ხელბურთი: ნორვეგიის ნაკრები თითქმის ჩემპიონია
ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის III შესარჩევი ჯგუფის მეორე დღე ნორვეგიის და ლიეტუვის ნაკრებთა მატჩით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საწყის ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა: სკანდინავიელებმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთით სძლიეს ნიდერლანდელებს, ბალტიისპირელებმა კი საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობით აჯობეს.
დღევანდელი შეხვედრის პირველი 30 წუთი ლიეტუველთა აქტიურობით დაიწყო – აუკსუოლე სტროპიენეს გუნდი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ნორვეგიამ მალევე მოახერხა წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა. ჯგუფის ფავორიტმა თამაშში გარდატეხა მეკარის კარგი თამაშის წყალობით შეიტანა – ელინა ფაგერჰაიმმა ლინ ელერშტენი 3-ჯერ დატოვა მეკარესთან პირისპირ და ნაკრების ბომბარდირიც ყველა შემთხვევაში ზუსტი იყო. სათქმელია ისიც, რომ სკანდინავიელებმა საიმედოდ ითამაშეს დაცვაში: ლიეტუვის ნაკრების ლიდერებმა, ტყუპმა დებმა რობერტა და ბრიგიტა ივანაუსკაიტეებმა სრულად ვერ გამოავლინეს შესაძლებლობები, მე-7 ნომრით მოასპარეზე ბრიგიტა კი მწვრთნელმა ტაიმის შუაში შეცვალა კიდეც. ნორვეგიელთაგან ბრწყინვალე იყო ხსენებული მე-8 ნომერი ლინ ელერშტენი – მან პირველ ნახევარ საათში ზუსტად იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც მთლიანად ლიეტუვის ნაკრებმა – 10.
შესვენების შემდეგ ნორვეგიელები ხშირად ცვლიდნენ შემადგენლობას, ელერშტენმაც პირველი 3 წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა ამის მიუხედავად, სკანდინავიელებს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. ჩინებულად ჩაერთო თამაშში ტანმაღალი მე-20 ნომერი ანა ქრისტენსენ მათიასენი, რომელმაც ორი ეფექტური გოლი გაიტანა, ასევე 22-ე ნომერი ანა ჰოვლამი და მე-14 ნომრით მოთამაშე ჰერმინა მოცფელტ ალბერგი, ვისი შეჩერებაც ლიეტუველებმა ვერ შეძლეს.
ამ გამარჯვების წყალობით ნორვეგია ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ლიეტუვამ კი უკანასკნელ ტურში რთული ამოცანა უნდა გადაჭრას: საკმაოდ ძლიერი ნიდერლანდების დამარცხება სჭირდება, გუნდისა, რომელმაც დღეს პირველი გამარჯვება იზეიმა როლანდ ერაძის გაწვრთნილ ჩვენს 17-წლამდელებთან.
საქართველოსთან შეხვედრა სტუმრებმა სათადარიგო შემადგენლობით დაიწყეს, თუმცა ამას გუნდის შედეგიანობაზე არ უმოქმედია: ლაურა ზელდენფიელსმა (#18), დიონ ჰაუსჰირმა (#8) და შერონ ნოითმიერმა (#9) შესანიშნავად ითამაშეს და ნარინჯისფერთა 10-ბურთიანი უპირატესობა განაპირობეს. რაც შეეხება საქართველოს, გამოსარჩევია მეკარის, ქრისტინე ჯავახიას კარგი თამაში, რომელმაც არაერთხელ მოიგერია სახიფათო დარტყმა. საწყის წუთებში ასევე კარგი იყო მედეა ჩოხელი (#17), ვინც პირველ ტურში ლიეტუვასთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეფექტური ბურთი შეაგდო ქეთი კუნელაშვილმა (#29). პირველ ტურში უხეში თამაში გამო ის ნაადრევად დააკლდა გუნდს.
მეორე ტაიმში ჩვენი გოგონები ხშირად ცდებოდნენ, შეტევის დაგვირგვინებას აგვიანებდნენ, ლიდერებით მოთამაშე ნიდერლანდებმა კი უპირატესობა გაზარდა. განსაკუთრებით გამოირჩა მე-20 ნომრით მოთამაშე მირელ ფრირიკსი, რომლის წინააღმდეგ თამაში ერაძის გუნდს ძალიან გაუჭირდა. პირველი ტურის დარად, ძალიან სახიფათო იყო მარიელ ბეუხოლსი (#16), რომელიც შეცვლაზე შევიდა, მაგრამ „თავისი“ გოლები მაინც გაიტანა. საბოლოოდ 43:22 ნიდერლანდების ნაკრების სასარგებლოდ.
ხვალ შესარჩევი ჯგუფის უკანასკნელი ტური გაიმართება: პირველადგილოსანი ნორვეგია ჩვენს გოგოებს გაეჯიბრება, ნიდერლანდების და ლიეტუვის ნაკრებთა შეხვედრაში კი მე-2 ადგილოსანი გამოვლინდება.
21 მარტი, 2015. ევრო 2015 – შესარჩევი მატჩი, III ჯგუფი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 300
ნორვეგია 38:26 (19:10) ლიეტუვა
ნორვეგია: 16.ელინა ფაგერჰაიმი (მეკარე) – 2.მარტე ნიგარდ პედერსენი (2), 4.მარი ფინსტად ბერგუმი (1), 8.ლინ ელერშტენი (10), 9.ჰედა კლაიბერგ ზომე (3), 13.ანა ჰიუსე (2), 15.სტინა სელინა სტრენგენელსი (1); 1.რაკელ გორა ალვერნი (მეკარე), 6.სინე ფუსჰაიმი (3), 7.გიურუ ნესტაკერი, 10.იულია ბოე იაკობსენი (8), 14.ჰერმინა მოცფელტ ალბერგი (1), 17.კაროლინ ოლსენი, 20.ანა ქრისტენსენ მათიასენი (3), 22.ანა ჰოვლამი (4), 23.მარიან გაბრიელსენი
მთავარი მწვრთნელი: ვიგდის ჰოლმესეტი
გაფრთხილება: 15.სტინა სელინა სტრენგენელსი, 9.ჰედა კლაიბერგ ზომე, 4.მარი ფინსტად ბერგუმი
ლიეტუვა: 12.ევა ბოჩკუტე (მეკარე) – 5.რობერტა ივანაუსკაიტე (2), 7.ბრიგიტა ივანაუსკაიტე (9), 9.სკრიმანტე პოჩიუტე (1), 18.ემილე აგლინსკაიტე (5), 20.გრეტა რინკევიჩუტე (1), 24.ფაუსტა აბრუტიტე (1); 1.გაბრიელე იანუშაუსკაიტე (მეკარე), 2.ლაურა ლაპინსკაიტე, 4.ეიმანტე ზენკოვაიტე (1), 6.რამუნე პოშკუტე, 10.ერიკა დრულიტე (5), 17.კაროლინა სპარნაუსკაიტე (1), 22.გაბია გაიდიტე, 25.ევა ლუკოშევიჩუტე
მთავარი მწვრთნელი: აუკსუოლე სტროპიენე
გაფრთხილება: 7.ბრიგიტა ივანაუსკაიტე, 24.ფაუსტა აბრუტიტე, 2.ლაურა ლაპინსკაიტე
მსაჯები: მაიკე შილჰა, ტანია შილჰა (ორივე გერმანია)
21 მარტი, 2015. ევრო 2015 – შესარჩევი მატჩი, III ჯგუფი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 700
საქართველო 22:43 (10:20) ნიდერლანდები
საქართველო: 16.ქრისტინე ჯავახია (მეკარე) – 9.თათია გადელია (5), 17.მედეა ჩოხელი (3), 18.ქეთევან ვენეცკი (1), 19.ანა ყველაშვილი (5), 24.ნინო გაბისონია, 99.ქრისტინე ღვალაძე (1); 1.თინათინ ყაველაშვილი (მეკარე), 7.თინათინ ქიტესაშვილი, 10.მაია ბერიძე, 12.ანა ვარდიშვილი (მეკარე), 15.თამარ ჩოგოვაძე (5), 23.მარიამ მიხელიძე, 29.ქეთი კუნელაშვილი (2), 34.ლელა მორჩაძე, 39.თამთა თეთრაშვილი
მთავარი მწვრთნელი: როლანდ ერაძე
გაფრთხილება: 18.ქეთევან ვენეცკი, 29.ქეთი კუნელაშვილი
გაძევება: 17.მედეა ჩოხელი
ნიდერლანდები: 1.იესე ფან დე პოლდერი (მეკარე) – 4.ემი ოსტფეინი (2), 8.დიონ ჰაუსჰირი (3), 9.შერონ ნოითმიერი (3), 13.იფა ფან დერ ლინდერი (2), 15.რომი ტენ კატე (3), 18.ლაურა ზელდენფიესი (6); 3.იარა ტენ ჰოლტე (მეკარე), 6.ბრიტ სტეიხერსი, 7.კარლაინ მულდერი (2), 10.ბო ფონ ვიეტერინი (4), 14.კალია კლუმპი (1), 16.მარიელ ბეუხოლსი (3), 17.მიკე კორპელი (1), 19.ტესა ჰილბრანდსი (6), 20.მირელ ფრირიკსი (7)
მთავარი მწვრთნელი: რობერტ ნეიდამი
გაფრთხილება: 8.დიონ ჰაუსჰირი, 13.იფა ფან დერ ლინდერი
მსაჯები: დენის ბოლიჩი, ქრისტოფ ჰურიხი (ორივე ავსტრია)
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 21 მარტი; ქუთაისი)