ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტია
ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა გაიმარჯვა. ქართული სპორტის ისტორიაში ის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და გავლენიან საერთაშორისო სპორტულ კავშირს უხელმძღვანელებს.
ესკ-ის არჩევნები ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში, 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას გაიმართა. აზმაიფარაშვილმა 33 ხმით 18-ის წინააღმდეგ ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ბულგარელი სილვიო დანაილოვი დაამარცხა. მანამდე მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის – ფიდე – საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. დელეგატებმა კირსან ილუმჟინოვი მომდევნო 4 წლით აირჩიეს. მისი კონკურენტი ლეგენდარული მოჭადრაკე გარი კასპაროვი გახლდათ.
„ბატონმა ზურაბმა დიდი შრომა ჩადო ამ გამარჯვებაში. მიხარია, რომ სახელმწიფოს და ფედერაციის უპრეცედენტო ერთიანმა ძალისხმევამ სასურველი შედეგი გამოიღო“, – აზმაიფარაშვილს გამარჯვება პირადად მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც ტრომსიოში იმყოფება.
დღეს, სასტუმრო რიკაში, ბათუმის პრეზენტაციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის არჩევნებში მონაწილე დელეგატებს უმასპინძლებს. ფიდე მასპინძელ ქალაქს ხვალ, 13 აგვისტოს დაასახელებს. ბათუმის გარდა ამ საპატიო უფლებისთვის სამხრეთი აფრიკის ქეიფთაუნი იბრძვის.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 12 აგვისტო)