ახალი საჩოგბურთო ტურნირი
ATP-ის თასის პირველ გათამაშებას ავსტრალიის 3 ქალაქი უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ 24-გუნდიანი ტურნირის მატჩები სიდნეისა და ბრისბენში გაიმართება, მესამე მასპინძელი კი მალე გაირკვევა. ფინალს სიდნეი მიიღებს.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის – ITF – პრეზიდენტის დევიდ ჰეგერტის თქმით, ახალმა ტურნირმა დევისის თასი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შემოდგომით უკვე სხვა ფორმატით ჩატარდება.
ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციის და წლის პირველი დიდი სლემის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის კრეიგ ტილის თქმით, ATP-ის თასის საპრიზო ფონდი 12,3 მილიონი დოლარი იქნება, მონაწილეობას 100-ზე მეტი ჩოგბურთელი მიიღებს, გამარჯვებულს კი რეიტინგში 750 ქულა შეემატება. ტილისვე თქმით, ის და მისი გუნდი ქალთა შორის ანალოგიური შეჯიბრის მოწყობაზეც მუშაობენ.
დევისის თასს რაც შეეხება, ამ ტურნირს ბოლო წლებში ბევრი აკრიტიკებდა. წელს ეს თასი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, ფინალურ ეტაპს კი 18 გუნდის მონაწილეობით ნოემბერში მადრიდი უმასპინძლებს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 იანვარი)