კარიერა ფრაზებში #25: მანუჩარ მაჩაიძე

ჩვენი ფეხბურთის ისტორიას არაერთი დიდებული კაპიტანი ახსოვს. ორმა ქართველმა საბჭოთა კავშირის მთავარი საფეხბურთო გუნდისთავის სამკლაურიც მოირგო – მურთაზ ხურცილავამ და ალექსანდრე ჩივაძემ.
ამ მოთამაშეებს შორის მანუჩარ მაჩაიძე ერთგვარ ხიდად იქცა: ხურცილავამ სწორედ მაჩაიძეს ჩააბარა თბილისის დინამოს კაპიტნობა, 1980 წელს კი, მანუჩარის კლუბიდან წასვლის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძემ მისგან მიიღო სამკლაური.
მანუჩარ მაჩაიძე დიდებული ფეხბურთელი იყო და დინამოს ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტნად რჩება: 1978 წლის საჩემპიონო სეზონში და 1976 და 1979 წლებში, როცა გუნდმა საბჭოთა კავშირის თასი აღმართა, სწორედ მან ჩაიბარა თასები.
გამორჩეული მოთამაშის კარიერას მისივე ინტერვიუებიდან ამოკრეფილი საინტერესო ფრაზებით გავიხსენებთ.

…ამბროლაურში დავიბადე 1949 წლის 25 მარტს. 2 თუ 3 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი თბილისში გადმოვიდა. ბავშვობა დედაქალაქში გავატარე. კარგად მახსოვს იმდროინდელი ქალაქი, გაღიმებული სახეები, 1 მაისისა და 7 ნოემბრის აღლუმები.

…ფეხბურთის თამაში 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყე – მშობლებმა მიმიყვანეს. პირველი მწვრთნელი ვანო შუდრა იყო, ჩინებული ადამიანი და არანაკლებ კარგი სპეციალისტი. იმავეს თქმა შემიძლია სხვა მწვრთნელებზე: ვოვა ელოშვილზე, არჩილ კიკნაძეზე, გვარჯალაძეზე, მერკვილაძეზე…

…1967 წელს დინამოს დუბლშემადგენლობაში მოვხვდი – პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა ამიყვანა. ერთი წლის შემდეგ უკვე მთავარ გუნდში ვითამაშე – ტაშკენტის ფახთაქორთან მატჩში სოლოვიოვმა ბოლო 20 წუთით შემიშვა მინდორზე. მაშინ 19 წლის ვიყავი და ნახევარდაცვაში ვიასპარეზე. კარიერის მანძილზე ცენტრშიც მითამაშია, ფლანგზეც, მცველადაც და თავდასხმაშიც, თუმცა უმთავრესად საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი.

…ხმები, თითქოსდა დინამოში კონკრეტულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ტყუილია. ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ჯერ კიდევ გავრილ კაჩალინის დროს ჩამოვკიდებდი კედელზე ბუცებს.

…არ ვთვლი, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. ამას ისინი მაბრალებდნენ, ვის მიმართაც მკაცრი ვიყავი. მე, როგორც კაპიტანი, ყველასგან მაქსიმუმს ვითხოვდი და არცთუ უსაფუძვლოდ. თუ გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო. ამას ვითხოვდი ყოველთვის და ეს თუ სიმკაცრეა, არ ვიცი.

…ჩვენ ახალკაცამდეც გვყავდა კარგი გუნდი. დღეს არავინ ახსენებს, რომ ალიოშა კოტრიკაძის მწვრთნელობის დროს კარაველა მოვიგეთ. იმ ტურნირზე ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის ატლეტიკო და პორტუგალიის გრანდი ბენფიკა დავამარცხეთ.

…დინამოში თავიდანვე „უპატრონო“ ვიყავი – არც მფარველი მყოლია, არც ვინმეს გამოუდია თავი ჩემს გადასარჩენად. ჩემით გავიკაფე გზა.

