FourFourTwo: 2018 წლის ათი საუკეთესო მწვრთნელი

პოპულარულმა ინგლისურმა საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo-მ 2018 წლის შედეგების მიხედვით 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
მთავარი ტურნირის, მსოფლიო ჩემპიონატის მომგები საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი პირველ ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა.

#1 – ხოსეპ გვარდიოლა
შეგახსენებთ: წელს სიტიმ ჩემპიონატის და თასის გარდა ინგლისის ლიგის თასიც მოიგო.
მის ხელში მანჩესტერული კლუბი შეუჩერებელია, კვლავ ძალიან შედეგიანია და არამხოლოდ პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილება.

#2 – ზინედინ ზიდანი
გენიალურმა ფრანგმა ლიგაზე ზედიზედ მესამე ტრიუმფის შემდეგ სამეფო კლუბის თანამდებობა დატოვა და როგორც თავად ამბობს, დროებით ისვენებს.
მისი წასვლა რეალზე ცუდად აისახა – გუნდმა ევროპის სუპერთასი თანაქალაქელ ატლეტიკოსთან წააგო, ჩემპიონატში კი არასტაბილურია.

#3 – დიეგო სიმეონე
არგენტინელმა სპეციალისტმა, რომელიც 2011 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს მადრიდის ატლეტიკოს, წელს 2 საერთაშორისო ტურნირი მოიგო – ევროპის ლიგა და კონტინენტის სუპერთასი.
საფეხბურთო სპეციალისტების მოსაზრებით, სიმეონე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და სავარაუდოდ, ამ სეზონსაც რომელიმე ტიტულით დაასრულებს.

#4 – მასიმილიანო ალეგრი
იტალიის საუკეთესო მწვრთნელად მეოთხედ აღიარებულმა მისტერ მაქსმა იუვენტუსთან ერთად კვლავ დუბლით დაასრულა 2017-18 წლების სეზონი, კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ კი მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუსახავს, იმ შეჯიბრების, სადაც 2 ფინალი წააგო.
ალეგრის იუვენტუსი იტალიური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანად ჩამოყალიბდა – სერია ა-ში უახლოეს კონკურენტს 11 ქულით უსწრებს, მწვრთნელი კი ამბობს, რომ შავ-თეთრებმა სეზონი ყველა ტურნირის მოგებით უნდა დაასრულონ.

#5 – იურგენ კლოპი
თუ გვარდიოლას გაწვრთნილი მანჩესტერ სიტი ინგლისური ფეხბურთის ლიდერად იქცა, კლოპის ლივერპულმა ევროპაში გაშალა ფრთები: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია (თუმცა ტიტულის გარეშე დარჩა).
გერმანელმა სპეციალისტმა ზაფხულში ბრძოლისუნარიან შემადგენლობას მოუყარა თავი და სავარაუდოდ, ამ სეზონს მაინც დაასრულებს ტიტულით. ყოველ შემთხვევაში, კარგა ხანია ჩემპიონატი გუნდს ასე შთამბეჭდავად არ დაუწყია.

FourFourTwo-ს ტოპ 10-ეულის დანარჩენი წევრები არიან:
#6 – დიდიე დეშამი (მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად)
#7 –  მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემ ჰოთსფური)
#8 – მაურიციო სარი (ნაპოლი და ჩელსი)
#9 – ჯულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმი, 31 წლისაა)
#10 – ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა; ესპანეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი)

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 7 დეკემბერი)

ka_GEGeorgian