ევროპის სუპერთასი რეალისაა
უელსში, კარდიფის კარდიფ სთედიუმზე სეზონის პირველი დიდი მატჩი გაიმართა: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მადრიდის რეალმა ევროპალიგის ტრიუმფატორი სევილია 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიგო კონტინენტის სუპერთასი.
ორივე გოლი მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა კრიშტიანუ რონლდუმ შეაგდო: 30-ე წუთზე გარეთ ბეილის ბრწყინვალე პასის შემდეგ გახსნა ანგარიში, 49-ე წუთზე კი დუბლი მიითვალა.
„სეზონის გამარჯვებით დაწყება შესანიშნავია. წელს დიდი მიზნები გვაქვს და ვიმედოვნებ, ყველაფერი რეალის სასიკეთოდ წარიმართება. თამაშით და ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვიცი, რომ გუნდს მეტი შეუძლია“, – განაცხადა რეალის იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც ევროპის სუპერთასი სამწვრთნელო კარიერაში მესამედ მოიგო. ამ გამარჯვებით ის ხოსეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა.
რეალი-სევილიის დაპირისპირებას 30 854 მაყურებელი დაესწრო. მას შემდეგ, რაც ევროპის სუპერთასის მფლობელი მხოლოდ ერთი მატჩით ირკვევა, ეს რეკორდია.
შეგახსენებთ: გაისად ევროპის სუპერთასი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გათამაშდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და დინამო არენის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით უელსში იმყოფებოდნენ და გუშინდელ მატჩსაც დაესწრნენ.
ევროპის სუპერთასის მფლობელები
2014 – რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
2013 – ბაიერნი (მიუნხენი, გერმანია)
2012 – ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი)
2011 – ბარსელონა (ესპანეთი)
2010 – ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი)
2009 – ბარსელონა (ესპანეთი)
2008 – ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2007 – მილანი (იტალია)
2006 – სევილია (ესპანეთი)
2005 – ლივერპული (ინგლისი)
2004 – ვალენსია (ესპანეთი)
2003 – მილანი (იტალია)
2002 – რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
2001 – ლივერპული (ინგლისი)
2000 – გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი)
1999 – ლაციო (რომი, იტალია)
1998 – ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
1997 – ბარსელონა (ესპანეთი)
1996 – იუვენტუსი (ტურინი, იტალია)
1995 – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
1994 – მილანი (იტალია)
1993 – პარმა (იტალია)
1992 – ბარსელონა (ესპანეთი)
1991 – მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
1990 – მილანი (იტალია)
1989 – მილანი (იტალია)
1988 – მეხელენი (ბელგია)
1987 – პორტუ (პორტუგალია)
1986 – სტიაუა (ბუქარესტი, რუმინეთი)
1985 – არ გათამაშდა
1984 – იუვენტუსი (ტურინი, იტალია)
1983 – აბერდინი (შოტლანდია)
1982 – ასტონ ვილა (ბირმინგემი, ინგლისი)
1981 – არ გათამაშდა
1980 – ვალენსია (ესპანეთი)
1979 – ნოტინგემ ფორესტი (ინგლისი)
1978 – ანდერლეხტი (ბრიუსელი, ბელგია)
1977 – ლივერპული (ინგლისი)
1976 – ანდერლეხტი (ბრიუსელი, ბელგია)
1975 – დინამო (კიევი, სსრკ)
1974 – არ გათამაშდა
1973 – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
1972 – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 13 აგვისტო)