კარიერა ფრაზებში #29: სერგო კოტრიკაძე
ერთ-ერთ ინტერვიუში თბილისის დინამოს, მოსკოვის ტორპედოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა თქვა: „1959 წლის სეზონის დასაწყისში სერგო კოტრიკაძემ ტრავმა მიიღო. მწვრთნელები მენდნენ და საოცნებო დინამოს კარის დაცვა მანდეს. როცა სერგო გამოჯანმრთელდა, ძირითად შემადგენლობაში მაინც მე მაყენებდნენ. სამწუხაროდ, მალე ავად გავხდი და სასტარტოში დაბრუნებულმა კოტრიკაძემ ჩვეულ, მაღალ დონეზე თამაში განაახლა. ავადმყოფობის შემდეგ, ფორმა რომ დავიბრუნე, ვთვლიდი, რომ მე და სერგოს დინამოს კარი მონაცვლეობით უნდა დაგვეცვა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ერთი უბრალო ჭეშმარიტება არ მესმოდა – ძირითადი მეკარე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს. მწვრთნელებმა ეს საფეხბურთო პოსტულატი, ცხადია, იცოდნენ. მე პირველი ნომრობა მსურდა, დინამოში სერგოს კონკურენციას ვერ გავუწევდი და ამიტომაც, თბილისიდან წავედი“.
სერგო კოტრიკაძე დინამოს ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელია. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში და შემთხვევითი არაა, რომ 1998 წელს ის საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარეს!
სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონი სერგო ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი გახლდათ. ის 2011 წლის 3 მაისს, შვედეთში გარდაიცვალა. ასაკობრივ ნაკრებთან ერთად სტოკჰოლმიდან თბილისში მომავალს, აეროპორტში გული ცუდად გაუხდა…
…შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ პატარაობისას ფეხბურთელობაზე არ მიოცნებია.
…სწრაფი ვიყავი, მოუსვენარი და ამიტომ მშობლებმა ერთდროულად შემიყვანეს კალათბურთზე, ფრენბურთსა და მძლეოსნობაზე. რა თქმა უნდა, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, თუმცა მხოლოდ ეზოში. ერთხელ დინამოს ყოფილმა მეკარე ალექსანდრე დოროხოვმა დამინახა და 35-ე სკოლაში დამიბარა. ჩვენ მეზობლად ვცხოვრობდით, ჩემი ძმა ალიოშა კი ზუსტად იმ სკოლაში სწავლობდა. მერე დაიწყო და დაიწყო – მას შემდეგ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.
…ჩვენი გუნდი საუკეთესო იყო და ეს, ცხადია, ჩვენი მწვრთნელის არჩილ კიკნაძის დამსახურება გახლდათ. ის ჩინებული სპეციალისტი იყო. 35-ე სკოლიდან მალე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მოვხვდი, იქიდან კი თბილისის დინამოში აღმოვჩნდი. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ცხონებული ანდრო ჟორდანია მომიახლოვდა და მეორე დღისთვის დიღომში, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე დამიბარა. ბატონი ანდრო, გარდა იმისა, რომ ძლიერი მწვრთნელი იყო, სელექციითაც სახელგანთქმული გახლდათ – 1964 წლის „ოქროს ბიჭებიდან“ თითქმის ყველა მისი აღმოჩენილი იყო. იმ დროს უკვე დინამოში თამაშზე ვოცნებობდი.
…ალექსანდრე დოროხოვი, ვლადიმერ მარღანია, სერგო შუდრა… ეს მეკარეები ჩემი კერპები იყვნენ და მათი გზის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. თუ გულშემატკივართა სიყვარულს გავითვალისწინებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ამოცანას თავი გავართვი.
…დინამოელობა ძალიან ბევრს ნიშნავდა: ავთანდილ ღოღობერიძე, ნიაზ ძიაპშპა, ვლადიმერ ელოშვილი – მათი სახელები გულშემატკივრებს პირზე ეკერათ. პირველ წლებში ვოვა მარღანიას გვერდით ვვარჯიშობდი და თავი სიზმარში მეგონა!
…თავიდან ორი წელი დუბლებში ვთამაშობდი, 1957 წლიდან კი ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. პირველი მატჩი იმ წლის 6 აპრილს, თბილისში, მოსკოვის დინამოსთან ვითამაშე. ისე მოხდა, რომ ჩვენი მეკარეები მარღანია და მიხეილ პირაევი ტრავმირებულები იყვნენ და კარი მე მანდეს. რეკომენდაცია მარღანიამ გამიწია – ახალგაზრდაა და ძირითადისთვის მომწიფდაო. მოსკოველებმა 2:1 მოგვიგეს, მაგრამ საყვედური არავის დასცდენია. თამაშის მერე მთავარმა მწვრთნელმა გაიოზ ჯეჯელავამ თქვა: მორჩა, სხვა მეკარეს აღარ მოვძებნით, კოტრიკაძე ჩინებულიაო. მას შემდეგ თითქმის 15 წელი ვითამაშე დინამოში.
…35-ე სკოლიდან დინამოში გადასვლის შემდეგ კლუბი ერთადერთხელ დავტოვე – 1968 წელს, ისიც იმიტომ, რომ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა ამითვალწუნა. სათადარიგოთა სკამს ვერ ვეგუებოდი და ამიტომაც, ქუთაისის ტორპედოში წავედი. მაგრამ იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ – მალე უკან მიხმეს და მეც დავბრუნდი.
…1959 წლის 30 აგვისტოს რა დამავიწყებს?! კიევში ჩატარებული ის მატჩი ერთ-ერთი საუკეთესოა კარიერაში – ხუმრობა ხომ არაა, 2 პენალტი მოვიგერიე! ისე, წლების წინ ცნობილმა სტატისტიკოსმა ესენინმა მითხრა, რომ ოფიციალურ მატჩებში 14 პენალტიდან 9 მოვიგერიე. მგონი, შესანიშნავი შედეგია.
…კიეველები იმ დღეს (1959 წლის 30 აგვისტო) უკრაინის რუსეთთან მიერთების 300 წლის იუბილეს ზეიმობდნენ. დიდი აღლუმი გაემართათ კიევში და ამ მნიშვნელოვანი დღის გამარჯვებით აღნიშვნას გეგმავდნენ – მსაჯებს აშკარად ეტყობოდათ, რომ სამართლიანად არ იქცეოდნენ. პირველი პენალტი 35-ე წუთზე დაინიშნა – გივი ხოჭოლავამ დაცვაში იუხეშა და… ბურთთან გოლოდეცი მივიდა, კიეველთა პენალტისტი. მისი დარტყმა მოვიგერიე. მეორე ტაიმში თენგიზ მელაშვილმა გახსნა ანგარიში, მაგრამ ჯერ იურა გრამატიკოპულომ გაათანაბრა, მერე კი ვალერი ლობანოვსკიმ წინ გაიყვანა დინამო. 64-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა ჩვენს კარში – მოსკოველმა მსაჯმა ლუკიანოვმა ისევ ხოჭოლავა დაადანაშაულა წესების დარღვევაში და 11-მეტრიანზე მიუთითა. გოლოდეცმა ბურთთან მისვლა ვეღარ გაბედა. მის ნაცვლად გრამატიკოპულომ ითავა დარტყმა. მას ჯერ კიდევ სოხუმიდან ვიცნობდი, შესანიშნავად საუბრობდა ქართულად და მეც მივაძახე, ვერ გამიტან-მეთქი. ავუღე! ცოტა ხანში შოთა იამანიძემ გაიტანა და თამაშიც ფრედ 2:2 დასრულდა, მე კი მალე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიხმეს. თბილისში სანაკრებო მიწვევა რომ მოვიდა, ხოჭოლავა გამეხუმრა, მე რომ ის პენალტები არ ამეკიდებინა, ვნახავდი, როგორ გამოგიძახებდნენო.
…უდიდესი იმედგაცრუება? საბჭოთა კავშირის თასის 1960 წლის ფინალი, მოსკოვის ტორპედოსთან 3:4 წაგება! როცა იმ მატჩს ვიხსენებ, ყოველთვის ცუდ გუნებაზე ვდგები. მოგება შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხდით. დეტალებს არ მოვიგონებ, მაგრამ ცუდი მინდორი რომ არ აღვნიშნო, არ იქნება – საფეხბურთო კი არა, ჰოკეის მოედანზე ვითამაშეთ! ბალახი ისე იყო გაყინული, ქაცვები ვერ ეჭიდებოდა! თუმცა ეს, ცხადია, მარცხის ასახსნელად არ გამოდგება.
…თასის ფინალში წაგების შემდეგ 3-მატჩიანი ტურნე გვქონდა ინგლისში. ტოტენჰემ ჰოთსფური, ვულვერჰემპტონი და შეფილდ უენსდი – ამ გუნდებს გავეჯიბრეთ. ყველა შეხვედრაში 5 გოლი გავუშვით, უნივერსიტეტში დაბრუნებულმა კი საკუთარი თავი კედლის გაზეთში აღმოვაჩინე: ამხანაგები მაშაყირებდნენ, ჩვენი კურსელი სერგო კოტრიკაძე ინგლისში ნამდვილი „ხუთოსანი“ იყოო – გაშვებულ გოლებს გულისხმობდნენ.
…1961 წლის მიწურულს დინამო ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად კუბაში მიიწვიეს. მასპინძლებს სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვუგეთ და ის იყო უკან უნდა დავბრუნებულიყავით, რომ გუნდის ხელმძღვანელებმა ბოლივიიდან და ეკვადორიდან მიიღეს მიწვევა – ამ ქვეყნების საუკეთესო კლუბები გვთავაზობდნენ თამაშს. ბოლივიაში, ზღვის დონიდან თითქმის 4 კილომეტრზე ასევე კარგად ვითამაშეთ, სამიდან ორი მატჩი მოვიგეთ, ადგილობრივები კი გაკვირვებას ვერ მალავდნენ – აქ ბრაზილიელები ვერ გვიგებენ და თქვენ ვინ ხართ, თამაში რომ არ გიჭირთო. სხვათა შორის, მასპინძლებმა სამივე თამაშის წინ გასახდელში ჟანგბადის ბალონები დაგვახვედრეს, ემანდ, თუ ცუდად გახდით, გიშველითო.
…1962 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, ნაკრების პირველი მეკარე ლევ იაშინი კი პირიქით, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი მამხნევებდა, თუ ასე გააგრძელე, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეკარე იქნებიო. მწვრთნელებმა ჩილეში კი წამიყვანეს, მაგრამ იქ მაინც იაშინს ანდეს კარი. ჯგუფურ ტურნირში მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ამიტომ, 1/4-ფინალის წინ კაჩალინმა მითხრა, მოემზადე, შენი დრო მოვიდაო. ფრთები შემესხა, მაგრამ რად გინდა? კარში კვლავ იაშინი ჩადგა და სწორედ მისი შეცდომის გამო დავასრულეთ ასპარეზობა. წლის ბოლოს ჟურნალმა ოგონიოკმა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო მეკარეს ავლენდა, მთავარი პრიზი მე გადმომცა. ეს ერთგვარი ნუგეში იყო.
…სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატამდე კარგა ხნით ადრე გავემგზავრეთ – აკლიმატიზაცია უნდა გაგვევლო. ერთ-ერთი ტესტ-მატჩი კურასაოში ჩავატარეთ ადგილობრივ თუ კლუბების ნაკრებთან, ახლა ზუსტად არ მახსენდება… კაჩალინმა კარის ნაცვლად ნახევარდაცვაში დამაყენა და ერთი გოლი გენადი გუსაროვმა ჩემი პასით შეაგდო. მეორე ტაიმში კარში ჩავდექი – დაშავებული მასლაჩენკო შევცვალე და რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მოვიგერიე. მეორე დღეს ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი წერდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, ფეხბურთელები ერთდროულად ჩინებული მეკარეებიც არიან და თავდამსხმელებიცო.
…ისე, ეს საბჭოთა კავშირი პარადოქსებით სავსე ქვეყანა კი იყო: 62-ში, როცა საუკეთესო მეკარედ მაღიარეს, ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მე-3 ნომრად შემიყვანეს. სასაცილოა ხომ?!
…1964 წლის გადამწყვეტი მატჩი შეიძლება არც გამართულიყო მოსკოვის ტორპედოს კიევის დინამოსთან რომ მოეგო. ის თამაში ფრედ დასრულდა, კიეველთა მეკარე ბანნიკოვმა კი მოსკოველთა პენალტი მოიგერია. ამ ამბის შემდეგ ბანნიკოვი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო თბილისში. ისე, ჩვენც დავკარგეთ ქულები ქუთაისში – ტორპედოსთან მატჩის მერე ისეთი ამბები ხდებოდა იმერეთში, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა.
…„ოქროს მატჩამდე“ კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში მიგვიწვიეს – რესპუბლიკის პირველი პირები შეგვხვდნენ და ახსნა დაგვიწყეს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ტორპედოსთან მატჩს და რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბიჭებს გულში გვეცინებოდა, ამ თამაშს ისედაც მთელი ცხოვრება ველოდით და უკან დახევას არ ვაპირებდით.
…0:0-ზე, შჩერბაკოვის თავურის შემდეგ, ბურთი ძელმა აისხლიტა. ჩვენი კარის უკან ფოტოკორესპონდენტი კონსტანტინე შანიძე იდგა, რომელმაც მომაწოდა ის ბურთი. კოსტიას ვუთხარი, ახლა ისე გადავრჩით, მგონი, განწირულები არ ვართ, ამ თამაშს უეჭველი მოვიგებთ-მეთქი!
…პირველ ტაიმში უზბეკი გულშემატკივრები ორად იყვნენ გაყოფილნი – ნახევარი ჩვენ გვქომაგობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, ყველა ჩვენ მხარეს გადმოვიდა. მეორე ტაიმის ბოლოს და დამატებით დროში ხომ მთელი სტადიონი დინამო, დინამოს ყვიროდა!
…ჩემპიონობის შემდეგ თბილისიდან წამოსულმა გულშემატკივრებმა იქვე, ტაშკენტის აეროპორტის რესტორანში დიდი სუფრა გაშალეს. უნდა გენახათ რა ამბავი იყო! ჩვენი სვისტუნა – ჯემალ ზეინკლიშვილი ეგრევე მოქეიფეებთან დაჯდა და ნახევარი საათის შემდეგ, როცა თვითმფრინავში ამოვიდა, უკვე კარგა ნასვამი იყო. თბილისში რომ ჩამოვედით, ჯემალმა ფეხსაცმელები გაიხადა და ქომაგებს უსახსოვრა.
…„ოქროს სეზონი“ მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით დავიწყეთ და გავრილ კაჩალინით დავასრულეთ. ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო. იაკუშინი შედარებით მკაცრი გახლდათ, უფრო მომთხოვნი იყო. დინამო 4-2-4 განლაგებაზე მან გადაიყვანა. ასევე მის პლუსად უნდა ჩაითვალოს ფიზმომზადება – ეს კომპონენტი ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა. რაც შეეხება კაჩალინს, ის უფრო მეგობრული იყო, ფეხბურთელებს ოჯახებში გვსტუმრობდა ხოლმე.
…„ოქროს მატჩის“ შემდეგ ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა და პრემიებსაც გვაძლევდნენ. მაგალითად, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ 400 მანეთი გადმოგვცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე 400 მანეთით დაგვაჯილდოვა. მახსოვს, მოოქროვილი, 160-მანეთიანი საათები და იმხანად მოდური იაპონური რადიომიმღებიც გვისახსოვრეს.
…ედუარდ შევარდნაძე ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. როცა ჩვენ შეგვხვდა, მითხრა: ჩემპიონი ხარ, პარტიის წევრიც გახდი, აბა, შენ იცი, აწი ბურთი უკეთ უნდა დაიჭიროო.
…1965 წელს ტიტული ვერ დავიცავით: ჩემპიონობის შემდეგ სეზონისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ – დიდი დრო შევალიეთ სუფრებს და წვეულებებს… ერთ კაი ფილმში რომაა: გაუთავებელი შეხვედრები და ბანკეტები, ხომ გახსოვთ? ზუსტად ასე იყო ჩვენი ამბავი. რაღაცნაირად, მძიმედ ვთამაშობდით. თან, არ დაგავიწყდეთ მეტოქეების განწყობა – ჩვენთან ყველა გაათმაგებული ენერგიით თამაშობდა – ყველას სურდა ჩემპიონის დამარცხება!
…დინამო ძალიან მეგობრული გუნდი იყო – ბიჭებს ჩინებული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. თუ მეტოქეებს გავიხსენებ, დადებითად მაგონდება კიეველებთან და მოსკოვის ტორპედოელებთან ურთიერთობა. რაც შეეხება ყველაზე უსიამოვნო მოწინააღმდეგეს, ასეთი, ვფიქრობ, კუიბიშეველები იყვნენ – კრილია სოვეტოვის მოთამაშეები უხეშობით გამოირჩეოდნენ, მეჩვენებოდა, თითქოს ამ კლუბის მცველები მიშა მესხს ცელით დასდევდნენ.
…1970 წელს გუნდიდან წასვლა რომ გადავწყვიტე, ჩვენმა მაშინდელმა მწვრთნელმა და დიდი ხნის მეგობარმა გივი ჩოხელმა მითხრა, შენზე უკეთესს ვერავის ვთხოვ, ერთი კარგი მეკარე უნდა მომიძებნოო. თემურ სტეფანია ვურჩიე, საოცარი მონაცემების ბიჭი. მას ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ 20 წლისა ავტოავარიას შეეწირა.
…ჩემი დადებითი თვისება? სისწრაფე! კარიდან გამოსვლისას, ჩაწოდებაზე თამაშის დროს ან თავდამსხმელების ფეხებში ვარდნისას სისწრაფე ყოველთვის მეხმარებოდა.
…მეკარეებს ცალკე მწვრთნელი არ გვყავდა, დღეს კი გოლკიპერებს ცალკე ვავარჯიშებთ. მე თუ მკითხავთ, მეკარეების მწვრთნელი ძალიან ყურადღებიანი და კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. გაგონილი გექნებათ: თავდამსხმელისგან განსხვავებით, მეკარის შეცდომა გოლიაო. ამიტომ, კარის დარაჯებთან სხვანაირი ურთიერთობაა საჭირო. ერთი შეცდომის გამო მეკარეს რომ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებ, დიდი შანსია მან თავდაჯერებულობა დაკარგოს. თუ მეკარეს ენდობი, ბოლომდე უნდა ენდო – კითხვის ნიშნები ასეთ დროს უადგილოა. ისე, უნდა ვთქვა, რომ დღეს მეკარეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ დროს. მეკარეთა მწვრთნელები ალბათ, ამიტომაც გახდნენ აუცილებელნი.
…70 წლის იუბილე მოკრძალებულად აღვნიშნე – უნივერსიტეტის მეგობრების და რამდენიმე თანაგუნდელის გარემოცვაში. სახლის კარს რომ შევაღებ, დიდ სიცარიელეს ვგრძნობ და რამდენჯერ მიფიქრია, ღირდა კი ჩემი ცხოვრება ამდენ ტკივილად? ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მემღერება და არ მეცეკვება. ახლა მხოლოდ ფეხბურთით ვცხოვრობ და რომ არა ფეხბურთი, ყველაფერი ძალიან მძიმე იქნებოდა.
სერგო კოტრიკაძე
დაიბადა 1936 წლის 9 აგვისტოს თბილისში. გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში
1957-67, 1970 წლებში თბილისის დინამოს, 1968-69 წლებში ქუთაისის ტორპედოს მეკარე
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1964; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1959, 1962, 1967; სსრკ საუკეთესო მეკარე (ჟურნალი ოგონიოკი) – 1962; სსრკ სპორტის ოსტატი – 1964; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1969; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 4-ჯერ მოხვდა: #3 – 1960, 1961, 1962, 1963; საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მეკარე – 1998; ღირსების ორდენი
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 2 მატჩი (1963)
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge