ფედერერის მეათე ბაზელური
6:2, 6:2 – როჯერ ფედერერმა ბაზელის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ამ ანგარიშით დაამარცხა 20 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინაური და მეათედ მოიგო ეს ჯილდო!
38 წლის შვეიცარიელმა 24 მატჩამდე გაზარდა ბაზელში მოგებათა სერია, კარიერაში კი 103-ე ტიტული მოიპოვა!
მინაურის წინააღმდეგ დიადმა ალპელმა 157-ე ფინალში ითამაშა (ბაზელში – მე-16), ავსტრალიელი კი, ვინც მსოფლიო რეიტინგში 28-ე ადგილზეა, მხოლოდ მეექვსედ თამაშობდა ATP-ის ეგიდით გამართული შეჯიბრის გადამწყვეტ მატჩში.
„ალექსს ცუდად არ უთამაშია, ის შესანიშნავი ჩოგბურთელია და გამარჯვებები წინ აქვს“, – პრესკონფერენციაზე ფედერერმა პირველად მეტოქე შეაქო, შემდეგ კი დასძინა – „როცა მშობლიურ ქალაქში იმარჯვებ, ყოველთვის სასიამოვნოა, ასე რომ ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა ტიტულის მოგება“.
შეგახსენებთ, რომ 103 ტიტულით ფედერერი ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ამერიკელ ჯიმი კონორსს ჩამორჩება, რომელმაც კარიერა 109 გამარჯვებით დაასრულა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 ოქტომბერი)