2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს!

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში გაიმართება! ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ ფიდეს კონგრესზე საქართველოს ზღვისპირა კურორტმა 93 ხმა მიიღო, დურბანს (სამხრეთი აფრიკა) კი 53-მა დაუჭირა მხარი!

კონგრესის მონაწილეებს ბათუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ტრომსიოში ევროპის საჭადრაკო კავშირის პეზიდენტად არჩეულმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა წარუდგინეს. ასევე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

„აჭარა არაერთხელ იყო მსოფლიო დონის საჭადრაკო ტურნირების მასპინძელი. დღეს საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქი ბათუმი მორიგი სტუმრების მოლოდინშია. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უნიკალური არქიტექტურა, ულამაზესი სანაპირო, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სიმრავლე, საერთაშორისო დონის საკონფერენციო დარბაზებიყველაფერი ეს დიდი და მასშტაბური საჭადრაკო ზეიმის გამართვის წინაპირობაა. საქართველო დიდი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს! 170 ქვეყნის წარმომადგენლებს ჭადრაკის დედოფლები თავიანთ სამშობლოში ელოდებიან“! – განაცხადა ლევან ყიფიანმა ბათუმის პრეზენტაციისას.

ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას პირველად უმასპინძლებს, თუმცა ქალაქს უმაღლესი დონის შეჯიბრების მიღების კარგი გამოცდილება აქვს: განვლილ წლებში ბათუმში გაიმართა ევროპის I ჩემპიონატი ქალთა შორის, I ინტერკონტინენტალური მატჩი ევროპასა და აზიას შორის, კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჭადრაკში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი…

ბათუმის ოლიმპიადა რიგით 43-ე იქნება, ორი წლით ადრე კი, 2016 წელს, ყველაზე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 42-ედ ჩატარდება.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 14 აგვისტო)

ka_GEGeorgian