1990-2010: 5 საუკეთესო ქართველი

20 წელია, რაც მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე საქართველო გაჩნდა.
ამ ხნის მანძილზე ქართულმა ფეხბურთმა მეტი წარუმატებლობა ნახა, ვიდრე გამარჯვება, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ დღეს, 20 წლის გადასახედიდან ჩვენ შეგვიძლია განვლილი გზა შევაფასოთ.
დღეს 1990-2010 წლების 5 საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს დავასახელებთ.

1.კახა კალაძე
ის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველია, რომელმაც 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა საკლუბო დონეზე.
მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ მილანში ჩატარებული 300-მდე თამაში და ევროტურნირების 100-ზე მეტი მატჩი კი ნათელი დადასტურებაა, რომ კალაძე უმაღლეს დონეზე შემთხვევით არ მოხვედრილა. ზემოთქმულს ფიფას ნაკრებში ჩატარებული ერთი მატჩიც ადასტურებს.

2.შოთა არველაძე
ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც ყველგან თქვა თავის სიტყვა!
ის საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია და ალბათ, ამ წოდებას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.
მეორე ადგილზე მხოლოდ იმიტომ დავასახელეთ, რომ მთელი კარიერა საფეხბურთო ელიტის შორიახლოს, თურქეთში, ნიდერლანდებსა და შოტლანდიაში გაატარა.
შოთა ჟურნალისტებმა 3-ჯერ, სპეციალისტებმა კი 2-ჯერ დაასახელეს ჩვენი ქვეყნის წლის მოთამაშედ.

3.თემურ ქეცბაია
ერთადერთია, რომლის ცუდი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არავის ახსოვს.
ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უცხოეთში გაიკვალა გზა და წარმატებითაც: საკლუბო ტიტულები კვიპროსსა და საბერძნეთში, დასამახსოვრებელი წლები ინგლისის ნიუკასლ იუნაიტედში…
დღეს ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი ფამაგაუსტის ანორთოსისში მიღწეული საოცარი წარმატებით მივიდა – 2009 წლის შემოდგომით კვიპროსის კლუბს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა!

4.გიორგი ქინქლაძე
თუ ვინმეს ჰქონდა საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობის შანსი, პირველ რიგში მას. მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებმა კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ დებიუტიდან 2 წელიწადში დაასახელეს, სხვადასხვა მიზეზთა გამო ვარსკვლავად ვერ იქცა.
ნახეთ მისი გოლები მანჩესტერ სიტიში და მიხვდებით, რომ ნიჭის გაფლანგვისთვის ადამიანი უნდა ისჯებოდეს.

5.ლევან კობიაშვილი
ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში – ეს ლევან კობიაშვილის ერთადერთი პლუსი არაა.
ის უნივერსალია, რომელიც, თუ ტრავმა არ აწუხებს (და ასეთი რამ ძალიან იშვიათია), ყოველთვის ხვდება ძირითად შემადგენლობაში.
ფრაიბურგი, შალკე 04 და ჰერტა – ლევანი ყოველთვის აკმაყოფილებდა გერმანიის ბუნდესლიგის მკაცრ მოთხოვნებს. „მისტერ სტაბილურობა“ – ასეთი მეტსახელით მოიხსენია კობიაშვილი ერთ-ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა.
ცნობისათვის: ლევანი დღემდე ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 29 მარტი4 აპრილი)

ka_GEGeorgian