1981 წლის 13 მაისი: ფოტოგამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გამარჯვებას – 1981 წლის 13 მაისს მოგებულ უეფას თასების მფლობელთა თასს, საინტერესო გამოფენა მიუძღვნა. ეროვნულმა არქივმა სტუმრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უმასპინძლა.

„1981 წლის 13 მაისი – თბილისის დინამო უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი“ – ასეთია სახელწოდება ღონისძიებისა, რომელსაც ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს მესვეურები, ეროვნული არქივის ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ჩვენი ფეხბურთის და სპორტის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი გამორჩეული თარიღია. მიხარია, რომ მინისტრის რანგში ჩემი პირველი გამოჩენა ასეთ ლამაზ დღეს დაემთხვა. ახლა, როცა ფოტოები, ბურთი და თასების მფლობელთა თასი ვნახე, თვალწინ გაირბინა იმ დღეებმა, გამახსენდა ემოციები, რითაც იმ დღეებში მე და თითოეული ქართველი ვიყავით დამუხტულები… მსურს მადლობა გადავუხადო ამ გამოფენის ინიციატორებს, ყველა სტუმარს და რა თქმა უნდა, ჩვენ სასიქადულო და სასახელო ფეხბურთელებს, რომლებმაც 34 წლის წინ უდიდესი გამარჯვება გვაჩუქეს“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენთან უამრავი საინტერესო ფოტო თუ დოკუმენტია დაცული და დღევანდელი გამოფენაც სწორედ ასეთ ფონდებში მოპოვებული მასალებითაა გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, ეს გამოფენა დიდ ინტერესს გამოიწვევს და არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს დააინტერესებს“, – განაცხადა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 მაისი)

ka_GEGeorgian