NBA: დაბადების დღე და 20 რეკორდი
1891 წლის 21 დეკემბერს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ჯეიმს ნეისმიტმა ჩვიდმეტ მეგობართან ერთად ბურთით ითამაშა. წესები ნეისმიტმა დაადგინა, მის მოგონილ ასპარეზობას კი, მთავარი წესიდან გამომდინარე, კალათბურთი ეწოდა.
ამ ულამაზესი თამაშის ისტორიაც იმ დღიდან იღებს სათავეს, ნეისმიტს კი კალათბურთის მესაძირკვლედ მიიჩნევენ. კანადელ-ამერიკელი ლექტორი იმხანად კანზასის უნივერსიტეტის ლექტორი და ფიზკულტურის მწვრთნელი გახლდათ.
XIX საუკუნის მიწურულს ვერც ნეტარხსენებული ნეისმიტი და მით უმეტეს, ვერც მისი მეგობრები წარმოიდგენდნენ, რომ კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა გახდებოდა, მილიონების გულებს მოიგებდა, წლების შემდეგ დაარსებული ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია კი ზღაპრულ ლიგად იქცეოდა.
ევროპული (და ზოგადად, არაამერიკული) კალათბურთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ NBA სხვა განზომილებაა! თუ არ გჯერათ, სცადეთ და ჯერ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს – ევროლიგას ჩაუჯექით, მერე კი NBA-ის რეგულარული სეზონის რიგით მატჩზე გადართეთ და მიხვდებით რასაც ვგულისხმობთ.
ამერიკა მთავარი საკალათბურთო ქვეყანაა და ასე იქნება კიდევ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს. ვფიქრობთ, სპორტის არცერთ სხვა სახეობაში არაა ერთი ქვეყანა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ამერიკა კალათბურთში.
ამიტომაც, კალათბურთის დაბადების დღეს NBA-ის 20 გამორჩეული რეკორდით მოგილოცავთ:
*-რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა თანდერი) ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ ორი სეზონი დაასრულა საშუალო სამმაგი დუბლით – 2016-17 და 2017-18. სეზონი სამმაგი დუბლით მის გარდა მხოლოდ ოსკარ რობერტსონმა დაასრულა (1961-62).
*-ლებრონ ჯეიმსი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც რეგულარულში 5, 10, 15, 20, 25 და 30 ათასი ქულა დააგროვა.
*-1961 წლის 16-29 დეკემბერს უილტონ ჩემბერლენმა ზედიზედ 7 შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 50 ქულა!
*-1967-68 წლების სეზონში ჩემბერლენმა ზედიზედ 9 სამმაგი დუბლი მიითვალა!
*-ბილ რასელმა ლიგაში გატარებულ 13 სეზონში 11 საჩემპიონო ბეჭედი მოიგო. ეს ყველა დროის რეკორდია! ის იმ ბოსტონ სელტიქსის წევრი გახლდათ, რომელიც 1957-69 წლებში დომინირებდა. 10 საჩემპიონო ბეჭდით მეორე ადგილზეა რასელის თანაკლუბელი სემ ჯონსი. 8-ჯერ გახდნენ ჩემპიონები ბოსტონელები ტომ ჰაინსონი, ქეი სი ჯონსი, ტომ სენდერსი და ჯონ ჰავლიჩეკი.
*-ამდენჯერ მოიგო ჩემპიონის ბეჭედი, თუმცა მწვრთნელის რანგში ფილ ჯეკსონმა. მან ჩიკაგო ბულსი 6-ჯერ მიიყვანა გამარჯვებამდე, ლოს ანჯელეს ლეიკერსი კი 5-ჯერ. 9 ტრიუმფით მეორე ადგილზეა 50-60-იანი წლების ბოსტონ სელტიქსის თავკაცი რედ აუერბახი.
*-მაიკლ ჯორდანმა 11-ჯერ დააგროვა რეგულარულში ყველაზე მეტი ქულა!
*-1961 წლის 8 დეკემბრიდან 1962 წლის 1 თებერვლის ჩათვლით უილტ ჩემბერლენმა ზედიზედ 14 შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა!
*-კლეი ტომპსონმა (გოლდენ სტეიტ უორიორზი) 2018 წლის 29 ოქტომბერს 14 3-ქულიანი ჩაუგდო ჩიკაგო ბულსს.
*-დერეკ როუზი (22 წელი, 191 დღე) ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც რეგულარულის MVP-ის ჯილდო მიიღო.
*-სკოტ სქაილზმა (ორლანდო მეჯიქი) 1990 წლის 30 დეკემბერს, დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ რეკორდულად ბევრი, 30 შედეგიანი გადაცემა მიითვალა!
*-სუპერფინალში ყველაზე ხშირად ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ითამაშა – 31 (16 გამარჯვება, 15 მარცხი).
*-კარლ მელოუნი (35 წელი, 284 დღე) ყველაზე ასაკოვანია, ვინც რეგულარულის MVP-ის ჯილდო მიიღო.
*-კლეი ტომპსონმა (გოლდენ სტეიტ უორიორზი) ყველაზე მეტი ქულა მიითვალა (37) მეოთხედში (2015 წლის 23 იანვარს, საკრამენტო კინგსთან, მესამე მეოთხედში).
*-1961 წლის 4 ნოემბრიდან 1962 წლის 22 თებერვლის ჩათვლით ჩემბერლენმა ზედიზედ 65 შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა!
*-2015-16 წლების სეზონში გოლდენ სტეიტ უორიორზმა 82-დან 73 მატჩი მოიგო და ყველა დროის რეკორდი დაამყარა!
*-1962 წლის 2 მარტს, ფილადელფია უორიორზის ცენტრმა უილტონ ჩემბერლენმა 100 ქულა ჩაუგდო ნიუ იორკ ნიქსს. ამავე მატჩში მის მიერ ტაიმში ჩაგდებული 59 ქულა ასევე ლიგის რეკორდია. ჩემბერლენმა ამ მატჩში 63-ჯერ ისროლა და 36-ჯერ ჩააგდო, რაც ასევე რეკორდია!
*-1961 წლის 19 ოქტომბრიდან 1963 წლის 19 იანვრის ჩათვლით ჩემბერლენმა ზედიზედ 126 შეხვედრაში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა.
*-ჯონ სტოქტონმა (იუტა ჯაზი) 1989-90 წლების სეზონში 1 164 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
*-1960-61 წლების სეზონში ჩემბერლენმა 2 149 მოხსნა მიითვალა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 21 დეკემბერი)