უეფამ 2001-2017 წლების ევროპის ნაკრები დაასახელა
ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა სიმბოლურ ნაკრებს 2001 წლიდან ავლენს. გულშემატკივრები ფავორიტებს ასახელებენ, 11 რჩეული კი ხმების დათვლით ვლინდება.
2018 წლის სიმბოლურს უეფა ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მალე გამოავლენს, დღეს კი uefa.com-მა 2001-2017 წლების ნაკრები გამოაქვეყნა.
მეკარე: იკერ კასილიასი (რეალი; ესპანეთი)
ლეგენდარულმა მეკარემ ნაკრების კაპიტნის რანგში ზედიზედ 3 დიდი ტურნირი მოიგო: 2008 და 2012 წლებში ევროპის, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი.
კასილიასი ზედიზედ 6-ჯერ მოხვდა uefa.com-ის სიმბოლურ გუნდში – 2007, 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში.
მის მთავარ კონკურენტს, იტალიელ ჯანლუიჯი ბუფონს ეს პატივი 5-ჯერ ერგო.
მცველი: კარლეს პუიოლი (ბარსელონა; ესპანეთი)
ბარსელონის და ნაკრების ლიდერი, სამაგალითო კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი!
2006, 2009 და 2011 წლებში მან 3-ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით კი 2008 წელს ევროპირველობა, ორი წლის შემდეგ კი ფიფას ოქროს თასიც მოიგო.
წლის სიმბოლურ გუნდში 2002, 2005, 2006, 2008, 2009 და 2010 წლებში მოხვდა.
მცველი: ფილიპ ლამი (ბაიერნი; გერმანია)
გულშემატკივრების აზრით, ეს მოუღლელი გერმანელი დროზე ადრე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, მას კიდევ შეეძლო ბაიერნისთვის და ბუნდესგუნდისთვის სიკეთის მოტანა.
ბაიერნთან ერთად უამრავი ტიტულის მომგებმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.
ლამი 2006, 2008, 2012, 2013 და 2014 წლებში მოხვდა უეფას წლის გუნდში.
მცველი: სერხიო რამოსი (რეალი; ესპანეთი)
სევილიიდან რეალში გადასვლის შემდეგ ის მუდმივად პროგრესირებს, დღეს კი სამეფო კლუბის და ნაკრების კაპიტანი და ლიდერია.
ევროპირველობაზე ესპანელთა პირველი ტრიუმფის შემდეგ (2008) რამოსი წლის ნაკრებიდან გაქრა, თუმცა 2012 წელს, კონტინენტის პირველობის მეორედ მოგების შემდეგ ძლევამოსილად დაბრუნდა. შარშან ზედიზედ მეექვსედ მოხვდა uefa.com-ის ნაკრებში და მცველებს შორის რეკორდსმენიც გახდა.
მცველი: ჟერარ პიკე (ბარსელონა; ესპანეთი)
კატალონიელთა დაცვის ცენტრის უვლელი წევრი ბოლო 9 წელიწადში 8-ჯერ მოხვდა წლის გუნდის კანდიდატთა შორის, 2010, 2011, 2012, 2015 და 2016 წლებში კი არავის დაუთმო კუთვნილი ადგილი.
შარშან ასევე მეხუთედ მოხვდა წლის რჩეულთა შორის დანი ალვეში, თუმცა 2001-2017 წლების გუნდში მხოლოდ იმიტომ ვერ შეაბიჯა, რომ პიკესთან შედარებით მხოლოდ 7-ჯერ იყო კანდიდატი.
ნახევარმცველი: ჩავი (ბარსელონა; ესპანეთი)
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულიანი ესპანელი, მას შემდეგ რაც 2008-ში ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც ჩაიბარა, ზედიზედ 5 წელი uefa.com-ის ნაკრების უცვლელი წევრი იყო.
ყველა დროის გუნდშიც ამიტომ მოხვდა.
ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა; ესპანეთი)
ჩავის მემკვიდრე და საფეხბურთო მოედნის ჯადოქარი, ყველა შესაძლო გუნდური ტიტულის მომგები, მაგრამ… ინდივიდუალური პრიზების გარეშე დარჩენილი ჯადოქარი!
ის 6-ჯერ იყო წლის გუნდის წევრი: 2009-2012 და 2015-2016-ში. ნახევარმცველებისთვის ეს რეკორდია.
ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი (ლივერპული; ინგლისი)
მას შემდეგ, რაც უეფამ წლის გუნდის გამოვლენა დაიწყო, ნახევარმცველებიდან კანდიდატთა შორის ყველაზე ხშირად ის ხვდებოდა, სიმბოლურ ნაკრებში კი 3-ჯერ შეაღწია – 2005, 2006 და 2007 წლებში.
ასევე 3-ჯერ გაიმარჯვეს კაკამ, რონალდინიომ, ტონი კროოსმა, პაველ ნედვედმა და ზინედინ ზიდანმა, თუმცა მათგან კანდიდატი 7-ჯერ არავინ ყოფილა.
თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი; პორტუგალია)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და კიდევ უამრავი საინტერესო მიღწევის ავტორი uefa.com-ის წლის გუნდის რეკორდსმენია: 14-ჯერ იყო კანდიდატი(!), 12-ჯერ დასახელდა ნაკრებში(!), 2007 წლიდან ზედიზედ 11-ჯერ(!) შევიდა გუნდში, 2018 წელს კი, სავარაუდოდ, მე-3 კლუბის მაისურით მოხვდება რჩეულთა შორის, რაც არასდროს მომხდარა.
თავდასხმა: ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა)
Uefa.com-ის ყველა დროის გუნდის ერთადერთი არაევროპელი წევრი.
რონალდუს შემდეგ ის ყველაზე ხშირად იყო კანდიდატი – 2008 წლიდან დაწყებული ზედიზედ 13-ჯერ მოხვდა პრეტენდენტთა შორის, თუმცა ერთხელ, 2013-ში, რჩეულთა მიღმა აღმოჩნდა.
რონალდუსგან განსხვავებით, პირველ წლებში მას ნახევარმცველად განიხილავდნენ.
თავდასხმა: ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
იმ წლებში, როცა უეფას წლის გუნდს ჩაეყარა საფუძველი, ფრანგი კონტინენტის საუკეთესო თავდამსხმელთა შორის შედიოდა.
ანრი ზედიზედ 6-ჯერ იყო კანდიდატი და 2001, 2002, 2003, 2004 და 2006 წლებში წლის გუნდშიც მოხვდა, მსგავსი სტაბილურობით კი იმ პერიოდში ვერავინ გამოირჩეოდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 7 დეკემბერი)