ოუენსი კარიერას დაასრულებს

მსოფლიო რაგბის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და გამოცდილმა მსაჯმა ნაიჯელ ოუენსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერას, სავარაუდოდ, წელს დაასრულებს.

უელშ ონლაინისთვის მიცემულ ინტერვიუში რეფერიმ განაცხადა: „47 წლის ვარ, ჩემ ასაკში კი ადამიანს სხვანაირი ცხოვრება სურს. ხშირი მოგზაურობა, სიმართლე გითხრათ, ახლა ნაკლებად მსიამოვნებს, თან, დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმო. იმ შემთხვევაში თუ რაგბის მსოფლიო თასისთვის შემარჩევენ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. და თუ ასე არ მოხდა, წლევანდელი 6 ერის გათამაშება, დიდი ალბათობით, ჩემი უკანასკნელი საერთაშორისო ტურნირი იქნება“. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასს შემოდგომით იაპონია უმასპინძლებს.

ნაიჯელ ოუენსი 1987 წლიდან მსაჯობს, 2015 წელს კი რაგბის მსოფლიო თასის ფინალსაც მოემსახურა. იმავე წელს ის მსოფლიოს საუკეთესო არბიტრად დაასახელეს. კარიერის მანძილზე მან ევროპის ჩემპიონთა თასის ასამდე, ნაკრებთა შორის კი 150-ზე მეტი მატჩი იმსაჯა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 იანვარი)

ka_GEGeorgian