მზიურში კორტები გაიხსნა!

მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა! კომპლექსი თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აიგო.

კორტები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა გახსნეს. ცერემონიალს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი უმცროსი და ყველა დროის საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, უიმბლდონის სამგზის ფინალისტი ალექსანდრე მეტრეველი დაესწრნენ.

„ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს! დედაქალაქს კიდევ ერთი სპორტული არენა შეემატა! ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისში არაერთი უმაღლესი დონის სპორტული კომპლექსი მოეწყო და ეს შესანიშნავია“! – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩვენი ქალაქი უმაღლეს დონეზე მომზადებული ხვდება. დარწმუნებული ვარ, ფესტივალი უნაკლოდ ჩაივლის. ასეთი სპორტული არენები ქართული სპორტის განვითარებას მხოლოდ წაადგება და ცხადია, ეს მხოლოდ სასიხარულოა“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გადაჭიმული 9 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტი სულ მალე ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს უმაღლესი სტანდარტებით უმასპინძლებს.

27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მატჩები 8 ღია კორტზე პარალელურად ჩატარდება. თამაშები როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გაიმართება.

კორტების ჰარდის საფარისაა. სწორედ ამიტომ, ახალ საჩოგბურთო კომპლექსს თავისუფლად შეუძლია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეროვნულის გარდა საერთაშორისო დონის ტურნირებსაც უმასპინძლოს.
ცენტრალური კორტების ტრიბუნა 700 მაყურებელს იტევს. ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, საშხაპეები, პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები და სავარჯიშო დარბაზი – კომპლექსში მწვრთნელებისა და სპორტსმენების ვარჯიშისა და კომფორტისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. სპეციალურად ფესტივალისთვის კორტებზე მედია-ცენტრი გაკეთდა, საიდანაც მედია კოორდინატორი და მისი გუნდი ყოველი თამაშის შემდეგ უახლეს ინფორმაციას გაავრცელებს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. თბილისში ევროპის 50 ქვეყნის 3 800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. შეჯიბრებები 14-18 წლამდე ახალგაზრდებს შორის სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 23 ივლისი)

ka_GEGeorgian