ლელოს სეზონის რჩეულები

გაზეთმა ლელომ 2014-15 წლების საფეხბურთო სეზონი შეაჯამა და ლაურეატებს ჭავჭავაძის გამზირზე, ბიბლუსის გალერეაში უმასპინძლა. დაჯილდოება კომპანია ლიდერბეთთან ერთობლივი ძალისხმევით შედგა.

ცერემონიალს გულშემატკივრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჟურნალისტები დაესწრნენ, წამყვანი კი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ. „მსურს დიდი მადლობა გადავუხადო გაზეთ ლელოს და კომპანია ლიდერბეთს ამ სასიამოვნო შეხვედრისთვის, კარგია, რომ ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა ნაყოფიერია და ყოველთვის ლამაზად სრულდება“, – განაცხადა წამყვანმა.

ლელომ ეროვნული ჩემპიონატიდან სხვადასხვა ნომინაციაში ეს ფეხბურთელები გამოარჩია:
საუკეთესო მეკარე: მიხეილ ალავიძე (ბათუმის დინამო)
საუკეთესო მცველი: ლაშა თოთაძე (დინამო თბილისი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გორის დილა)
საუკეთესო თავდამსხმელი: ირაკლი მოდებაძე (გორის დილა)
საუკეთესო დებიუტანტი: გიორგი ჩელებაძე (ქობულეთის შუქურა)
საუკეთესო ლეგიონერი: ლუის ალბერტო (ბოლნისის სიონი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
საუკეთესო მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი (გორის დილა)
საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი მოდებაძე (გორის დილა)

სეზონის აღმოჩენად გორის დილას ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დასახელდა. ცხინვალის სპარტაკში მოღვაწე მამა-შვილს, კახი და ნიკა კაჭარავებს სპეციალური პრიზი – სეზონის საფეხბურთო დინასტია – გადაეცათ, ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი და სამტრედიის ვეტერანი თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილი კი ასევე სპეციალური თასით – სეზონის დაბრუნება – დაჯილდოვნდნენ.

„სასიამოვნოა, როცა ასეთი დაჯილდოებები ეწყობა. ფეხბურთელებს წახალისება სჭირდებათ და მიხარია, რომ ასეთი შეხვედრები იმართება – ბიჭებისთვის ეს დიდი სტიმულია! მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, გამარჯვებულებს კი წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ. ვიმედოვებ, მომდევნო სეზონი მათთვის უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონმა თენგიზ სულაქველიძემ, რომელიც ლაურეატებს 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონთან, გელა კეტაშვილთან ერთად აჯილდოებდა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 4 ივნისი)

ka_GEGeorgian