ქართველები ჩემპიონთა ლიგზე: დინამო 0:1 აკტობე (ყაზახეთი)

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის დინამომ 2014-15 წლების ევროსეზონი წაგებით დაიწყო – ჩეხი სპეციალისტის მიხალ ბილეკის გაწვრთნილი გუნდი ყაზახეთის პირველობის გამარჯვებულ აკტობესთან შინ 0:1 დამარცხდა.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გაიტანეს: ნეკომ ანდერსონ მინეიროს პასის შემდეგ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.

დინამოელებს რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის შეგდება (პატრიკ ვუოს, ლაშა თოთაძეს, ოთარ მარცვალაძეს), მაგრამ ზოგჯერ თავდამსხმელები სცოდავდნენ, 3-ჯერ კი ბურთი მცირე მანძილით ასცდა ყაზახთა კარს.

„მიუხედავად იმისა, რომ თამაში აქტიურად დავიწყეთ და პირველივე წუთზე შეგვეძლო გოლის გატანა, სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მართალია საშინაო მატჩი წავაგეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ყველაფერი მაინც საპასუხო თამაშში გადაწყდება – დინამო ყაზახეთში თავაწეული ითამაშებს“, – განაცხადა საქართველოს ჩემპიონთა ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა.

საპასუხო შეხვედრა აკტობეში 23 ივლისს გაიმართება.

16 ივლისი, 2014. ჩემპიონთა ლიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 10 000
დინამო 0:1 აკტობე (ყაზახეთი)
გოლი: 0:1 დანილო ნეკო (51)
დინამო: გიორგი ლორია (კაპ), ლაშა თოთაძე, გიორგი ჯანელიძე (ჩისკო 46), გიორგი მერებაშვილი (ოთარ მარცვალაძე 66), ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი პაპავა, რადეკ დოსოუდილი, გიორგი გველესიანი, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ძარია, პატრი ვუო (რაფა ჯორდა 79)
მწვრთნელი: მიხალ ბილეკი (ჩეხეთი)
აკტობე: ანდრეი სიდელნიკოვი, ტარას ცარიკაევი, დმიტრი მიროშნიჩენკო, მარკოს პიზელი (იგორ ზენკოვიჩი 61), მარატ ხაირულინი, დანილო ნეკო (პაველ შაბალინი 81), რობერტ არზუმანიანი, ვალერი კორობკინი, იური ლოგვინენკო (კაპ), ანდერსონ მინეირო, ალექსეი ანტონოვი (ტიმურ კაპაძე 72)
მწვრთნელი: ვლადიმერ გაზაევი (რუსეთი)
გაფრთხილება: ტარას ცარიკაევი, მარატ ხაირულინი, რადეკ დოსოუდილი, იური ლოგვინენკო, ანდერსონ მინეირო
მსაჯები: პაველ რაჩკოვსკი; პაველ სოკოლნიცკი, მიხალ ობუკოვიჩი (პოლონეთი)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 16 ივლისი)
ფოტო:
დინამო თბილისი

ka_GEGeorgian