ზედიზედ მეოთხედ: იაია ტურე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისის მანჩესტერ სიტის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა იაია ტურემ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა აფრიკის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტული! ეს გამოკითხვა 1993 წლიდან აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ ეწყობა.

„ჩემთვის კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის წოდება ძალიან დიდი პატივია. მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩათვალა, რომ 2014 წელს ყველაზე კარგად ვითამაშე“, – განაცხადა 31 წლის ტურემ, რომელიც ამ გამარჯვებით კამერუნელ ფორვარდს სამუელ ეტოოს გაუთანაბრდა.

2014 წელს ტურემ მანჩესტერ სიტის მაისურით ორი ჯილდო მოიგო: პრემიერლიგა და ლიგის თასი, ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირის (ESM) ეგიდით 2013-14 წლების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ასევე დასახელდა პრემიერლიგის სეზონის გუნდში და კლუბის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

იაია ტურე 2010-11 წლების სეზონიდან თამაშობს მანჩესტერულ კლუბში, მანამდე კი სამშობლოში კლუბ მიმოზაში, ბელგიის ბევერენში, უკრაინაში დონეცკის მეტალურგში, საბერძნეთის ოლიმპიაკოსში, საფრანგეთის მონაკოსა და ესპანეთის ბარსელონაში ირიცხებოდა.

2008-09 წლების სეზონში კოტდივუარელი ბარსელონის იმ ლეგენდარული შემადგენლობის წევრი გახლდათ, რომელმაც 6 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ტურემ წლევანდელ გამოკითხვაში 175 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე კი 120 ქულით დორტმუნდის ბორუსიის გაბონელი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა. საფრანგეთის ლილის ნიგერიელი თავდამსხმელი ვინსენ ენიეამა 105 ქულით მესამე იყო.

აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი (CAF)
2014 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2013 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2012 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2011 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2010 – სამუელ ეტოო (მილანის ინტერი, იტალია; კამერუნი)
2009 – დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2008 – ემანუელ ადებაიორი (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ტოგო)
2007 – ფრედერიკ კანუტე (სევილია, ესპანეთი; მალი)
2006 – დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2005 – სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2004 – სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2003 – სამუელ ეტოო (მაიორკა, ესპანეთი; კამერუნი)
2002 – ელ ჰაჯი დიუფი (ლივერპული, ინგლისი; სენეგალი)
2001 – ელ ჰაჯი დიუფი (ლანსი, საფრანგეთი; სენეგალი)
2000 – პატრიკ მბომა (პარმა, იტალია; კამერუნი)
1999 – ნვანკვო კანუ (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ნიგერია)
1998 – მუსტაფა ჰაჯი (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი; მაროკო)
1997 – ვიკტორ იკპება (მონაკო, საფრანგეთი; ნიგერია)
1996 – ნვანკვო კანუ (მილანის ინტერი, იტალია; ნიგერია)
1995 – ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია)
1994 – ემანუელ ამუნიკე (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; ნიგერია)
1993 – რაშიდი იეკინი (სეტუბალის ვიტორია, პორტუგალია; ნიგერია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 2 იანვარი)

ka_GEGeorgian