როჯერ ფედერერის 83-ე ტიტული და მეათასე გამარჯვება!

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა 2015 წელი დიდებულად დაიწყო: ბრისბენის ტურნირის ფინალში მილოშ რაონიჩს აჯობა, 83-ე ტიტული მოიპოვა და რაც მთავარია, პროფესიულ კარიერაში საიუბილეო, მე-1000 გამარჯვება იზეიმა!

„ეს გამორჩეული დღეა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე-1000 გამარჯვება მთავარი მიზანი იყო. რა თქმა უნდა დიდებული მიღწევაა, მიხარია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის დიდი სლემის ტურნირებია“, – განაცხადა ფედერერმა ავსტრალიის მოახლოებული ღია პირველობის წინ.

როჯერ ფედერერი მხოლოდ მე-3 ჩოგბურთელია, რომელმაც 1 000-ჯერ დატოვა კორტი გამარჯვებულმა. მასზე წინ ამერიკელი ჯიმი კონორსი (1 253) და ამერიკის მოქალაქეობამიღებული ჩეხოსლოვაკიელი ივან ლენდლი არიან (1 071).

მოგებული ტურნირების მიხედვით ფედერერი მხოლოდ ამ ორ მოთამაშეს ჩამორჩება. შვეიცარიელის აქტივში 83 ტიტულია, კონორსი პირველია 109 გამარჯვებით, ლენდლი კი მეორე 94 ტრიუმფით.

33 წლის დიადი ალპელი, რომელმაც პროფესიონალურ ტურში 88 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ბრისბენში გამარჯვებით პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 15 წლის განმავლობაში შეძლო მინიმუმ ერთი ტიტულის მოგება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი გამარჯვება როჯერმა 2001 წლის 4 თებერვალს, მილანში, ჭერქვეშა შეჯიბრებაზე იზეიმა, სადაც ფრანგ ჟულიენ ბუტერს აჯობა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 3 იანვარი)

ka_GEGeorgian