…1972 წელს, ჩემპიონატის მეორე წრისთვის, ერევანში ახალი სტადიონი გაიხსნა – ჰრაზდანი. ჩვენთან შეხვედრამდე არარატმა ჰრაზდანზე დაუმარცხებლად ითამაშა. თბილისის დინამოსთან მატჩმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, თუ არ ვცდები 100 ათასი მაყურებელი მოვიდა. უმეტესობას ეგონა, რომ არარატი 4 ან 5 ბურთით მოგვიგებდა, ასეთი განწყობა იყო მატჩის წინ. ჩვენც მოტივირებულნი ვიყავით – პირველ წრეში თბილისში დიდი ანგარიშით დავმარცხდით და… მატჩი ახალი დაწყებული იყო, ასე მე-8 წუთი იქნებოდა, როცა მოედნის ცენტრში მივიღე ბურთი, 2 თუ 3 მეტოქე ჩამოვიცილე და მარჯვენა ინსაიდის პოზიციიდან, არარატის საჯარიმოში არშესულმა ისე დავარტყი, რომ შორეულ კუთხეში გავუტანე აბრამიანს. მალე ორი კაცი მოვატყუე და ისევ გავიტანე, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა – დამაჯარიმა, არადა, წესი არ დამირღვევია. თამაში 1:0 მოვიგეთ – ეს არარატის პირველი საშინაო მარცხი იყო.

…იმ თამაშის წინ მეგობრებს დავენიძლავე – არარატს გოლს გავუტან, თან საწყის წუთებში-მეთქი. მოკლედ, სანაძლეო მოვიგე და ბიჭებმაც პურ-მარილი იკისრეს. მახსოვს, იმ სუფრაზე ჩვენთან ერთად ზურაბ ქაფიანიძეც იყო.

მაჩაიძე

ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები: დავით ყიფიანი, ალესანდრო მაცოლა და მანუჩარ მაჩაიძე

…სანაძლეო ხშირად დამიდია და ვიგებდი კიდეც. რატომ მიყვარდა სანაძლეო? წაკითხული მქონდა, რომ ალფრედო დი სტეფანო დიდ ფულს დებდა ხოლმე და მეც მას ვბაძავდი. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად სანაძლეოს დადების ჟინმა გადამიარა და შევეშვი. მერე და მერე ამის დრო აღარც იყო.

…70-იანი წლების დასაწყისის დინამო 4-3-3 სქემით თამაშობდა: კარში თემურ სტეფანია, დაცვაში მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, შუაში მე, გურამ პეტრიაშვილი და ბესო მჭედლიშვილი, თავდასხმაში უფრო ხშირად ვლადიმერ გუცაევი და გივი ნოდია იყვნენ.

…შემოხეული მაისური? კი, იყო ასეთი შემთხვევაც. ეს 1977 წლის შემოდგომით, უეფას თასზე მილანის ინტერთან შეხვედრაში მოხდა. პირველი მატჩი მილანში, სან სიროზე გაიმართა და იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პერსონალური მეურვე, მარინი მომიჩინა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვერაფერი მომიხერხა და მერე მოხდა ის, რაც იცით. სხვათა შორის, საპასუხო შეხვედრაში თბილისში უკვე ორიალი იყო ჩემი მეურვე.

…1978 წელს, როცა მეორედ გავხდით ჩემპიონები, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი – მოთხოვნაც მოვიდა, საბუთებიც გაგზავნილი იყო, მაგრამ ამუშავდა კაგებეს მანქანა: წავიდა წერილები, თხოვნები, ოღონდ მაჩაიძე არა და ვინც გინდათ, ნებისმიერიო… პარტიულმა ნომენკლატურამ ფრთები გამოისხა და წამართვა ის, რაც ალალად მეკუთვნოდა.

…1979 წელს, ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში ჰამბურგს მომქანცველი სეზონის შემდეგ შევხვდით. იმ წელს სსრკ თასი მოვიგეთ, სპარტაკიადაზე ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ, ჩემპიონატშიც წარმატებით გამოვედით… ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე ლივერპული დავამარცხეთ, ის ლივერპული, რომელმაც წინა სეზონში ჰამბურგს, რომ იტყვიან გადაურბინა! გერმანელებთან შეხვედრამდე სამი დღით ადრე მოსკოვში გვათამაშეს – 18-გრადუსიან ყინვაში ლოკომოტივთან. არ ქნა და არ გადაიტანა შეხვედრა საკავშირო ფედერაციამ. იცით როგორი მინდორი იყო? ფიგურულ სრიალში რომ გადიან მოციგურავეები, დაახლოებით მსგავსი ყინული დაგვხვდა! დაჩეხილ-დამტვრეულები ჩამოვედით თბილისში და ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით. გადაღლამ გამოიწვია ჩვენი მარცხი.

…ის, რომ წაქცეული მაჩაიძე არავის ახსოვს, ტექნიკის, სისწრაფისა და აზროვნების შედეგია. ზოგი ფეხს მოიტეხს ხოლმე უწყინარ სიტუაციაში… მომზადებული ვიყავი და ამიტომაც ვერ მაქცევდნენ. შრომა არ მეზარებოდა, თავს ვიკლავდი ვარჯიშებზე… ნიჭთან ერთად შრომაც აუცილებელია. სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ.

…კარიერის მანძილზე 72 გოლი გავიტანე. საყრდენი ნახევარმცველისთვის კარგი შედეგია – ჩემი პოზიციის მოთამაშეს ხომ ძირითადად თანაგუნდელების პასებით მომარაგება ევალება.

…ძმაზე, გოჩაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ის კარგი მცველი იყო, მაგრამ შეეძლო უფრო დიდი ფეხბურთი ეთამაშა.

…საკავშირო ნაკრებში როგორ არ მიწვევდნენ, მაგრამ თბილისიდან მითხრიდნენ ძირს – მაჩაიძე არ გამოიძახოთო! ჩემიანებმა გამიმეტეს – აქ ხომ ყველა ჩემი მოწინააღმდეგე იყო.

…1980 წელს, ოდესაში, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრაში მსაჯმა გამაძევა და დისკვალიფიკაციის გამო ორი შეხვედრა გამოვტოვე. დინამომ ორივე მოიგო და ამის შემდეგ გამოუცხადებელი აგიტაცია დაიწყეს, ვითომ უჩემოდაც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. გუნდი მოწინააღმდეგე ბანაკებად გაიყო. ოპონენტებმა ჩემი კაპიტნობიდან გადარჩევა მოისურვეს. საამისოდ დინამოში „არჩევნებიც ჩატარდა“. 20:10 მოვიგე და ხელახლა ამირჩიეს კაპიტნად, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ ორი კვირით, ვინაიდან მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა დამიბარა და მითხრა, რომ გუნდიდან მიშვებდა. მიზეზი რომ ვკითხე, თურმე თანამედროვე ფეხბურთის თამაშში ხელს ვუშლიდი. ამ საკითხთან დაკავშირებით არც მაშინდელი პრესა იშურებდა „ტკბილ“ სიტყვებს და ყველას პირზე „თანამედროვე ფეხბურთი“ ეკერა. ხალხი, ვინც მაკრიტიკებდა, თვლიდა, რომ თუ დინამოდან არ წავიდოდი, ქართული ფეხბურთი დაიღუპებოდა. სხვათა შორის, როცა გუნდში ვიყავი, მთელი 5 წლის განმავლობაში, თბილისში თამაში არ წაგვიგია! ჩემი წასვლის მომდევნო წლებში კი ჩვენი მოედნის ფაქტორი მეტოქეთათვის, რატომღაც, გაქრა.

…ახალკაცს არასდროს დავუკარგავ იმას, რაც ეკუთვნის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 70-იანი წლების მიწურულის და 80-იანი წლების დასაწყისის წარმატებებმა იმ ფეხბურთელებზე გადაიარა, რომლებიც 6-7 წლით ადრე მივიდნენ დინამოში. მაგალითად დავით გოგია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი გავრილ კაჩალინმა მიიყვანა გუნდში, ფირუზ კანთელაძე – სოლოვიოვმა, შოთა ხინჩაგაშვილი – გივი ჩოხელმა, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე, ვიტალი დარასელია, ვახტანგ კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე – მიხაილ იაკუშინმა. ეს იყო თაობა, რომელმაც თავის სიტყვა თქვა როგორც საკავშირო შეჯიბრებში, ასევე ევროპულ თასებზე. 1978-ში მოგებული ჩემპიონობის შემდეგ 79-შიც შეგვეძლო იგივე, მაგრამ…

დინამო

თბილისის დინამომ 1971 წლის სეზონში სსრკ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. დგანან (მარცხნიდან): ფირუზ კანთელაძე, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვახტანგ ჭელიძე, სერგო კუტივაძე, ზორბეგ ებრალიძე. პირველ რიგში: ვლადიმერ გუცაევი, გივი ნოდია, თეიმურაზ სტეფანია, ლევან ნოდია, გურამ პეტრიაშვილი

