ლონდონი 2012: ოლიმპიური ჰიმნის ისტორია

წლის მთავარი სპორტული მოვლენის – ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. დღეს ტაბულა თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ოლიმპიური ჰიმნის შესახებ მოგითხრობთ.

ოლიმპიური ჰიმნი საგუნდო კომპოზიციაა, რომელიც თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალებზე სრულდება.

1958 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 55-ე სესიაზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში თამაშების ჰიმნი დამტკიცდა: დანიის პრინცის, აქსელის ინიციატივით, დელეგატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ჯერ კიდევ 1896 წელს, პირველ ოლიმპიადაზე შესრულებულ ჰიმნს.

ტექსტის ავტორი ბერძენი პოეტი კოსტას პალამასია, მუსიკა კი მის თანამემამულე სპირიდონ (სპიროს) სამარასს ეკუთვნის. მაშინ, XIX საუკუნის მიწურულს, მათი ნაწარმოები საუკეთესოდ კიდევ ერთმა ბერძენმა, დემეტრიუს ვიკელასმა მიიჩნია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა.

ათენში 1896 წელს გამართული თამაშები ამ ჰიმნით კი გაიხსნა, მაგრამ მომდევნო ოლიმპიადებზე ის აღარ შეასრულეს.

1932 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ამერიკელი ბრედლი კოლერის მელოდია აჟღერდა, ერთი წლის შემდეგ კი, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სოკ-მა ახალი ოლიმპიური ჰიმნის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა.

1936 წლის 30 ივლისს საუკეთესოდ აღიარეს რიხარდ შტრაუსის კომპოზიცია, თუმცა მცირე ხნის შემდეგ სოკ-მა საერთოდ გააუქმა ოლიმპიური ჰიმნი.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ყველაფერი თავიდან დაიწყო: კვლავ გამოცხადდა კონკურსი, მოისმინეს 40 ქვეყნიდან წარმოდგენილი 387 ნაწარმოები და გამარჯვებულად პოლონელი სპივაკი გამოაცხადეს. სოკ-ი პრობლემას ვერც ამჯერად გადაურჩა: სპივაკი ჰიმნის ყოველ შესრულებაში კოლოსალურ გასამრჯელოს ითხოვდა და მალე სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მერე 1958 წელიც დადგა…

ჰიმნის ორიგინალური ვერსია 2 წუთსა და 38 წამს გრძელდება. 1983 წელს შეიქმნა მოკლე, 63-წამიანი ვარიანტი.

მას შემდეგ ეს ჰიმნი ზაფხულის და ზამთრის ყველა ოლიმპიადაზე სრულდება. ოფიციალურ ვერსიად ბერძნული და ინგლისური ვარიანტებია აღიარებული, თუმცა ოთხწლეულის მთავარი სპორტული მოვლენის მდიდარ ისტორიას არაერთი საინტერესო შემთხვევაც ახსოვს:

1964 წელს ტოკიოს თამაშები იაპონურ ენაზე შესრულებული ოლიმპიური ჰიმნით დაიხურა.

1980 წელს, მოსკოვის თამაშების გახსნაზე კომპოზიცია რუსულად შესრულდა, დახურვისას კი ბერძნულად.

1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადის გახსნისას, ჰიმნის შემსრულებელმა ალფრედო კრაუსმა ტექსტის საწყისი ორი კუპლეტი კატალონიურ ენაზე შეასრულა, დანარჩენი კი ესპანურ-ფრანგულად. დახურვის ცერემონიალი ლეგენდარულმა პლასიდო დომინგომ დაამშვენა, რომელმაც ჰიმნი ესპანურად შემოგვთავაზა.

1998 წელს, იაპონიის ქალაქ ნაგანოში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მუსიკა ქალაქის ორკესტრმა დაუკრა, ტექსტი კი ბავშვთა ანსამბლმა იმღერა.

2006 წელს ტურინის ზამთრის თამაშები ჰიმნის მოკლე ვარიანტით გაიხსნა და დაიხურა.

2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჰიმნი ორივე შემთხვევაში ბერძნულ ენაზე შესრულდა.

2010 წელს „თეთრი ოლიმპიადა“ კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩატარდა. ჰიმნი ოლიმპიური მოძრაობის ერთდროულად ორ ოფიციალურ ენაზე – ინგლისური და ფრანგული – პირველად სწორედ მაშინ აჟღერდა. მეაშა ბრუგერგოსმანმა თამაშების გახსნაზე, ხოლო ბენ ჰეპნერმა დახურვისას, ტექტის პირველი ორი, მეოთხე და მეექვსე კუპლეტები ინგლისურ ენაზე შეასრულეს, დანარჩენი – ფრანგულად.

სპირიდოს სამარასის მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს დაწერილი პარტიტურა დღეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმში ინახება.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian