სამხრეთი აფრიკა 2010: ნაადრევი დამშვიდობება ფინალისტებთან

მსოფლიოს ჩემპიონი იტალია და ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი უდიდეს საფეხბურთო ტურნირს გამოეთიშნენ!
გერმანია 2006-ის ფინალისტებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს – ორივე ბოლო ადგილზე გავიდა! მარჩელო ლიპიმ და რაიმონ დომენეკმა, რომლებიც 4 წლის წინაც ხელმძღვანელობდნენ გუნდებს, სანაკრებო კარიერა სამარცხვინოდ დაასრულეს.

სკუადრა აძურა, პირველ ორ შეხვედრაში მოპოვებული ამდენივე ქულის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ სლოვაკეთთან მოულოდნელად 2:3 დამარცხდა. იტალიელებს 1/8-ფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ…

საფრანგეთის ნაკრებმა კი ჯგუფში 3-დან 2 მატჩი წააგო, ერთადერთი გოლი გაიტანა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

ფრანგთა შედეგი მოულოდნელი, მაგრამ, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო: ერთი მხრივ რჩეული ფეხბურთელები, უდიდესი გამოცდილება და შესანიშნავად ორგანიზებული ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრება, მეორე მხრივ კი უსიამოვნო სიტუაცია გუნდში და მიუღებელი შედეგები ამხანაგურ მატჩებში.

უარყოფითმა გადაწონა: I ტურში, ურუგვაისთან უფერული თამაშის შემდეგ, რაიმონ დომენეკის გუნდი მექსიკასთან დამარცხდა და… დაიწყო: ნიკოლა ანელკამ დომენეკს შეაგინა; მწვრთნელმა ავყია ფორვარდი გუნდიდან გააგდო; კაპიტანმა პატრის ევრამ, აქაოდა ეს ამბავი გუნდს არ უნდა გასცდენოდაო, ორი ვარჯიში ჩაშალა; ფიზმომზადების მწვრთნელმა, თქვენთან მუშაობა აუტანელიაო და შეკრება დატოვა…

10 დღეში განვითარებული ეს მოვლენები მასპინძლებთან უკანასკნელ ტურში სამარცხვინოდ და ალბათ, ლოგიკურად დასრულდა: ფრანგები სამხრეთაფრიკელებთან 1:2 დამარცხდნენ, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ, დომენეკმა კი მატჩის შემდეგ საყოველთაოდ მიღებული ეტიკეტი დაარღვია და მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს, კარლოს ალბერტო პარეირას ხელი არ ჩამოართვა.

ის, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ ზემოხსენებული ფაქტები არაა, ვფიქრობთ, ცხადია.

ფრანგული სპორტული პრესა არასდროს მალავდა, რომ დომენეკი მოთამაშეების პატივისცემით ვერ სარგებლობდა და მისი დანიშვნა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შეცდომა იყო. რაც შეეხება 4 წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგების გასვლას, ჟურნალისტები იმ წარმატებას გენიოსი ზინედინ ზიდანის შეუდარებელი თამაშის შედეგს უწოდებდნენ.

ზიდანის წასვლის შემდეგ, ევრო 2008-ზე საფრანგეთი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. როგორც ახლა, მაშინაც მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა და ერთი ქულა მოიპოვა.

მაშინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელი არ დაითხოვა. სპეციალისტების და გულშემატკივრების წინააღმდეგობის მიუხედავად, დომენეკს 2 წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ფრანგებმა II ადგილი დაიკავეს, ფლეი-ოფში კი ირლანდიას ტიერი ანრის ხელით და მსაჯის დახმარებით სძლიეს, სამხრეთ აფრიკაში კი…

სახელმწიფო სკანდალი – ასე დაასათაურა ეკიპმა ნაკრებისადმი მიძღვნილი წერილი.

ფრანგები შინ 24 ივნისს დაბრუნდნენ, ტიერი ანრი კი იმავე დღეს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

თუმცა, მთავარი ახლა ისაა, რომ 1 ივლისიდან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება: ლორან ბლანი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი.

P.S. იტალია გახდა მსოფლიოს მეორე ჩემპიონი, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. პირველი საფრანგეთი იყო: 2002 წელს, კორეა-იაპონიაში ფრანგები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ…

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 28 ივნისი-4 ივლისი)

ka_GEGeorgian