…აღზევების შემდეგ დინამო კატასტროფული სისწრაფით დაეშვა დაბლა. ამის შემდეგ ნოდარ ახალკაცი დროულად და სამართლიანად გაათავისუფლეს. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება – როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ეს, პირველ რიგში, მწვრთნელის ბრალია. შეიძლება ითქვას, რომ ახალკაცმა იმ დროისთვის შესაძლებლობების და გამოცდილების ზღვარს მიაღწია. მე თუ მკითხავთ, ის გუნდში აღარც უნდა დაბრუნებულიყო. ვინც ის დააბრუნა, უდიდესი ცოდვა ჩაიდინა! ეს კია, რომ მაშინდელ სიტუაციაში ამგვარი გადაწყვეტილება ზემოთ მოკალათებულ ვიღაც ბიურკორატს აძლევდა ხელს, რომელიც ფეხბურთის გაგებაში არ იყო და ბრმად დგამდა ნაბიჯებს. ვიტყოდი, რომ სწორედ ამ უცოდინრობამ დაღუპა საბოლოოდ ქართული ფეხბურთი. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უარესი გადაწყვეტილება მოგვიანებით მოხდა, როცა ახალკაცს დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი ქართული ფეხბურთის ბედი ჩააბარეს და ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

…კლუბში მე-300 მატჩი რომ არ მეთამაშა, გუნდიდან გამიშვეს. ჩემზე მეტი დინამოში მხოლოდ გუცაევს აქვს ნათამაშევი.

…რაზე მეცინება იცით? როცა ჩემი დროის დინამო კარგად თამაშობდა, ყველას უგებდა და პრიზებს აგროვებდა, „სტარამოდნი“ ფეხბურთიაო – რუსები იძახდნენ და მერე, როცა ვარსკვლავების ხელში, სეზონში 16 თამაშის წაგება დაიწყეს, „პერსპეკტივნაია. მოდნაია კამანდაო“, ამბობდნენ.

…თბილისის შემდეგ ჯერ ტაშკენტის ფახთაქორში ვითამაშე, შემდეგ მოსკოვის სპარტაკში, ერთი წლის შემდეგ კი ქუთაისის ტორპედოს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარე. ვგრძნობდი, რომ კიდევ შემეძლო თამაში და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მოსკოვიდან ქუთაისში დაბრუნება. მიხარია, რომ ეს არც ხალხს დარჩენია შეუმჩნეველი. თუმცა, მალე ტორპედოშიც ანალოგიური განმეორდა, რაც თბილისში და მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე ფეხბურთს გამოვთხოვებოდი.

…მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ და ნელ-ნელა შევუდექი ახალ გზას, მაგრამ არც აქ მომასვენეს და ცეკა-ში გამომიძახეს. მთხოვეს ქართულ ფეხბურთს დავხმარებოდი – ჩამაბარეს ლოკომოტივი, რომელიც საკავშირო პირველობის მეორე ლიგის IX ზონაში ასპარეზობდა. კურიოზული ის იყო ამ ამბავში, რომ ფეხბურთელები მე უნდა მომეძებნა – მწვრთნელი ხარ და მოთამაშეებიც შენ მოიყვანეო, ასეთი იყო მათი პოზიცია. თავიდან მითხრეს, რომ ლოკომოტივი დინამოს ფარმ-კლუბი იქნებოდა და ბიჭებითაც დამეხმარებოდა, მაგრამ კლუბში ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც არ გამომყვა. მეც მეტი რა ძალა მქონდა, იძულებული გავხდი ქუჩა-ქუჩა ამეგროვებინა ბიჭები. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საკავშირო II ლიგა ეს უსაზიზღრესი პირველობა იყო, სადაც მსაჯობის დონე საერთოდ არ შეიმჩნეოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ადგილზე გავედით და გადასასვლელ მატჩში საქართველოს ჩემპიონს, რუსთავის მეტალურგს შევხვდით. მოვიგეთ ის შეხვედრა, ამის შემდეგ კი მოწინააღმდეგეებმა ისევ ომი გამომიცხადეს – მაჩაიძე როგორიც მწვრთნელია, ისეთი ფეხბურთელი იყოო.

…ქართული ფეხბურთის სსრკ-დან გამოყოფა – ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც 80-იანი წლების მიწურულს მოხდა. ამის ინიციატორი, სხვებთან ერთად, მეც ვიყავი. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ფეხბურთი რომ განვითარდეს, საჭიროა დამოუკიდებელი ფედერაცია და ჩემპიონატი. ამას, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ, მაგრამ მაინც მინდა განვაცხადო, რომ ნოდარ ახალკაცმა ვერ უშველა ქართულ ფეხბურთს თავის დროზე, როცა საშველი იყო და მისი ხელმეორედ დაბრუნება ქართული ფეხბურთის სათავეში ღალატის ტოლფასი იყო! სხვათა შორის, დამოუკიდებელი პირველობა რომ არ დაგვეწყო, საკითხავი იქნებოდა დარჩებოდა თუ არა იმ წელს დინამო საბჭოთა უაღლეს ლიგაში.

…ქართული ფეხბურთის საქმე მაშინ წაიწევს წინ, როცა საქმის კეთების საშუალება ექნება მცოდნე ხალხს. ხელისუფლებამ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. თავისი კაცის და კლანების გაყვანაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ორგანიზაციას და განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. ამ „კლანობიამ“ დაღუპა ქართული ფეხბურთი და მანამდე ვერ გავსწორდებით წელში, ვიდრე არ მოვეშვებით ერთმანეთთან არასაფეხბურთო, აკრძალული ილეთებით ბრძოლას.

…გუნდი რომ შექმნა, სპეციალისტი გინდა. ბავშვთა ფეხბურთიდანვე სწორი მიდგომაა საჭირო. 19-20 წლის ბიჭებს პერსპექტიულებს უწოდებენ და ლამის მთელი კარიერის მანძილზე ასეთებად რჩებიან. მაგ ასაკში უკვე მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ მქონდა ნათამაშევი ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩში ბობი ჩარლტონის, დრაგან ჯაიჩის, გერდ მიულერის და ლადისლაო მაზურკევიჩის წინააღმდეგ. ფეხბურთელობა მარტო ბურთის კენწვლა არ არის, ტექნიკასთან ერთად სისწრაფე უნდა გქონდეს, გამძლეობა, ტაქტიკური აზროვნება… ეს ხომ უნდა ასწავლოს ბავშვს ვინმემ? სწორი ვარჯიშით მოდის ყველაფერი.

…ფეხბურთის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მეცნიერებაშიც ვმოღვაწეობდი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორიც გავხდი, სეისმომედეგობის გაძლიერების საკითხებზე გამოგონებებიც მაქვს და თავის დროზე პატენტიც ავიღე. ეს ისე, ინფორმაციისთვის.

…ჰობი? ხატვა. სხვათა შორის, ფეხბურთელობისას დიღმის ბაზაზეც ვხატავდი, ძირითადად ნატურმორტებს. ერთი-ორჯერ ფანქრით ბიჭების პორტრეტებიც დავხატე: გოგია, კანთელაძე, გუცაევი… ნადირობაც მიყვარს, თუმცა უფრო იხვებსა და მწყერზე. რაჭველი კაცი ვარ, როგორც ჩანს, ფესვები ყივის.

…კარიერის განმავლობაში ხუთი მეტსახელი მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხალხი თიკუნებით მომმართავდა. კაპიტანი, არწივი, დიდი მანუჩარი, ხელხვავიანი კაპიტანი, მანო – ამ სიტყვებში გულშემატკივართა სიყვარულს ვგრძნობ.

…ცხოვრების დიდი ნაწილი სპორტში გავატარე. ვფიქრობ, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე, ფეხბურთში დიდხანს ვიყავი, მერე ჩემი პროფესიითაც ვიმუშავე, პარლამენტის წევრიც გახლდით, მაგრამ ოდიოზური ფიგურა არ გავმხდარვარ… ვფიქრობ, ცუდი არაფერი გამიკეთებია – დღენიადაგ ქვეყნის სამსახურში ვიყავი. ხალხის სიყვარულს და პატივისცემას დღემდე ვგრძნობ და ეს სტიმულს მაძლევს.

მანუჩარ მაჩაიძე
დაიბადა 1949 წლის 25 მარტს ამბროლაურში
1968-80 წლებში თბილისის დინამოს, 1969 წელს თბილისის ლოკომოტივის, 1980 წელს ტაშკენტის ფახთაქორის, 1981 წელს მოსკოვის სპარტაკის, 1981-82 წლებში კი ქუთაისის ტორპედოს საყრდენი ნახევარმცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა); სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი – 1979; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 – 1978, 1979; #2 – 1973, 1974; #3 – 1971, 1972, 1976, 1977; სსრკ სპორტის ოსტატი – 1970; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2013; ღირსების ორდენი
სსრკ ნაკრებში: 4 მატჩი (1974-79)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი (1971-75)

*-1971 წლის 27 მაისს, მოსკოვში, ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ.

*-1976-79 წლებში თბილისის დინამოს კაპიტანი.

*-1995-99 წლებში საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრი.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian