სამხრეთი აფრიკა 2010: გამორჩეულები

კარლეს პუიოლი – ყოფნა, არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის!

გასაკვირი არაა, წასვლა რომ გადაწყვიტა: ორ წელიწადში ჯერ ევროპის, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და კონკურენტებსაც ადვილად დაუთმო გზა.

ესპანეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ გუნდში ასპარეზობას აღარ აპირებს. სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნაკრების თავკაც ვისენტე დელ ბოსკეს და ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ფერნანდო იეროს გააცნო გადაწყვეტილება.

„ის სამაგალითო ფეხბურთელია და მსურს აზრი შეიცვალოს. 32 წლისაა, მაგრამ ჩინებულ ფორმაშია და გუნდისთვის კვლავ საჭიროა. ვიმედოვნებ, იერო მას დაიყოლიებს“, – დელ ბოსკემ პუიოლთან მოლაპარაკება ნაკრების ექს-კაპიტანს დაავალა.

ნიდერლანდებთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კარლესისთვის რიგით 90-ე მატჩი იყო ნაკრებში, პირველად კი საოცნებო მაისური 2000 წლის 15 ნოემბერს, ისევ და ისევ ნარინჯისფერებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. მას შემდეგ დაცვის უცვლელი წევრი იყო. 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შარშან ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშების საუკეთესო 11 მოთამაშეთა შორის, უეფამ კი 5-ერ შეიყვანა წლის ნაკრებში.

სამხრეთ აფრიკაში პუიოლმა ნაკრები ფინალში გაიყვანა – ნახევარფინალში ესპანელებმა გერმანელები სწორედ მისი გოლით დაამარცხეს. ცხადია, ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს.

იკერ კასილიასი – მეკარე, კაპიტანი, რეკორდსმენი

„ბავშვობაში ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი: ტელევიზორში ვხედავდი, როგორ ხარობდნენ გერმანელები, ბრაზილიელები, ფრანგები და მინდოდა, ეს ოქროს თასი ერთხელ მეც მომეგო. დღეს, როცა ეს ჯილდო აღვმართე, არც კი ვიცი რა ვთქვა! ახლა მესმის, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც სიხარულის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობენ“, – მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი სამხრეთ აფრიკა 2010-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელა და ლევ იაშინის პრიზით – „ოქროს ხელთათმანით“ დააჯილდოვა.

29 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. საკლუბო ტიტულებზე არაფერს ვიტყვი: მადრიდის რეალში, სადაც ის 1999-2000 წლების სეზონიდან თამაშობს, ყველაფერი მოიგო.

კასილიასი, რომელსაც სამეფო კლუბთან უნიკალური ხელშეკრულება – კონტრაქტი კარიერის ბოლომდე – აკავშირებს, მხოლოდ და მხოლოდ მეორეა, რომელმაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთათვის განკუთვნილი თასები კაპიტნის რანგში აღმართა. პირველი ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი იყო.

კასილიასი პირველი მეკარეა, რომელმაც მსოფლიოს 2 ჩემპიონატზე მოიგერია პენალტი. 2002 წელს, კორეა-იაპონიაში ირლანდიელი იან ჰარტე დაამწუხრა, სამხრეთ აფრიკაში კი პარაგვაელი ოსკარ კარდოსო.

და სანამ ფეხბურთიდან წავა, უეჭველია, კიდევ არაერთ რეკორდს დაამყარებს. მანამდე კი გეტყვით, რომ იკერი უკვე ძალიან დიდია: 518 მატჩი რეალში, 111 ნაკრებში და ტიტულები, ტიტულები, ტიტულები. 29 წლის ბიჭისთვის საკმარისზე მეტიცაა!

თომას მიულერი – და თომასს გამოეღვიძა

ვინ იყო ის, სამხრეთ აფრიკაში 5 გოლი რომ გაიტანა?

ამაყად გადასძახა იოახიმ ლიოვმა ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ფანს და ხალხმაც იხუვლა: თომაააააას მიულერიიიიიიიიიი!

ვინ იყო ის, რომელსაც შარშან არავინ იცნობდა, დღეს კი მისი სახელი ყველას პირზე აკერია?

მთავარი მწვრთნელის მორიგ კითხვას ფანებმა იგივე პასუხი შეაგებეს: თომაააააას მიულერიიიიიიიიიი!

და როცა ბუნდესნაკრების თავკაცი კიდევ ერთხელ დაეკითხა შავ-წითელ-ყვითელ ფერებში სახემოხატულ გულშემატკივართა არმიას, ოქროს ბუცი ვინ აღმართაო, თომას მიულერს გამოეღვიძა და იქვე, საწოლთან დადებულ პრიზებს ხელი გადაუსვა.

თომას მიულერი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა!

ერთი წლის წინ მიულერი ამაზე ვერც იოცნებებდა: როცა ლუის ვან გაალი მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად  დაინიშნა, ის სათადარიგო გუნდში ვარჯიშობდა.

მრავლიმსნახველმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შარშან ამ დროს მიულერში დაინახა ის, ვინც ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ახლახანს ვიხილეთ, პირველ გუნდში უხმო, ამას 2009-10 წლების სეზონში ბაიერნსა და ნაკრებში ჩატარებული 66 ოფიციალური მატჩი, არაერთი ტიტული და უდიდესი აღიარება მოჰყვა.

და ეს ყველაფერი 20 წლის ასაკში.

სიზმარია, აბა რა არის?

სამხრეთ აფრიკა 2010: ჩვენი სიმბოლური ნაკრები (4-4-2)
მეკარე: იკერ კასილიასი (ესპანეთი)
სათადარიგო: მარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია)

მარჯვენა მცველი: სერხიო რამოსი (ესპანეთი)
სათადარიგო: ფილიპ ლამი (გერმანია)
ცენტრალური მცველები: ჟერარ პიკე (ესპანეთი) და არნე ფრიდრიხი (გერმანია)
სათადარიგოები: დიეგო ლუგანო (ურუგვაი) და კარლეს პუიოლი (ესპანეთი)
მარცხენა მცველი: ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი (ნიდერლანდები)
სათადარიგო: ხორხე ფუსილე (ურუგვაი)

მარჯვენა ნახევარმცველი: თომას მიულერი (გერმანია)
სათადარიგო: არიენ რობენი (ნიდერლანდები)
ცენტრალური ნახევარმცველები: უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები) და ჩავი (ესპანეთი)
სათადარიგოები: ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია) და ჩაბი ალონსო (ესპანეთი)
მარცხენა ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
სათადარიგო: მესუტ იოზილი (გერმანია)

ფორვარდები: დავიდ ვილია (ესპანეთი) და დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
სათადარიგოები: მიროსლავ კლოზე (გერმანია) და ლუის სუარესი (ურუგვაი)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი)
მეორე მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი (გერმანია)

3 საუკეთესო ფეხბურთელი:
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები)
დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

3 საუკეთესო გოლი:
დიეგო ფორლანი (ურუგვაი) – გერმანიასთან, 2:1
ლუიშ ფაბიანო (ბრაზილია) – ჩილესთან, 2:0
ფაბიო კუალიარელა (იტალია) – სლოვაკეთთან, 2:3

სამხრეთ აფრიკა 2010: გმირები და ანტიგმირები
+ რვაფეხა პაული, ლუის სუარესი (ურუგვაი), ახალი ზელანდიის ნაკრები
– მსაჯები და ვუვუზელა

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 19-25 ივლისი)

ka_GEGeorgian