ინტერვიუ: ჩავი
ბარსას გულშემატკივრებისთვის ის ახალი კრუიფი და მეორე გვარდიოლაა. ქომაგები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩავი ერნანდესი მათი საყვარელი კლუბისთვის ისეთივე ლეგენდა გახდება, როგორც პაოლო მალდინია მილანისთვის.
ჟურნალი CHAMPIONS ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელს ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ გაესაუბრა.
ჩავი ჩუმი გენიოსი და ერთი შეხედვით ძველმოდური ფეხბურთელია. თუმცა ვისთვის, როგორ: კატალონიაში დაბადებული ბიჭი ბარსელონას აკადემიის გაზრდილია და წლების წინ მას საფეხბურთო საიდუმლოებებს თვით იოჰან კრუიფი უზიარებდა, 10 წლის წინ კი ტანმორჩილმა ნახევარმცველმა ლუის ვან გაალის ბარსელონას კარიც შეაღო.
ფეხბურთელი, რომელმაც ლუიშ ფიგუს და რივალდოს მხარდამხარ თამაში მოასწრო, დღეს ბარსას ლიდერია და არავის ეპარება ეჭვი, რომ მომდევნო სეზონებში ის კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს კლუბს.
ჩავი ყველანაირი დავალებისგან თავისუფალია, მაგრამ სწორედ მან იტვირთა მთავარი როლი, რომელიც კამპ ნოუზე პირველად იოჰან კრუიფმა შეასრულა.
„ის ჩემზე რამდენჯერმე ძლიერია“, – ეს სიტყვები არსენალის გამთამაშებელმა სესკ ფაბრეგასმა ჩავის უძღვნა, ფეხბურთელს, რომელთანაც კონკურენცია წლების წინ უაზრობად ჩათვალა და ბარსას მაისური ასენალისაზე გაცვალა.
რას ნიშნავს თქვენთვის ამ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაში?
ეს კარიერის პიკია: ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო საფეხბურთო შეჯიბრებაა მთელ მსოფლიოში და ბარსელონის შემადგენლობაში მასში მონაწილეობა, ეს ასრულებული ოცნებაა!
თქვენმა კლუბმა მთელი სეზონი აღმაფრენით ჩაატარა და ყველა ტურნირი მოიგო. რა არის ბარსას საიდუმლო?
როგორ გითხრათ… კლუბის საფეხბურთო ფილოსოფია შეტევაზეა დამყარებული. ჩვენი თამაში საინტერესო და ლამაზია. თამაშის არსი ხომ გოლია?! ჩვენც ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ბურთი გავიტანოთ. თუ ამას ვახერხებთ, ვიმარჯვებთ კიდეც.
ბარსელონა ძალიანაა დამოკიდებული ლეო მესიზე. თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
როცა ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა და მასზე ყველა საუბრობს, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გუნდიც დამოკიდებულია ასეთ მოთამაშეზე, თუმცა შეფასებაში არ უნდა შევცდეთ. ლეო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მეეჭვება, რომ ბარსელონა მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული. ჩვენი სიძლიერე გუნდურ ფეხბურთშია და არა ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, მესი ბარსელონასთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, ვთქვათ, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, სამუელ ეტოო ან ტიერი ანრი.
გვარდიოლას დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში დიდებულად დასრულდა: ბარსელონამ ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო! თქვენი აზრით, რა შემატა პეპმა კლუბს?
მან უკლებლივ ყველა ფეხბურთელის მოტივირება შეძლო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდში წესრიგი დაამყარა. ის ინტელიგენტია, მომთხოვნი, თავდაჯერებული და რაც მთავარია, ღირსეულის დაფასებაც შეუძლია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვარდიოლას ბარსელონაში ძალიან კარგი ატმოსფეროა.
თქვენ მისი გზის გამგრძელებლად ითვლებით…
და ამის გამო მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რომელიც ორმხრივ პატივისცემაზე და მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის აუცილებელ დისტანციაზეა დამყარებული. მართალია კარიერის დასაწყისში მის მხარდამხარ ვთამაშობდი, თუმცა ეს არ მაძლევს უფლებას რომ, გვარდიოლასთან გამორჩეული ურთიერთობა დავიჭირო. ის მწვრთნელია, მე – ფეხბურთელი. მე მისი დავალებები უნდა შევასრულო. ესაა და ეს.
როგორ ფიქრობთ, ბარსელონასთვის კრუიფი–ფეხბურთელი უკეთესი იყო თუ კრუიფი–მწვრთნელი?
ალბათ, ორივე. იოჰან კრუიფის საფეხბურთო კარიერაზე მხოლოდ ერთს გეტყვით – მისი თამაში არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. რაც შეეხება მწვრთნელ-კრუიფს, ის დიდებული იყო! მისი გუნდის თამაშებს ხშირად ვესწრებოდი და ჩემი დაკვირვებით, სწორედ მან შექმნა ბარსას ის სტილი, რომელსაც დღემდე მივდევთ.
როცა კლუბის საფეხბურთო სკოლაში სწავლობდით, ვინ იყო თქვენი საყვარელი მოთამაშე?
ჯერ ბერნდ შუსტერს ვაღმერთებდი, შემდეგ – გვარდიოლას.
ფეხბურთში ყველაზე ძალიან რა გხიბლავთ?
პასები! როცა ბურთს ვიღებ, ერთი სული მაქვს თავისუფალი თანაგუნდელი მოვძებნო, დროულად მივაწოდო ბურთი, კომბინაცია წამოვიწყო, მეტოქის დაცვა გავარღვიო… მოკლედ – პასი! ის შემოქმედებაა და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა!
სად ხართ ყველაზე სახიფათო?
სადაც ახლა ვთამაშობ: ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე. ამ პოზიციაზე თავს ჩინებულად ვგრძნობ!
ფრენკ რაიკაარდის ბარსელონამ ზედიზედ მოიგო ლა ლიგა, 2006 წელს კი ჩემპიონთა თასიც აღმართა. მერე იყო დაღმართი, რომელსაც, ვიყოთ გულახდილები, არავინ ელოდა. რამ გამოიწვია ის დაღმასვლა?
ჩემი აზრით, მწვრთნელმა გუნდზე კონტროლი დაკარგა. ზედიზედ ჩატარებულმა ორმა წარმატებულმა სეზონმა რაიკაარდი მოადუნა, რაც შედეგებშიც აისახა…
შარშან გაუთავებლად საუბრობდნენ სამუელ ეტოოზე: მიდის… რჩება… კამერუნელი გუნდში დარჩა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა…
ჩემი აზრით, ეტოო დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია და ეს განვლილი სეზონითაც დადასტურდა: პრიმერადივიზიონში 30-მდე გოლი გაიტანა, მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო ფინალშიც… თავდამსხმელს სხვა რა მოეთხოვება?
ლა ლიგაზე რას იტყოდით: თვლით თუ არა, რომ პრიმერადივიზიონი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა?
დარწმუნებული ვარ, რომ ასეა: ესპანეთის ჩემპიონატში ყველა კლუბს შეუძლია თანაბრად თამაში. არ აქვს მნიშვნელობა მდევარს ეთამაშები თუ ბოლო ადგილზე მყოფს – გასვლით შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება ძალიან რთულია.
გიხილავთ თუ არა პრემიერლიგაში ან სერია ა–ში?
არა, ეს გამორიცხულია! ახლახანს 2014 წლამდე გავახანგრძლივე ხელშეკრულება.
სპორტის სხვა სახეობები თუ გიზიდავთ?
არა. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთთანაა დაკავშირებული.
რას გრძნობდით, როცა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს?
ბედნიერი ვიყავი! ბაზაზე რომ დავბრუნდი, მთელი გუნდი შევკრიბე და ყველას მადლობა გადავუხადე.
ესპანეთი დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს. გაგვიმხელთ საიდუმლოს?
ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ვართ მომზადებულნი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გუნდის მთავარი კოზირი ის შეუდარებელი ურთიერთობებია, რომელიც ნაკრებში სუფევს.
თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2009)