საქართველოს წლის სპორტსმენი 2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი!

6 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წელი ახალ სპორტის სასახლეში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე შეაჯამა. 10 ნომინაცია, 6 სპეციალური პრიზი და ულამაზესი საკონცერტო ნომრები – ასეთი იყო საღამოს პროგრამა, რომელსაც ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების ხელძღვანელები, ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

2015 წელი ქართული სპორტისთვის გამორჩეულად წარმატებული გამოდგა: ოლიმპიურ სახეობებში ორმა ათლეტმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული – თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, საერთო ჯამში კი ქართველმა სპორტსმენებმა 670 მედალი მოიგეს – 199 ოქრო, 197 ვერცხლი და 274 ბრინჯაო!

დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განვლილი წელიწადი მიმოიხილა, შემდეგ სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ სპორტსმენებსა და სპორტის მუშაკებს და დაჯილდოებაც დაიწყო.

საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
საუკეთესო სპორტსმენი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
საუკეთესო ქალი სპორტსმენი: ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა)
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი: ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

საუკეთესო მწვრთნელი: ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა)
საუკეთესო გუნდი: ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
საუკეთესო სპორტული ფედერაცია: ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
საუკეთესო მენეჯერი: დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი)
საუკეთესო მსაჯი: თემურ ყაზარაშვილი (ჭიდაობა)
საუკეთესო სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში: ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
საუკეთესო პარასპორტსმენები: ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა)

სამინისტროს სპეციალური პრიზები გადაეცათ მორაგბეთა ეროვნული გუნდის კაპიტანს მამუკა გორგოძეს – წლის კაპიტანი; ძიუდოისტ გოგონათა ნაკრებს – წლის აღმოჩენა; VTB ბანკს – წლის ბიზნესკომპანია; ოლიმპიური გუნდის ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს – სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა შსს-ის საავტომობილო კლუბის წევრი, ავტორალიში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით ქაჯაია.

„მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე, მაინც გახარებული ვარ – მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და თან, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვე. ეს აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მიხარია, რომ ოლიმპიური კომიტეტის შემდეგ წლის სპორტსმენის ტიტული სპორტის სამინისტრომაც მომანიჭა. ვეცდები წელს მეტ წარმატებას მივაღწიო“! – განაცხადა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი მთავრობის წევრებს, პირადად პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის და სპორტის მხარდაჭერისთვის. 2015 წელს მთავრობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 70 მილიონი ლარი გამოუყო, 2016 წლისთვის კი ჩვენი ბიუჯეტი დამატებით 20 მილიონით გაიზარდა – ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნისთვის სპორტი პრიორიტეტულია. წლევანდელი წელი ოლიმპიურია და ვიმედოვნებ, ერთი წლის შემდეგ, როცა 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენს გამოვავლენთ, უფრო დიდ გამარჯვებებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

წლის შემაჯამებელი საღამოს საპატიო სტუმართა შორის იყვნენ მინისტრთა კაბინეტის და ხელისუფლების წარმომადგენლები: მთავრობის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; თბილისის მერი დავით ნარმანია; საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

საღამოს მხატვრულად აფორმებდა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ანსამბლი შვიდკაცა და სუხიშვილები, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე და ლუკა ზაქარიაძე, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდნენ მსახიობი კახა მიქიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან მიქელაძე.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 8 იანვარი)

ka_GEGeorgian