ამბები საჭადრაკო სამყაროდან: მაგნუს კარლსენი და სერხიო რამოსი

ნორვეგიელი დიდოსტატი მაგნუს კარლსენი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 27 წლის სკანდინავიელმა ყველა მოჭადრაკისთვის საოცნებო ტიტული 2013 წელს მოიპოვა.

მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი ფეხბურთის დიდი მოყვარულიც გახლავთ. სხვათა შორის, მან ფეხბურთი თბილისშიც ითამაშა, როცა 2017 წლის შემოდგომით მსოფლიო თასზე საასპარეზოდ ეწვია საქართველოს დედაქალაქს.

მაგნუს კარლსენის საყვარელი გუნდი ნორვეგიის ნაკრებია, კლუბებიდან კი მადრიდის რეალს გულშემატკივრობს.

წელიწადნახევრის წინ, სერგეი კარიაკინთან მოგებული საჩემპიონო მატჩის შემდეგ, კარლსენი ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა და ფავორიტი კლუბის შეხვედრას დაესწრო. ეს ფოტო, რომელზეც კარლსენი რეალის კაპიტან სერხიო რამოსთან ერთადაა აღბეჭდილი, სწორედ მაშინაა გადაღებული.

სერხიო რამოსი, გეცოდინებათ, რეალის გარდა ესპანეთის ნაკრების გუნდისთავიცაა. დღეს, თბილისის დროით 22 საათზე, მისი ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე პორტუგალიაა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 14 ივნისი)

ka_GEGeorgian