კრიშტიანუ რონალდუ ევროთასების საუკეთესო ბომბარდირია
მადრიდის რეალის პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 78 გოლით ევროპის საკლუბო ტურნირების ერთპიროვნული ბომბარდირია! ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალში მან 2 გოლი შეაგდო და რაულს ერთი ბურთით გაასწრო.
გუშინ, 10 მარტს რეალი გელზენკირხენის შალკე 04-თან შინ 3:4 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და 1/4-ფინალში გავიდა. სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მატჩში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა: პირველი ბურთით რაულს გაუთანაბრდა, მეორეთი კი ახალი რეკორდი დაამყარა.
„ის გოლების გატანისთვისაა დაბადებული! რონალდუ სრულყოფილი ათლეტია და ბედნიერი ვარ, რომ აქ თამაშობს. მისნაირ თავდამსხმელს ყველა მწვრთნელი ინატრებდა“! – განაცხადა რეალის იტალიელმა მესაჭემ კარლო ანჩელოტიმ.
გარდა იმისა, რომ რონალდუ ევროპის საკლუბო ტურნირების საუკეთესო გოლეადორი გახდა, ის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირს, ლეო მესის გაუთანაბრდა – ორი სუპერვარსკვლავის აქტივში ახლა 75-75 გოლია (ჯგუფური ეტაპიდან ფინალის ჩათვლით). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელმა 75 გოლი 93 მატჩში გაიტანა, პორტუგალიელს კი საამისოდ 110 შეხვედრა დასჭირდა.
ცნობისათვის: ლიგის ბომბარდირის ტიტულს 2007-08 წლების სეზონიდან მხოლოდ რონალდუ და მესი იგებენ. რეალის ლიდერმა ყველაზე მეტი გოლი 2007-08, 2012-13 და 2013-14 წლების სეზონში გაიტანა, ბარსას სუპერვარსკვლავმა კი 2008-09 სეზონიდან 2011-12 წლების სეზონის ჩათვლით, ზედიზედ 4-ჯერ!
და ბოლოს: სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის აქტივში ლიგაზე შეგდებული 8 გოლია და ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ევროთასების 5 საუკეთესო ბომბარდირი
78 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)
(ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; მადრიდის რეალი, ესპანეთი)
77 – რაული (ესპანეთი)
(მადრიდის რეალი, ესპანეთი)
76 – ლეო მესი (არგენტინა)
(ბარსელონა, ესპანეთი)
70 – ფილიპო ინძაგი (იტალია)
(პარმა, იტალია; ტურინის იუვენტუსი, იტალია; მილანი, იტალია)
67 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
(კიევის დინამო, უკრაინა; მილანი, იტალია; ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
ჩემპიონთა ლიგის 3 საუკეთესო ბომბარდირი
75 – კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი
71 – რაული
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 11 მარტი)