ბათუმი 2018: ოლიმპიადა დაიწყო!
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა – ბათუმი 2018 – დაიწყო! პირველი სიმბოლური სვლა საქართველოს ვაჟთა I ნაკრების ლიდერის ბაადურ ჯობავას დაფაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეასრულა!
საქართველოს I ნაკრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდი 3,5:0,5 დაამარცხა. ვერ გაიმარჯვა მხოლოდ ჯობავამ, რომელმაც დიდოსტატ იეჰუდა გრუნფელდთან ყაიმი ითამაშა, დანარჩენებმა კი მოიგეს: მიხეილ მჭედლიშვილმა ვიქტორ ვარეჟკინი დაამარცხა, ლევან ფანცულაიამ – ლუის მარტინი, დავით ჯოჯუამ კი ტომას იანკუნასს სძლია.
საქართველოს ვაჟთა II გუნდმა ასევე 3,5:0,5 აჯობა ლიხტენშტაინს, III ნაკრების წევრებმა კი მაკაოელ მეტოქეებთან პაექრობაში ოთხივე დაფაზე გაიმარჯვეს.
„გუშინდელი ზღაპრული სანახაობის შემდეგ განწყობა, რა თქმა უნდა დიდებულია, თუმცა ერთია გახსნის ცერემონია და მეორე უშუალოდ სპორტული მხარე. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრის პირველი დღეა და ხარვეზებსაც ვხედავთ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ 2-3 დღეში ყველაფერი ჩინებულად იქნება. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი შეუსვენებლად მუშაობს სასურველი შედეგის მისაღწევად, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც სპორტსმენების გამოსვლაა. იმედია ჩვენი გუნდები გამარჯვებებით გაგვახარებენ“, – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გია გიორგაძემ.
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერის ნანა ძაგნიძის დაფაზე პირველი სიმბოლური სვლა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეასრულა.
ქალთა I გუნდმა კორეელებს 3:1 სძლია: ნანა ძაგნიძემ ჩენია ვანი დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა სეიეონ ლის მოუგო, მერი არაბიძემ იუბინ კიმს აჯობა, ლელა ჯავახიშვილს კი, სამწუხაროდ, როზა ეინულასთან ხელი მოეცარა.
ქართველ გოგონათა II ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას 4:0 სძლია, III ნაკრებმა კი ამავე ანგარიშით მოუგო სეიშელის კუნძულების გუნდს.
ბათუმში ვაჟთა შორის პირველ ნომრადაა განთესილი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა (ამერიკელებმა ორი წლის წინ ბაქოში მოიგეს საჭადრაკო ოლიმპიადა) ბათუმი 2018 შთამბეჭდავად დაიწყეს: ოთხივე დაფაზე სძლიეს 89-ე ნომრად განთესილ პანამელებს.
ასევე 4:0 მოიგო ორი წლის წინანდელი ოლიმპიადის მესამეადგილოსანმა, ბათუმში მე-2 ნომრად განთესილმა რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც უგანდა (90-ე) დაამარცხა. წინა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა უკრაინამ, რომელსაც რეიტინგში მე-6 ადგილი უჭირავს, 3,5:0,5 სძლია ზამბიას.
II ტურში ამერიკელები საქართველოს III ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რუსეთის მეტოქე ირლანდია იქნება, უკრაინელები კი უზბეკების დამარცხებას შეეცდებიან. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ გუნდებს: I ნაკრების მეტოქე ნორვეგიაა, მეორისა კი დანია.
ქალთა რეიტინგის ლიდერმა რუსეთის ნაკრებმა საწყის ტურში 3,5:0,5 სძლია კოსტა რიკას, მეორე ნომრად განთესილი უკრაინის წარმომადგენლებმა კი ოთხივე დაფაზე სძლიეს მონაკოელ მეტოქეებს. ბათუმში მესამე ნომრადაა განთესილი ქალთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჩინეთი, რომელმაც ტაჯიკეთს 3,5:0,5 მოუგო.
II ტურში ჩინელთა მეტოქე კოლუმბია იქნება, უკრაინელები თურქმენებს გაეჯიბრებიან, რუსები კი უზბეკებს.
საქართველოს ქალთა ნაკრებ გუნდებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ: პირველს – ნორვეგია, მეორეს – შვედეთი, მესამეს კი გერმანია.
მეორე ტურის შეხვედრებიც 15 საათზე დაიწყება.
ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი