ბორის პაიჭაძე – 100: იუბილე რუსთაველის თეატრში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 3 თებერვალს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა.

საზეიმო საღამოს ვეტერანი გულშემატკივრები, მთავრობის, პარლამენტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის და ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები, ასევე ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საღამოს ბრწყინვალედ გაუძღვა სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში დაბრუნებული მსახიობი რევაზ ჩხიკვიშვილი, რომელმაც ფეხბურთელის დღიურის მიხედვით, ბატონი ბორისის ცხოვრებიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა. ნატო მეტონიძემ, ეკა მამალაძემ და ანსამბლმა დიელომ კი თავიანთი შემოქმედებით დაამშვენეს იუბილე.

„პირველი მერცხალი“, „ბორის პაიჭაძე“, „ქართული ფეხბურთი“ – სტუმრებმა ამ ფილმებიდან ნაწყვეტები იხილეს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ და რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა კი ლეგენდარულ ფეხბურთელზე ისაუბრეს.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საუკუნოვანი იუბილესადმი წიგნი „ბორის პაიჭაძე – 100“ გამოიცა, რომელიც გუშინდელი საღამოს ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა.

„წილად მხვდა ბედნიერება პირადად გამეცნო ეს ლეგენდარული ფეხბურთელი და საოცრად თბილი ადამიანი. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ბატონი ბორისი არამარტო საუკეთესო ფეხბურთელი, ზოგადად, ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი სპორტსმენია! მიხარია, რომ ბატონი ბორისის იუბილე ასე ლამაზად აღინიშნება. გულშემატკივართა ახალმა თაობამ, რომელსაც მწვანე მინდორზე არ უხილავს ტყავის ბურთის ეს ოსტატი, კარგად უნდა იცოდეს, თუ ვის ემყარება ჩვენი ფეხბურთის საამაყო ისტორია. დარწმუნებული ვარ, ასეთი საღამოები და იუბილეები ამ საქმეს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

ბორის პაიჭაძე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საიუბილეო საღამოს მასპინძელი რევაზ ჩხიკვიშვილი

სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, წლის მანძილზე გამოიცემა ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, ხოლო 11 თებერვალს ფეხბურთელის 100 წლის იუბილე ქალაქ ფოთში აღინიშნება.

გუშინვე აღნიშნა იუბილე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. რუსთავში მშენებარე საფეხბურთო აკადემიას ბატონი ბორისის სახელი მიენიჭა, ხოლო მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრ მუზაში ოთარ გაგუას და დემიკო ლოლაძის ერთობლივი წიგნის – „ბორის პაიჭაძე“ – პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ამიერიდან ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება.

ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ოჭინკეთში დაიბადა.

1936-51 წლებში ის თბილისის დინამოს თავდამსხმელი გახლდათ, 1953-54 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

1939 და 1940 წლებში ბორის პაიჭაძე სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის, 1936, 1946 და 1947 წლებში კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. თბილისის დინამოს მაისურით 3-ჯერ ითამაშა საკავშირო თასის ფინალში.

1944 წელს ბორის პაიჭაძეს სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა, 1941 წელს ღირსების, ხოლო 1957 წელს შრომის წითელი დროშის ორდენებით დაჯილდოვდა.

ლეგენდარული ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა, ხოლო 2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 4 თებერვალი)
ფოტო: www.msy.gov.ge

ka_GEGeorgian