გორის დილა ჩემპიონია
ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს მე-7 გამარჯვებული ჰყავს: გორის დილამ 30 მატჩში დაგროვილი 64 ქულით პირველად მოიგო საქართველოს უძლიერესი გუნდის ტიტული!
უკანასკნელ ტურში, 22 მაისს, გორელებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს. II ადგილზე ბათუმის დინამო გავიდა, ბოლო ორი ჩემპიონატის ტრიუმფატორი თბილისის დინამო კი, რომელიც კარგა ხანს ლიდერობდა ჩემპიონატს, ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.
ეს გორელთა მეორე დიდი ტიტულია – 2012 წელს დილამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. სათქმელია, რომ გორელთა საუკეთესო შედეგი აქამდე 2012-13 წლების სეზონში დაკავებული II ადგილი იყო.
გორელებმა ამ გამარჯვებას 25 წლის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწიეს. დილას თავკაცი ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორი მწვრთნელია და ძნელი წარმოსადგენია, რომ მის მიერ დამყარებული ეს რეკორდი უახლოეს მომავალში გაუმჯობესდეს.
დილას საუკეთესო თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ ვიტ ჯორჯიას ორი გოლი გაუტანა და 16 ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. ჯაბა დვალის შემდეგ (2011-12) მოდებაძე პირველი ქართველია, რომელმაც ეს წოდება მოიპოვა – ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლი თბილისის დინამოს ესპანელ ფორვარდს ჩისკოს გაჰქონდა.
საქართველოს ჩემპიონები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ დააჯილდოვეს. დილა პირველად ითამაშებს ჩემპიონთა თასზე, ბათუმის და თბილისის დინამოელები კი უეფას ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვებიან.
დილასგან ძლეული ვიტ ჯორჯია გათამაშებიდან მოხსნილ ზესტაფონთან ერთად უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მათ ადგილს 2015-16 წლების სეზონში I ლიგის გამარჯვებული თბილისის საბურთალო და თერჯოლის საპოვნელა დაიკავებენ.
უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთი გუნდი 27 მაისს გაირკვევა: უმაღლეს ლიგაში მე-14 ადგილზე გასული რუსთავის მეტალურგი I ლიგის ფლეი-ოფში ბორჯომის მძლეველ თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდება.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 25 მაისი)