რიო 2016: 18 აგვისტო
16 აგვისტოს საქართველოს გუნდმა 3 მედალი მოიპოვა, დღეს კი დიდი შანსია ჩვენი ოლიმპიელების აქტივს კიდევ ერთი ჯილდო შეემატოს: კანოისტი ზაზა ნადირაძე 200 მეტრზე სპრინტში ფინალშია! მედალოსნები თბილისის დროით 16:25 საათზე გამოვლინდებიან.
17 აგვისტოს ზაზამ საკვალიფიკაციო და ნახევარფინალურ ეტაპში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ნიჩბოსანმა პირველი სტარტი 41.42 წამით მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა ეს შედეგი 21 ნახევარფინალისტს შორის მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. იქ კი ზაზა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო – 40.14 წამით მე-3 ნახევარფინალი მოიგო, ფინალში გასულ 7 ნიჩბოსანს შორის კი მე-4 შედეგი უჩვენა!
დღევანდელი ფინალის წინ ფავორიტი ბრაზილიელი ისაკიაშ კეირუშ დუშ სანტუშია. მან ერთადერთმა შეძლო ნახევარფინალში დისტანციის 40 წამზე ნაკლებ დროში გავლა – 39.65 წამი. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ფინალთან წინა ეტაპზე ნაჩვენებ დროს კავშირი არ აქვს – მედალი თავისუფლად შეიძლება მოიგოს მან, ვინც ნახევარფინალში ყველაზე „ნელი“ იყო.
თუ ზაზამ მედალი მოიპოვა, არ გადავაჭარბებ – ნამდვილი სასწაული იქნება! ნადირაძე რომ რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობს, ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგია და მედალი? თუმცა, მოვლენებს წინასწარ არ გავუსწრებ, ჩვენ სპორტსმენს მხოლოდ გამარჯვებას და ოლიმპიურ მედალს ვუსურვებ, მოსალოდნელი წარმატების მნიშვნელობის კარგად გასააზრებლად კი მშრალ ფაქტს მოვიშველიებ: ვიქტორ კრატასიუკის შემდეგ ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელიც ოლიმპიადაზე მონაწილეობს. ფოთელმა სპორტსმენმა 1972 წელს, მიუნხენში ორადგილიანი ბაიდარით (კაიაკი) მოიგო ოქროს მედალი.
ერთი სიტყვით, ჩვენთვის დღეს დიდი ამბავი შეიძლება მოხდეს!
ოლიმპიადა კი გრძელდება და როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ. რიოს დღიურების მორიგ ვწერ და ჯერ სპორტის გუნდურ სახეობებზე არაფერი მითქვამს, ამიტომ დღევანდელი წერილის დარჩენილ ნაწილს მათ დავუთმობ, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა სახეობაში მედლების პრეტენდენტები გამოიკვეთნენ.
ფეხბურთით დავიწყებ, უფრო კონკრეტულად კი ვაჟ ფეხბურთელთა ტურნირით, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ: ოლიმპიადის მასპინძელმა ბრაზილიამ ნახევარფინალში ჰონდურასს ჩაუტარა გაკვეთილი – 6:0, გერმანიამ კი ნიგერიის ტრადიციულად ძლიერ ოლიმპიურ გუნდს სძლია – 2:0. ფინალი 20 აგვისტოს, მარაკანაზე შედგება.
სპორტის მეფე – ფეხბურთი 1900 წლიდან უცვლელადაა ოლიმპიადის პროგრამაში (მხოლოდ 1932 წელს, ლოს ანჯელესში არ გათამაშდა მედლები), ბრაზილია კი, უფრო კონკრეტულად ამ ქვეყნის ვაჟთა გუნდი, ამაოდ ცდილობს ოლიმპიური ოქროს მოგებას. ბრაზილიელებმა 5-ჯერ მოიგეს ფიფას ოქროს თასი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი – უფრო მეტჯერ, ასაკობრივ ნაკრებთა ტრიუმფებს თვლა არ აქვს, ისინი უძლიერესნი არიან ფუტსალსა და პლაჟის ფეხბურთში, მაგრამ ოლიმპიური ოქრო ვაჟთა გუნდისთვის კვლავ საოცნებოა.
სელესაო მეოთხედაა ოლიმპიადის ფინალში. 1984 წელს, ლოს ანჯელესში, ბრაზილია საფრანგეთთან დამარცხდა – 0:2. 4 წლის შემდეგ, სეულში, სამხრეთამერიკელებს ანატოლი ბიშოვეცის გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა გუნდმა აჯობა – 2:1. იმ ნაკრებში თბილისის დინამოელი გელა კეტაშვილიც თამაშობდა, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში. ფინალში გელამ ბრწყინვალე რომარიოს წინააღმდეგ პერსონალურად ითამაშა… 2012 წელს, ლონდონში ბრაზილია კიდევ ერთხელ გავიდა ფინალში, ოქროს მთავარ კანდიდატადაც ითვლებოდა, მაგრამ მექსიკასთან 1:2 დამარცხდა. 3 ვერცხლის გარდა ბრაზილიას 2 ბრინჯაოც აქვს, 1996 და 2008 წლებში, მაგრამ ოქრო – ჯერ არა.
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ ოლიმპიური ტრიუმფისთვის მზადება რიო 2016-ის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაისში გაირკვა, რომ ბარსელონის სუპერვარსკვლავი ნეიმარი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს – კოპა სენტენარიო – გამოტოვებდა, სამაგიეროდ გუნდს რიოში დაეხმარებოდა. ლონდონი 2012-ის ვიცე-ჩემპიონის დამატება ნაკრებს ძალიან წაადგა. ყოველ შემთხვევაში გუნდის შედეგები ამაზე მიუთითებს: საწყის 2 შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკასთან და ერაყთან უგოლო ფრეს შემდეგ, ბრაზილიელებმა დანია დაჩაგრეს – 4:0, 1/4-ფინალში კოლუმბიას აჯობეს – 2:0, 1/2-ფინალში კი ჰონდურასი არ დაინდეს – 6:0. ნეიმარმა კოლუმბიელებთან და ჰონდურასელებთან გამოიჩინა თავი. და საერთოდ: ბრაზილია ერთადერთია, რომელსაც ამ ოლიმპიადაზე გოლი არ გაუშვია!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საფეხბურთო ფინალს ბრაზილიელები მოუთმენლად ელიან. მით უმეტეს ქალთა ნაკრების მარცხის შემდეგ: ლეგენდარული მარტა და კომპანია ოქროსთვის კი იბრძოდა, მაგრამ ნახევარფინალში შვედეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა, გუნდთან, რომელსაც ჯგუფში 5:1 სძლია. სკანდინავიელებმა მასპინძლებამდე ზედიზედ 3 ოლიმპიადის მომგები ამერიკის ნაკრები დაიფრინეს – მათაც პენალტებში აჯობეს! ქალთა ტურნირის ფინალში შვედები გერმანელებს დაუპირისპირდებიან, სიდნეის, ათენის და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნებს.
კალათბურთელთა ტურნირში ოქროს მედლის მფლობელები, როგორც წინა ოლიმპიადებზე, ახლაც თამაშების გახსნამდე იყო ცნობილი – ამერიკელები ორივეგან უძლიერესნი არიან. გასარკვევი მხოლოდ მე-2 და მე-3 ადგილოსნებია.
კევინ დურანტი, დეანდრე ჯორდანი, კაილი ლოური, კაირი ირვინგი, კლეი ტომპსონი, დემარკუს კაზენსი, პოლ ჯორჯი, კარმელო ენტონი – ისინი მშვენიერი კალათბურთელები არიან, NBA-ის თანამედროვე ვარსკვლავები, მაგრამ მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ძნელია ამერიკის ამ ნაკრებს ოცნების გუნდი უწოდო. თუნდაც იმიტომ, რომ მაიკ კრჟიჟევსკის ნაკრებში არ არიან NBA-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე სტეფ კარი და წლევანდელი სუპერფინალის პირადად მომგები, ზღაპრული ლებრონ ჯეიმსი.
მიუხედავად ასეთი ვარსკვლავების არყოფნისა, ამერიკა მაინც ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეებზე და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 1/4-ფინალში, არგენტინის მართლა მშვენიერ გუნდთან. ბოლომდე იბრძოლეს მანუ ჯინობილიმ, კარლოს დელფინომ, ანდრეს ნოჩიონიმ, გუნდის კაპიტანმა და არგენტინელთა მედროშე ლუის სკოლამ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არააო, ხომ გაგიგიათ?
78:105!
აქვე NBA-ის ვარსკვლავთა კრებულის წინა მატჩების ანგარიშებსაც შეგახსენებეთ – 119:62 ჩინეთთან, 113:69 ლიეტუვასთან, 98:88 ავსტრალიასთან, 94:91 სერბეთთან, 100:97 საფრანგეთთან.
ბარემ გეტყვით, რომ არგენტინა ბოლო გუნდია, რომელმაც ამერიკელებს ოლიმპიადაზე მოუგო. ეს 2004 წელს, ათენში მოხდა – სამხრეთელებმა ჩრდილოელებს ნახევარფინალში აჯობეს – 89:81.
ხვალ, 1/2-ფინალში კრჟიჟევსკის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელსაც NBA-ის ორგზის ჩემპიონი, ახლახანს სან-ანტონიო სფერზში გადასული ცენტრი პო გასოლი მიუძღვის ოქროსკენ. ესპანელებმა 1/4-ფინალში ფრანგები გაანადგურეს – 92:67. მეორე ნახევარფინალიც ძალიან საინტერესო იქნება: ავსტრალია სერბეთის წინააღმდეგ.
კალათბურთელების თემას ერთი სტატისტიკური ცნობით დავასრულებ: თუ ამერიკის ვაჟთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიგო, ეს ამ გუნდის მე-15 ოლიმპიური ტრიუმფი იქნება! და ასევე გუნდური ტურნირების ოლიმპიური რეკორდი.
ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ფრენბურთელთა შეჯიბრიც, სადაც ბრაზილიელები ორივეგან მთავარი ფავორიტები იყვნენ. შეგახსენებთ: ლონდონში გოგონებმა ოქროს მედალი მოიგეს, ვაჟები კი დრამატულ ფინალში დამარცხდნენ რუსეთთან.
რიოში ბრაზილიის გოგონათა ნაკრებმა უკვე „მოახერხა“ და დაასრულა ასპარეზობა. ჯგუფში ყველა, ხუთივე თამაშის მომგები გუნდი 1/4-ფინალში ჩინეთთან 2:3 დამარცხდა. რაც შეეხება ვაჟებს, ისინი ნახევარფინალში არიან. მეტოქე ისევ რუსეთია. ვერაფერს იტყვი – მშვენიერი შანსია რევანშისთვის.
ვაჟ ფრენბურთელთა ტურნირის მეორე ნახევარფინალში კიდევ ორ, ძალიან კარგ გუნდს ვიხილავთ – იტალიას და ამერიკას. გოგონებს შორის ბრაზილიის მძლეველი ჩინეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, სერბეთი – ამერიკას.
ხელბურთის მოყვარულებსაც მშვენიერი ნახევარფინალები ელით. ვაჟთა შორის პეკინის და ლონდონის ოლიმპიადის მომგები საფრანგეთი ევროპის მოქმედ ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება, პოლონეთი – მშვენიერ დანიას. თუ საფრანგეთმა ოქროს მედალი მოიგო, ოლიმპიურ რეკორდს დაამყარებს – არავის მოუგია თამაშები ზედიზედ 3-ჯერ! ფრანგები ქალთა შორისაც ნახევარფინალში არიან. მათი მეტოქე ნიდერლანდებია, მეორე ფინალისტი კი ნორვეგიისა და რუსეთის დაპირისპირებაში გამოვლინდება.
დღევანდელ წერილს ველოსპორტით დავასრულებ. ველომრბოლთა შეჯიბრის უკანასკნელ დღეს ბრიტანელმა სპრინტერმა ჯეისონ კინიმ კეირინში მოიგო ოქრო და სპორტის ამ სახეობის ლეგენდას, 6-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, სერ კრის ჰოის გაუტოლდა! 28 წლის კინიმ პირველი ოლიმპიური ოქრო პეკინში მოიგო, ლონდონში ორჯერ გაიმარჯვა, რიოში კი ოქროს მედლები „გაასამა“.
კინის ბოლო ტრიუმფი კიდევ ერთი მიზეზით იყო მნიშვნელოვანი – რბოლის დასრულებისთანავე დაოჯახება გადაწყვიტა! 6-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გულისსწორს ხელი იქვე, დარბაზში სთხოვა – მისი რჩეული თანაგუნდელი, რიო 2016-ის 2-გზის ოქროსმედალოსანი ლაურა ტროტია (24 წლის გოგონამ ლონდონშიც 2 ოქრო მოიგო).
ვერაფერს იტყვი, დიდებული ოჯახი იქნება… 10 ოლიმპიური ოქროთი!
პატარა ქართული სასწაულის იმედად, ხვალამდე!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 18 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016
მედალოსნები: 17 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – 470
1.შიმე ფანტელა და იგორ მარენიჩი (ხორვატია)
2.მეთიუ ბელჩერი და უილიამ რაიანი (ავსტრალია)
3.პანაგიოტის მანტისი და პავლოს კაგიალისი (საბერძნეთი)
გოგონები – 470
1.ჰანა მილსი და სასკია კლარკი (დიდი ბრიტანეთი)
2.ჯო ალე და პოლი პოური (ახალი ზელანდია)
3.კამილ ლეკოინტი და ელენ დეფრანსი (საფრანგეთი)
ბადმინტონი
შერეული წყვილები
1.ტონტოვი აჰმადი და ლილიანა ნაცირი (ინდონეზია)
2.ჩან პენ სონი და გო ლიუ იუინი (მალაიზია)
3.ჟან ნანი და ჟაო იუინლეი (ჩინეთი)
თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები – 48კგ
1.ერი ტოსაკა (იაპონია)
2.მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი)
3.სუნ იანანი (ჩინეთი) და ელიცა იანკოვა (ბულგარეთი)
გოგონები – 58კგ
1.კაორი იჩო (იაპონია)
2.ვალერია კობლევა (რუსეთი)
3.მარვა ამრი (ტუნისი) და საკში მალიკი (ინდოეთი)
გოგონები – 69კგ
1.სარა დოშო (იაპონია)
2.ნატალია ვორობიევა (რუსეთი)
3.ელვირა სუზდიკოვა (ყაზახეთი) და ჯენი ფრენსონი (შვედეთი)
კრივი
ვაჟები – 69კგ
1.დანიარ იუელეუსინოვი (ყაზახეთი)
2.შახრამ გიასოვი (უზბეკეთი)
3.მოჰამედ რაბიი (მაროკო) და სულეიმანე სისოხო (საფრანგეთი)
მაგიდის ჩოგბურთი
ვაჟები – გუნდური
1.ჩინეთი (შუ შინი, ჟან ჯიკე, მა ლონი)
2.იაპონია (კოკი ნივა, ჯუნ მიზუტანი, მაჰარუ იოშიმურა)
3.გერმანია (ტიმო ბოლი, დმიტრი ოვჩაროვი, ბასტიან სტეგერი)
მძლეოსნობა
ვაჟები – 3 000მ წინაღობებით
1.კოსნესლუს კიპრუტო (კენია) – 8:03.28წთ
2.ივენ ჯეგერი (აშშ) – 8:04.28წთ
3.მაიდინე მეხისი-ბენაბადი (საფრანგეთი) – 8:11.52წთ
გოგონები – 200მ
1.ელეინ თომპსონი (იამაიკა) – 21.78წმ
2.დაფნე სხიპერსი (ნიდერლანდები) – 21.88წმ
3.ტორი ბოუი (აშშ) – 22.15წმ
გოგონები – 100მ თარჯრბენი
1.ბრიანა როლინსი (აშშ) – 12.48წმ
2.ნია ალი (აშშ) – 12.59წმ
3.კრისტი კესტლინი (აშშ) – 12.61წმ
გოგონები – სიგრძეზე ხტომა
1.ტიანა ბარტოლეტა (აშშ) – 7.17მ
2.ბრიტნი რიისი (აშშ) – 7.15მ
3.ივანა შპანოვიჩი (სერბეთი) – 7.08მ
პლაჟის ფრენბურთი
გოგონები
1.ლაურა ლუდვიგი და კირა ვალკენჰორსტი (გერმანია)
2.აგათა ბენდარჩუკი და ბარბარა სეიშასი (ბრაზილია)
3.ეიპრილ როსი და კერი უოლშ ჯენინგსი (აშშ)
ტაეკვონდო
ვაჟები – 58კგ
1.ჟაო შუაი (ჩინეთი)
2.ტავინ ჰანპრაბი (ტაილანდი)
3.ლუისიტო პიე (დომინიკის რესპუბლიკა) და კიმ ტაე-ჰუნი (სამხრეთი კორეა)
გოგონები – 49კგ
1.კიმ სო-ჰუი (სამხრეთი კორეა)
2.ტიანა ბოგდანოვიჩი (სერბეთი)
3.ფატიმატ აბაკაროვა (აზერბაიჯანი) და პანიპაკ ვონგპატანაკიტი (ტაილანდი)
ცხენოსნობა
გუნდური კონკური
1.საფრანგეთი (ფილიპ როზიე, კევინ სტოტი, როჟე-ივ ბოსტი, პენელოპე ლეპრევოსტი)
2.აშშ (კენტ ფერინგტონი, ლუსი დეივისი, მაკლეინ უარდი, ელიზაბეტ მადენი)
2.გერმანია (დანიელ დოსერი, მერედით მიხაელს-ბეერბაუმი, ლუდგერ ბეერბაუმი, ქრისტიან ალმანი)