35 წლის წინ… საშინელება ეიზელზე

1985 წლის 29 მაისი: ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი ჩემპიონთა თასის ფინალისთვის ემზადება – ევროპის უძლიერესმა გუნდმა ლივერპულმა ეიზელზე უნდა დაიცვას ერთი წლით ადრე რომში მოგებული ტიტული.

მეტოქე იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბი იუვენტუსია, რომელმაც ნომერ პირველი საკლუბო თასის გათამაშების წინა ორი ფინალი, 1973 წელს აიაქსთან და 1983-ში ჰამბურგთან, წააგო.

დიდი ფრანგი ათიანის, მიშელ პლატინის ერთადერთი პენალტით იუვემ მოიგო.

და გახდა პირველი, რომელმაც საკლუბო მუზეუმში უეფას სამივე თასი გამოფინა – წლების წინ მოპოვებული უეფას და თასების თასის შემდეგ ნანატრი ჩემპიონთა თასიც!

ყველა სხვა შემთხვევაში ლივერპულთან გამარჯვება უდიდეს სიხარულთან და ბედნიერებასთან იქნებოდა დაკავშირებული და იმ ტრიუმფს ხშირად გაიხსენებდნენ გულშემატკივრები, მაგრამ სიხარული და ბედნიერება – ნურას უკაცრავად, და თუ იმ მატჩს ტიფოზები დღეს მაინც უბრუნდებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას შეახსენონ: რაც 1985 წლის 29 მაისს ეიზელზე მოხდა, არასდროს უნდა განმეორდეს!

40-ზე მეტი გარდაცვლილი, უმეტესობა იტალიელი…

ტრაგედია, რომლის მსგავსი ჩემპიონთა თასის ფინალში არც მანამდე და, საბედნიეროდ, არც მას შემდეგ მომხდარა.

უბედურება წინდაუხედაობით, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, ორგანიზატორთა გამოუცდელობით, ლივერპულის მთვრალი და გონდაკარგული ფანებით და კიდევ სხვა მიზეზებით აიხსნა.

იტალიელებსა და ინგლისელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მცირე ჩხუბი მოჰყვა, ინციდენტი იუვენტუსის ქომაგებისკენ ნასროლი ლუდის ქილებით და ცარიელი ბოთლებით გაგრძელდა, რამდენიმე წუთში მთვრალმა ლივერპულელებმა ის ერთადერთი მესერიც გადაჯეგეს, მათ სექტორს იუვეს მხარდაჭერებისგან რომ ჰყოფდა და…

წლების მერე მიშელ პლატინი იტყვის: „გასახდელში ჩვენი სახეარეული ექიმი შემოვარდა და იღრიალა, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივრებს კლავენ!.. შირეა მინდვრისკენ გაიქცა და მიკროფონით უყვიროდა ფანებს… იქ რაც ვნახე, საშინელება იყო – გადანგრეული კედელი, ერთმანეთში აზელილი გვამები, დასისხლიანებული ხალხი… გარდაცვლილებს სარბენ ბილიკზე დებდნენ“…

იუვენტუსს არ სურდა თამაში. ლივერპულიც იმავე აზრზე იყო.

ბრიუს გრობელაარი, ლივერპულის მეკარე: ჩემთვის ფეხბურთი სიცოცხლეა და არა სიკვდილი. როდესაც მახსენდება, რომ ბრიუსელში ტრაგედია ლივერპულელებმა დაატრიალეს, მრცხვენია. მაშინ არავის სურდა თამაში, მაგრამ უეფას წარმომადგენლები გასახდელში შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ თუ მინდორზე არ გავიდოდით, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, მათ იუვესთვისაც იგივე უთქვამთ. მივხვდით, რომ უფრო დიდ ტრაგედიას მხოლოდ ფეხბურთით ავიცილებდით და ამიტომაც ვითამაშეთ“.

ბელგიელმა სამართალდამცავებმა მოგვიანებით ვინმე ჯეიმს მაკგილი დააკავეს, რომელიც ვიდეოკამერამ იტალიელი ტიფოზის, კარლო დუჩენეს მკველობის მომენტში აღბეჭდა. საერთო ჯამში, 26 ლივერპულელი დააპატიმრეს. ბრიტანეთის უმაღლესი იურიდიული ინსტანციის ბრალდება ასეთი იყო – მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე.

ეიზელის ტრაგედიის გამო უეგამ უმკაცრესად დასაჯა ინგლისელები – 5 წლით მოკვეთა ევროპის საკლუბო ტურნირებიდან, ლივერპული კი, როგორც „მთავარი დამნაშავე“, დამატებით მეექვსე სეზონით დაისაჯა.

ის დისკვალიფიკაცია ინგლისური საკლუბო ფეხბურთისთვის უმძიმეს მუხრუჭად იქცა, რომელსაც კუნძულელებმა დიდი მონდომებით, ფუნდამენტური ცვლილებებით და თითქმის 15-წლიანი ლოდინის შემდეგ დააღწიეს თავი…

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 29 მაისი)

ka_GEGeorgian