რიო 2016: 16 აგვისტო

რიოს ოლიმპიური დღიურების დღევანდელ წერილს ერთი სახალისო ამბით დავიწყებ, რომელიც ერთ-ერთმა ამერიკულმა იუმორისტულმა ვებ-გვერდმა US Daily Mail-მა მოიფიქრა.

მათ მიერ გავრცელებული „ცნობის“ მიხედვით, ამერიკის ერთ-ერთი შტატის, ალაბამას სენატორს ფრედ კალჰუნს კურიოზი გადახდენია, ჩვენთვის კი ეს ამბავი იმითაა საინტერესო, რომ „მომხდარი“ საქართველოს გარშემო „ვითარდება“.

მოკლედ, სიტუაცია ასეთია: US Daily Mail-ის „ინფორმაციის“ თანახმად, 5 აგვისტოს, მილიონობით მოკვდავის დარად, სენატორი ფრედ კალჰუნი ტელევიზორის წინ მოკალათებულა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სანახავად. რეპორტაჟს ოჯახის წევრებთან ერთად უცქირა და საქართველოს მედროშის ავთანდილ ჭრიკიშვილის და ჩვენი ოლიმპიური გუნდის დანახვაზე სასტიკად „აღშფოთებულა“! თან ისე, რომ მეორე დღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახისთვის ოფიციალური წერილიც „მიუწერია“! მიზეზი? საქართველო ინგლისურად ამერიკის კიდევ ერთი შტატის ჯორჯიის დარად იწერება – Georgia. ჰოდა, სენატორსაც გუნება წახდენია: რატომ ჯორჯია და არა ჩემი ალაბამაო!

„ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად ვუყურე და გავოგნდი, როცა მონაწილეთა შორის ჯორჯიის გუნდი დამოუკიდებელ მონაწილედ ვიხილე. ალაბამელი სპორტსმენები მსოფლიოს უნიჭიერეს და რჩეულ ათლეტთა შორის არიან… ჩვენი შტატის ხუთ მილიონამდე მაცხოვრებლის სახელით, გთხოვთ მომდევნო ოლიმპიადაზე ალაბამა დამოუკიდებელ მონაწილედ დაუშვათ. ზუსტად ისე, როგორც ჯორჯიის შემთხვევაში მოიქეცით“, – „ეწერა“ თომას ბახისადმი გაგზავნილ სენატორ ფრედ კალჰუნის განცხადებაში, რომელიც ამ უკანასკნელის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე „გამოქვეყნებულა“!

კალჰუნის განცხადებისთვის უამრავს დაუჭერია მხარი, ერთ-ერთს კი „უთქვამს“: „მადლობა, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ! ოლიმპიურ კომიტეტს კომუნისტების ჯგუფი მართავს და სულაც არ მიკვირის, რომ ჯორჯიას მონაწილეობის უფლება დართეს, ალაბამას კი არა. მიხარია, რომ ასეთი ხისტი და პირდაპირი ხართ“.

US Daily Mail-ის „ჟურნალისტებმა“ თემა განავრცეს და ჯორჯიის შტატის სპორტის მესვეურების კომენტარიც „შემოგვთავაზეს“: „არ ვიცოდით ოლიმპიადაზე გუნდი რომ გვყავდა, მაგრამ თუ ასეა, რიოში წარმატებას და შინ მედლებით დაბრუნებას ვუსურვებთო“! – „უპასუხიათ“ ამერიკული ჯორჯიიდან.

აი, ასეთი „ახალი ამბავი“ გაავრცელა US Daily Mail-მა, ინფორმაცია კი მალევე აიტაცეს და გაავრცელეს სხვადასხვა გამოცემებმა, მათ შორის ერთმა პატივსაცემმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმაც.

როგორია?! ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა. თუნდაც იმიტომ, რომ არავინაა სენატორი სახელად ფრედ კალჰუნი. და ასეც რომ იყოს, US Daily Mail-ის მთავარ გვერდზე, ოფიციალური ემბლემის ქვეშ პატარა, მაგრამ ბევრისმთქმელი მინაწერიც აქვს: „ამბები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა“.

ერთი სიტყვით, კარგად მოფიქრებულმა უწყინარმა ხუმრობამ ბევრი დააბნია. „აღშფოთებული სენატორი“ კარგად იყოს, ჩვენი კი ჩვენი ვიკითხოთ. მით უმეტეს, რომ ბოლო დღეებში ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობის შემდეგ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არაა. ეს განსაკუთრებით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე ითქმის, რომლებმაც მეორე საშეჯიბრო დღეც ჩააგდეს. გასაგებია, რომ მძიმე წონაში იაკობ ჯაქაიამ ორი წრე კარგად, დამაჯერებლად გაიარა, მაგრამ მთავარ მიზანს – მედალს, ვერც მან მიაღწია.

აუცილებლად უნდა ვთქვა: ზედიზედ მეორე წელია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სეზონის მთავარ შეჯიბრებს მოუმზადებელი ხვდება. შარშან, ლას ვეგასში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსა და ბაქოში ჩატარებულ ევროპის I თამაშებზე ბეგი დარჩიას გუნდმა ერთადერთი მედალი მოიპოვა – ლაშა გობაძის ბრინჯაო მსოფლიოზე. მართალია წელს, მარტის დასაწყისში, რიგაში ევროპის პირველობაზე ზურაბ დათუნაშვილი ჩემპიონი გახდა, რობერტ კობლიაშვილი და შმაგი ბოლქვაძე კი პრიზიორები, მაგრამ აგერ, ჩვენს თვალწინ ოთხწლეულის მთავარი შეჯიბრება, ოლიმპიადა მიმდინარეობს და ნაკრების პირველი ნომრები მედალს ვინ ჩივის, ნახევარფინალში გასვლასაც ვერ ახერხებენ! ამ გუნდზე საუბრისას ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ნაკრები ერთ-წონაში – ყველაზე მსუბუქ, 59კგ-ში – რიოს ლიცენზიის გარეშე დარჩა.

სიტუაცია საგანგაშოა. და ეს მარტო ჩემი აზრი არაა. სპორტის ამ სახეობის სპეციალისტებიც იგივე აზრის არიან. მაგალითად ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა. ლელოსთვის მიცემულ ინტერვიუში დაუმარცხებელმა ფალავანმა განაცხადა: „რაც გვჭირს, ეს არც დღევანდელი ამბავია, არც გუშინდელი და გუშინწინდელი. ეს ჩვენი უსუსური სისტემის ბრალია. სისტემაშია მიზეზი საძიებელი, თორემ ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის გვყავდა, გვყავს და გვეყოლება. თუ მუშაობას არ გარდავქმნით, არ შეიცვლება ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდა, შედეგი იგივე დარჩება. კონკრეტულად დღევანდელ ჭიდაობას რაც შეეხება, სპორტსმენებს შეჯიბრების წინ დიდი დატვირთვა არ სჭირდებათ, ჩვენთან კი ეს ბოლო დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, არ ხდება ინდივიდუალური გეგმის შედგენა. შესანიშნავია ზურაბ დათუნაშვილი, ბრწყინვალე მონაცემები აქვს, მაგრამ მას მომზადება სჭირდება. ასევე ვფიქრობ, რომ სპორტსმენებს დასვენება არ ჰყოფნით, ასევე ფსიქოლოგიურად არ არიან მზად. ზოგადად, ჭიდაობაზეც მინდა ვთქვა: რასაც ამ ოლიმპიადაზე ვხედავ, ჭიდაობის ნაცვლად ცხვირს უხოცავენ ერთმანეთს, ისე ძიძგილაობენ ცხვირ-პირით.  მსაჯი რომ ვიყო, ამათ არც ვაჭიდავებ! მე ასე არასდროს მიჭიდავია“!

მიუხედავად რობერტ კობლიაშვილის და იაკობ ქაჯაიას გუშინდელი ჩავარდნისა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი მაინც გახდა ჩემპიონი, მაგრამ… რუსეთის სახელით: 85კგ წონაში ქუთაისელმა დავით ჩაკვეტაძემ იპირველა! ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი ჩაკვეტაძე რამდენიმე წლის წინ გადაბარგდა რუსეთში – მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ და ახალგაზრდა ბიჭიც პირველივე შეთავაზებას დათანხმდა. ნურც ის გამოგვრჩება, რომ რუსეთის ნაკრების თავკაცი გოგი კოღუაშვილიც ქუთაისელია… იმის თქმა მსურს, რომ მეტი ყურადღებაა საჭირო. და არა მარტო საჭიდაო ხალიჩაზე. როცა პოტენციურ ოლიმპიურ ჩემპიონს უშვებ, მეეჭვება ეს მხოლოდ მწვრთნელების ბრალი იყოს. თავის წილი პასუხისმგებლობა ფედერაციის მესვეურებმაც უნდა აიღონ.

მძიმე წონაში გამარჯვებულ კუბელ მიხაინ ლოპესზე კი ჭიდაობის მოყვარულებს ახალს ბევრს ვერაფერს ვეტყვი. 33 წლის გოლიათი თითქმის 10 წელია ამ წონის ფავორიტია და ოქროს ოქროზე იგებს: 2003 წლიდან ზედიზედ 4-ჯერ მოიგო პანამერიკული თამაშები, 5 ოქროს და 3 ვერცხლს დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონატებზე, გუშინ კი მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული! სპორტის ამ სახეობის რუსი ლეგენდის ალექსანდრ კარელინის შემდეგ ლოპეს ნუნიესი პირველია, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ოლიმპიადა! სხვათა შორის, ოლიმპიადის პრიზიორია კუბელის უფროსი ძმა, მოკრივე მიშელი – 2004 წელს, ათენში, ის ბრინჯაოს სუპერმძიმე წონაში დაეუფლა…

გუშინდელ ფინალში კუბელმა თურქ რიზა კაიაალპის სძლია. სპეციალისტები ამ ფინალს ელოდნენ და გამართლდა კიდეც პროგნოზები. ბოლო წლებში ყველა დიდი შეჯიბრების ოქრო ლამის მხოლოდ მათ შორის თამაშდება და გამონაკლისი არც რიო 2016 გამოდგა. თავად განსაჯეთ: 2011 და 2015 წლების მსოფლიო პირველობის ფინალში კაიაალპიმ აჯობა ლოპეს ნუნიესს, ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში და მსოფლიოს 2014 წლის პირველობის ფინალში კი კუბელმა იძალა.

ბერძენ-რომაელები დღეს ასრულებენ ოლიმპიადას და ჩვენც საქართველოს ნაკრების ბოლო ორ წევრს ვიხილავთ: 66-ში წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი შმაგი ბოლქვაძე იჭიდავებს, 98კგ წონაში კი რევაზ ნადარეიშვილი. ორივე მათგანი 1/16-ფინალიდან შეუყვება ოქროსკენ მიმავალ გზას.

მოჭიდავეების დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ 16 აგვისტოს გულშემატკივრების მთავარი იმედი ძალოსან ლაშა ტალახაძეს უკავშირდება. უმძიმეს, +105კგ-ში მოასპარეზე ტალახაძე მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ. მსოფლიოს ოქრო შარშან მოიგო ჰიუსტონში, „ევროპული“ კი წლეულს, ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში. მასთან ერთად იასპარეზებს ირაკლი თურმანიძეც, თუმცა ის ქვედა, B ჯგუფშია. თურმანიძე თბილისის დროით 22:30 საათიდან გამოვა, A ჯგუფის წევრები კი, სადაც ლაშას ველით, 17 აგვისტოს გამთენიისას, 2 საათიდან.

გუშინ ძალოსანთა ფიცარნაგზე ვაჟთა გუნდის პირველი წევრი გიორგი ჩხეიძე (105კგ) ვიხილეთ. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული B ჯგუფში გამოდიოდა. მან ატაცში 170 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი არ გაუმართლა: 205 (ორჯერ) და 208 კილოგრამს უშედეგოდ დაეჭიდა. საბოლოოდ წონა ვერ დააფიქსირა და შეფასების გარეშე დარჩა.

დღევანდელი წერილის ბოლოს კიდევ ერთ ოლიმპიურ რეკორდზე გეტყვით, რომელიც ქალთა მარათონში დაფიქსირდა: ესტონელი დები ლეილა, ლიინა და ლილი ლუიკები ოლიმპიური თამაშების მონაწილე პირველი სამი ტყუპი არიან! მერე რა, რომ ისინი მედალოსანთა შორის ვერ მოხვდნენ?

„ერთმანეთს ვამხნევებთ და უდიდეს ენერგიას ვიღებთ. ჩვენ სტარტზეც ერთად ვიდექით და ფინიშის ხაზიც ერთად გადავკვეთეთ“, – განაცხადეს 20 წლის ბალტიისპირელმა სტაიერებმა, რომლებმაც რიოს ოლიმპიადისთვის მშვენიერი დევიზიც მოიფიქრეს: Trio for Rio.

ოლიმპიური მედლების იმედით, ხვალამდე დაგემშვიდობებით.


ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 16 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 15 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – ლაზერი
1.ტომ ბარტონი (ავსტრალია)
2.ტონჩი სტიპანოვიჩი (ხორვატია)
3.სემ მეეჩი (ახალი ზელანდია)
გოგონები – ლაზერ რედიალი
1.მარიტ ბუვმეესტერი (ნიდერლანდები)
2.ანალიზ მერფი (ირლანდია)
3.ანე-მარი რინდომი (დანია)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
85კგ
1.დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი)
2.ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
3.ჯავიტ ჰამზატაუ (ბელარუსი) და დენის კუდლა (გერმანია)
*-რობერტ კობლიაშვილი
კვალიფიკაცია – ალფონსო ლეივა (მექსიკა) – 5:0
1/8 – დენის კუდლა (გერმანია) – 1:1 (მარცხი ბოლოს გაშვებული ქულით)
120კგ
1.მიხაინ ლოპესი (კუბა)
2.რიზა ქააიალფი (თურქეთი)
3.საბა შარიათი (აზერბაიჯანი) და სერგეი სემიონოვი (რუსეთი)
*-იაკობ ქაჯაია
კვალიფიკაციაედუარდ სოღომონიანი (ბრაზილია)8:0
1/8 ალექსანდრ ჩერნეცკი (უკრაინა)2:1
1/4 – სერგეი სემიონოვი (რუსეთი) – 0:5

ველოსპორტი
ვაჟები – ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ელია ვივიანი (იტალია) – 207 ქულა
2.მარკ კავენდიში (დიდი ბრიტანეთი) – 194 ქულა
3.ლასე ნორმან ჰანსენი (დანია) – 192 ქულა

კრივი
ვაჟები – 91კგ
1.ევგენი ტიშჩენკო (რუსეთი)
2.ვასილი ლევიტი (ყაზახეთი)
3.რუსტამ ტულაგანოვი (უზბეკეთი) და ერისლენდი სავონი (კუბა)

მძლეოსნობა
ვაჟები – 800მ
1.დევიდ რუდიშა (კენია) – 1:42.15წთ
2.ტაუფიკ მახლუფი (ალჟირი) – 1:42.61წთ
3.კლეიტონ მერფი (აშშ) – 1:42.93წთ
ვაჟები – ჭოკით ხტომა
1.ტაიგუ ბრაზ და სილვა (ბრაზილია) – 6.03მ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რენო ლავილენი (საფრანგეთი) – 5.98მ
3.სემ კენდრიკსი (აშშ) – 5.85მ
გოგონები – 400მ
1.შონი მილერი (იამაიკა) – 49.44წთ
2.ელისონ ფელიქსი (აშშ) – 49.51წთ
3.შერიკა ჯეკსონი (იამაიკა) – 49.85წთ
გოგონები – 3 000მ წინაღობებით
1.რუთ ჯებეტი (ბაჰრეინი) – 8:59.75წთ
2.ივინ ჯეპკემოი (კენია) – 9:07.12წთ
3.ემა კობარნი (აშშ) – 9:07.63წთ
გოგონები – უროს ტყორცნა
1.ანიტა ვლოდარჩუკი (პოლონეთი) – 82.29მ (მსოფლიო რეკორდი)
2.ჟან ვენშიუ (ჩინეთი) – 76.75მ
3.სოფი ჰიტჩონი (დიდი ბრიტანეთი) – 74.54მ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – ბჯენითი ხტომა
1.რი სე-გვანგი (ჩრდილოეთი კორეა) – 15.691 ქულა
2.დენის აბლიაზინი (რუსეთი) – 15.516 ქულა
3.კენზო შირაი (იაპონია) – 15.449 ქულა
ვაჟები – რგოლებზე ვარჯიში
1.ელეფტერიოს პეტრუნიასი (საბერძნეთი) – 16.000 ქულა
2.არტურ ძანეტი (ბრაზილია) – 15.766 ქულა
3.დენის აბლიაზინი (რუსეთი) – 15.700 ქულა
გოგონები – დვირზე ვარჯიში
1.სანე ვევერსი (ნიდერლანდები) – 15.466 ქულა
2.ლორი ერნანდესი (აშშ) – 15.333 ქულა
3.სიმონე ბაილსი (აშშ) – 14.733 ქულა

ცურვა
გოგონები – მარათონი (10კმ)
1.შერონ ვან რუვენდაალი (ნიდერლანდები) – 1:56:32.1სთ
2.რაკელე ბრუნი (იტალია) – 1:56:49.5სთ
3.პოლიანა ოკიმოტო (იტალია) – 1:56:51.4სთ

ცხენოსნობა
წვრთნა
1.შარლოტ დუჟარდინი (დიდი ბრიტანეთი) – 93.857 ქულა
2.იზაბელ ვერთი (გერმანია) – 89.071 ქულა
3.კრისტინა ბრიორინგ-შპრეჰე (გერმანია) – 87.142 ქულა

ძალოსნობა
ვაჟები – 105კგ
1.რუსლან ნურუდინოვი (ირანი) – 431კგ (194+237 ორ)
2.სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) – 417კგ (190+227)
3.ალექსანდრ ზაიჩიკოვი (ყაზახეთი) – 416 (193-223)
*-გიორგი ჩხეიძე
B ჯგუფი – შედეგი ვერ დააფიქსირა

ka_GEGeorgian