებიდან.
ყველამ გატაცებით დაიწყო მუშაობა. მოპირდაპირე კედელზე მე დავხატე „სტეპკოს დუქანი“ და „დარაჯი მელა“. დარბაზის შიდა კედელი დაფარული იყო დავით კაკაბაძის ნახატებით, რომელთაც საერთო თემა ჰქონდათ – გაზაფხული. დანარჩენი კედლები მოხატეს კირილე ზდანევიჩმა და პოლონელმა მხატვარმა ზიგმუნდ ვალიშევსკიმ.
1919 წელს დღევანდელ სურათების გალერეაში მოეწყო ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, სადაც ჩემი საკმაოდ ბევრი სურათი გამოიფინა.
გამოტანილი მქონდა დიდი ტილო „თბილისის აღმოჩენა“, „ქალი მზეთამზე“, „თევზი ცოცხალი“, „ხაში“, „ძმა-ბიჭების ქეიფი“ და სხვა.
ამ გამოფენამ გადაწყვიტა ჩემი და დავით კაკაბაძის საზღვარგარეთ წასვლის ბედი…
ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ ქიმერიონში ვიმყოფებოდი და ჩემთვის განკუთვნილ კედელს ვხატავდი, უეცრად ძახილი მომესმა.
ტიციან ტაბიძის ხმა ვიცანი: ამოდი, რაღაც უნდა გახარო! შენი და დავითის კანდიდატურა გავიდა, საფრანგეთში მიდიხართ!
I ნაწილის დასასრული