სამხრეთი აფრიკა 2010: რობენი, კასილიასის რეკორდი და სხვა ამბები

…გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 99 შეხვედრა ჩაატარა. ეს ტურნირის რეკორდია. მეორე ბრაზილიაა 97 მატჩით, მესამე კი იტალიაა – 80 თამაში.

…ესპანეთის ნაკრები მე-4 გუნდია, რომელმაც ევროპირველობის მოგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო. პირველი იტალია იყო (1968 და 1970 წლები), შემდეგ კი გფრ (1972-74 და 1980-82).

…ურუგვაის, არგენტინის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ბრაზილიის, გფრ-ის, შვედეთის, ინგლისის, ნიდერლანდების და საფრანგეთის შემდეგ ესპანეთის ნაკრები მე-12 გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

…ესპანეთის ნაკრებმა ნახევარფინალი ერთი კლუბის – ბარსელონა – 7 ფეხბურთელით დაიწყო და ამით ჩეხოსლოვაკიის (1934) და ურუგვაის (1970) რეკორდი გაიმეორა.

…ნიდერლანდელთა ლიდერმა არიენ რობენმა ურუგვაისთან ნახევარფინალში თავისი გუნდის მე-3 გოლი გაიტანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რიგით 2 200-ე გოლი გამოდგა.

…ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 11 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს და ხუან ლოპესის მიერ 1950-1954 წლებში დამყარებული რეკორდი – 9 მატჩი – გააუმჯობესა. ტაბარესი ურუგვაელებს ჯერ კიდევ 1990 წელს წვრთნიდა.

…ნიდერლანდების ნაკრები გახდა ევროპის პირველი გუნდი 1954 წლის შემდეგ, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი დაამარცხა. მაშინ უნგრელებმა ურუგვაელებს აჯობეს – 4:2.

…ესპანეთის ნაკრები მეორე გუნდი გახდა კორეის შემდეგ (2002), რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 პენალტი ვერ გაიტანა. დავიდ ვილიამ ჰონდურასთან მატჩში ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი, ჩაბი ალონსომ კი პარაგვაისთან 1/4-ფინალში.

…არგენტინის ნაკრები 1/4-ფინალში გერმანიასთან 0:4 დამარცხდა. ამაზე დიდი ანგარიშით თეთრ-ცისფრებმა მხოლოდ 1958 წელს, ჩეხოსლოვაკიასთან წააგეს – 1:6.

…პარაგვაი-ესპანეთის 1/4-ფინალში 2 პენალტი გაცუდდა! ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, 80 წლის წინ, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე, არგენტინა-მექსიკის (6:3) მატჩში.

…ესპანელთა მეკარე იკერ კასილიასმა პარაგვაისთან ოსკარ კარდოსოს პენალტი მოიგერია და გახდა პირველი მეკარე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე შეძლო 11-მეტრიანის აღება. 2002 წელს კასილიასმა ირლანდიელი იან ჰარტე დაამწუხრა.

…გერმანია-არგენტინის მეოთხედფინალში (4:0) ანგარიში თომას მიულერმა გახსნა. ეს ბუნდესნაკრების საიუბილეო, მე-200 გოლი გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიის ნაკრები იყო პირველი, რომელმაც მუნდიალებზე 200 გოლი გაიტანა.

…არგენტინასთან 1/4-ფინალში გერმანიის ნაკრების მაისური მეასედ მოირგო მიროსლავ კლოზემ და მიღწევა ორი გოლით აღნიშნა. ამ დუბლით მან ლეგენდარული თანამემამულის, გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა: მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-13 და მე-14 გოლები გაიტანა.

…ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ბერტ ვან მარვიიკისთვის ბრაზილიასთან 2:1 მოგებული მატჩი რიგით 26-ე შეხვედრა იყო ამ თანამდებობაზე. ვან მარვიიკმა 26-ვე მატჩში ათამაშა ლივერპულის ნახევარმცველი დირკ კუიტი. უკვე 24 მატჩია, ნიდერლანდელები არ დამარცხებულან!

…საფრანგეთის და იტალიის ნაკრებთა შემდეგ ნიდერლანდები გახდა მე-3 გუნდი, რომელმაც ბრაზილიას ორჯერ სძლია მსოფლიო ჩემპიონატზე. ფრანგებმა ასეთი რამ 3-ჯერ შეძლეს, იტალიელება – 2-ჯერ. ნარინჯისფერებმა სელესაოს პირველად 1974 წელს მოუგეს.

…განის ნაკრები გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც მუნდიალზე პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა. განელები ურუგვაელებთან დამარცხდნენ – 2:4.

…ამერიკელთა ფორვარდმა ლენდონ დონოვანმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 5 გოლი გაიტანა. ეს აშშ-ის ნაკრების რეკორდია! ასევე, მან 11-ჯერ ითამაშა მუნდიალზე და ერნი სტიუარტის და კობი ჯოუნსის რეკორდი გაიმეორა.

…ბრაზილია-პორტუგალია III ტურში ფრედ 0:0 დასრულდა. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა ჯგუფური ტურნირის მატჩში გოლის გატანა ბოლოს შორეულ 1978 წელს, ესპანეთთან ვერ შეძლეს – ფრედ 0:0.

…დანიელთა ერთადერთი გოლი ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში, იაპონიასთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში იონ დალ ტომასონმა გაიტანა. ეს მისი 52-ე გოლია ნაკრებში და ამ შედეგით მან პოულ ნილსენის რეკორდი გაიმეორა.

…იტალიის ნაკრები ბოლოს ჯგუფში 36 წლის წინ, მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე ჩარჩა. მაშინ სკუადრა აძურამ ჰაიტის სძლია, არგენტინასთან ფრედ ითამაშა, პოლონეთთან კი დამარცხდა. 2 ფრე და წაგება იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი შედეგია მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის მანძილზე. წლეულს პირველად მოხდა, რომ გუნდმა მუნდიალზე ერთი თამაშიც ვერ მოიგო და ამავდროულად, ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე გავიდა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 12-18 ივლისი)

ka_GEGeorgian