ბათუმი 2018: ნონას თასი რუსთავშია
საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს „ნონას თასის“ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი თელავის შემდეგ რუსთავში გამოიფინა.
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, ოლიმპიადის თილისმას – კუ ბათუსა თართლშტაინს და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს რუსთავის პარკში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გულშემატკივრებმა და ნორჩმა მოჭადრაკეებმა უმასპინძლეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონის, XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ეს ლამაზი ჯილდო დღეს აქ, რუსთავშია გამოფენილი. დღევანდელი აქცია ბათუმში დაგეგმილი ოლიმპიადის პოპულარიზაციას ემსახურება და მსურს ყველა თქვენგანი, ჭადრაკის მოყვარულები, მათ შორის პატარა მოჭადრაკეები, შემოდგომით ბათუმში მიგიპატიჟოთ. ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ტურნირს ვმასპინძლობთ, რაც დარწმუნებული ვარ, ჭადრაკის ყველა მოყვარულისთვის უდიდესი ზეიმი იქნება. საქართველოში ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება არასდროს ჩატარებულა: ჩვენს ქვეყანას 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა 189 ქვეყნიდან“! – განაცხადა გია გიორგაძემ.
„ნონას თასის“ გარდა რუსთავის პარკში ოლიმპიადის დროშაც გამოიფინა, ასევე ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ლუკა პაიჭაძემ ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა, საჭადრაკო ვიქტორინის გამარჯვებულები კი ბათუმი 2018-ის მაისურებით დაჯილდოვდნენ.
ოლიმპიადის დაწყებამდე (23 სექტემბერი) „ნონას თასი“ საქართველოს ყველა კუთხეს მოივლის. პრესტიჟული ჯილდო 23 ივნისს თბილისში, კუს ტბაზე გამოიფინება.
„ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ – FIDE – 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 20 ივნისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი